Accessibility links

logo-print

რას უპირისპირებს ხელისუფლება დაუმორჩილებლობის აქციას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქუჩაში გამოსული ოპოზიციის ლიდერთა მიერ დაწყებული დაუმორჩილებლობის აქცია პრეზიდენტის მხრიდან კვლავ დიალოგისკენ მოწოდების ფონზე მიმდინარეობს.

პარალელურად, არ გამოირიცხება, ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციების საპასუხოდ, პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგების მოწყობაც. შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალ რა გზებს ხედავს სახელისუფლებო ბლოკი?

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აქამდე კანონებისადმი მორჩილებით დიდად გამორჩეული არ ყოფილა, ამჯერად პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს მხოლოდ და მხოლოდ კანონების მკაცრი დაცვით გეგმავს. ის, რაც კვირას დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ მომხრეებს ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჟვანიამ, ხელისუფლების საიდუმლო გეგმად გააცნო, ორშაბათს პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეაფასა როგორც კონსტიტუციურად მოქმედების აუცილებლობა:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] "დარწმუნებული ვარ, დიალოგით, კომპრომისებით, სადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ დავძლევთ ამ კრიზისს. ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს დღეებში გამოაცხადებს არჩევნების შედეგებს. შეიკრიბება პარლამენტი - უნდა შეიკრიბოს. როგორც კი გამოცხადდება შედეგები, კონსტიტუციით ვალდებული ვარ, დავნიშნო სხდომა. და ისიც არის მითითებული, რა ვადაში უნდა შეიკრიბოს პარლამენტი."
კონსტიტუციაში, მართლაც, მითითებულია, რა ვადებში უნდა შეიკრიბოს ახალარჩეული პარლამენტი - არჩევნებიდან არაუგვიანეს 20 დღისა. ანუ, კონსტიტუციით, პარლამენტის პირველი სხდომა 20 ნოემბრამდე უნდა იყოს მოწვეული. თუმცა, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, კონსტიტუციაში არ არის ამ მოთხოვნის დეფინიცია - ნიშნავს არჩევნები არჩევნების ჩატარების დღეს თუ არჩევნების შედეგების გამოცხადების დღეს. აქამდე, როგორც წესი, პარლამენტის სხდომა არჩევნების ჩატარებიდან 20 დღის განმავლობაში ინიშნებოდა.
არის თუ არა ახლად არჩეული პარლამენტის სხდომის გამართვა გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან? - ამ კითხვაზე არმაზ ახვლედიანი, წევრი ბლოკისა "ახალი საქართველოსთვის", ამბობს:
[არმაზ ახვლედიანის ხმა] " ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთ გამოსავლად შეიძლება იყოს მიჩნეული ვინმეს მიერ, მაგრამ მე არა მგონია, რომ....იმიტომ, რომ ის ძლა, რომელიც აპროტესტებს, სულ არ აპირებს პარლამენტის სხდომაზე მისვლას. მაგაშია საქმე."
- რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ პარლამენტის მუშაობის დაწყება იმ პირობებში, როცა ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტის შედეგებს და, გამორიცხული არ არის, მათი მაგალითი ნაციონალურმა მოძრაობამაც გაიზიაროს?....
"სამწუხაროდ, საქართველოს ბოლოდროინდელ ისტორიას ახსოვს, როცა ბოიკოტისა და პროტესტის ფონზეც შეკრებილა სხდომა და მიუღია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, ახლაც ასე მოხდეს. - ეს არ იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი. ეს იქნება იძულებით გადადგმული ნაბიჯი."
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პარლამენტის სხდომას დანიშნავს და მას არ დაესწრებიან ნაციონალური მოძრაობისა და ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" სიებით არჩეული დეპუტატები, ექსპერტთა გაანგარიშებით, პარლამენტის მუშაობის დაწყებისთვის აუცილებელი ხმები პარლამენტში მაინც შეიკრიბება. სხვა საკითხია, რამდენად განიმუხტება ამით ვითარება.
XS
SM
MD
LG