Accessibility links

logo-print

როგორ მიმდინარეობს დაუმორჩილებლობის აქცია საქართველოს რეგიონებში


ოპოზიციის მიერ წამოწყებული დაუმორჩილებლობის აქციას 17 ნოემბერს მთელ საქართველოში ფრთები ისე არ გაუშლია, როგორც ამას აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ.

დაუმორჩილებლობა მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ ავტომობილების საყვირთა ერთდროულად ახმაურებასთან ერთად ზოგიერთ ქალაქში ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგი გაიმართა. როგორ მიმდინარეობდა დაუმორჩილებლობის პირველი დღე საქართველოს რეგიონებში?

დაუმორჩილებლობის ორგანიზატორთა შორის დაბნეულობა შეინიშნება, რადგან მათ ჯერ კიდევ კარგად ვერ წარმოუდგენიათ, თუ როგორ და რა ფორმით უნდა განხორციელდეს ეს აქცია. კიდევ უფრო უჭირთ ოპოზიციის რეგიონალურ ლიდერებს, რომლებიც მეტად რთული არჩევანის წინაშე დგანან, გაფიცვისკენ მოუწოდონ თითზე ჩამოსათვლელ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ მოქალაქეებს თუ საბავშვო ბაღებისა და სკოლების პარალიზება მოახდინონ.

სკოლები და ბაღები თითქმის ის ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებებია, რომლებიც რეგიონებში გამართულად მუშაობენ და მათმა გაჩერებამ შეიძლება მოსახლეობის უკურეაქცია გამოიწვიოს. რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა თანამშრომლები, საკუთარი ნებითა თუ შიშის გამო, სამსახურის მიტოვებას ერიდებიან. შევარდნაძის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილების მქონე ზუგდიდში გამოსავალი მაინც იპოვეს და სამხარეო ადმინისტრაციის პიკეტირება მოაწყვეს.

[ბეჟან გუნავას ხმა] "მე მოგიწოდებთ ყველას, თქვენს ნათესავებს, თქვენს მეგობრებს უთხარით, ხვალ სამსახურში არავინ არ წავიდეს. ვინც ხვალ სამსახურში წავა, ჩვენ მივადგებით მათ იქ და ავუხსნით, რომ მას არ აქვს უფლება დღეს იმუშაოს, ვინაიდან შიმშილობს ჩვენი სისხლი და ხორცი..."

ბურჯანაძე-დემოკრატების ზუგდიდელი ლიდერის ბეჟან გუნავას ამ მოწოდებების შემდეგ საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია იმ პირობით დაიშალა, რომ 18 ნოემბერს უფრო მასშტაბური დაუმორჩილებლობის დემონსტრირებისთვის მოემზადონ. ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის ლაშა ბერულავას ცნობით, ბურჯანაძე-დემოკრატებისა და ნაციონალების ტაქტიკას არ ეთანხმება ზუგდიდში ავტორიტეტული ოპოზიციონერი გურამ აბსანძე. იგი საპროტესტო აქციების რეგიონებიდან თბილისში გადატანის მომხრეა. ლაშა ბერულავას თქმით, დაუმორჩილებლობის მქადაგებლებს დიდად არც მოსახლეობა ეთანხმება, რაც სახელმწიფო სტრუქტურების ზეწოლის შედეგიცაა:

[ლაშა ბერულავას ხმა] "ის სკოლებიც კი, რომლებიც გაფიცული იყვნენ წინა დღეებში ხელფასის მოთხოვნით და რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიტიკასთან შეხება არ აქვთ, ის სკოლებიც კი აიძულეს, რომ ორშაბათიდან სასწავლო პროცესი განეახლებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელფასს მაინც მოითხოვენ, გაფიცვა შეწყვიტეს და ორშაბათს სკოლებში პედაგოგები გამოვიდნენ, შევიდნენ გაკვეთილებზე."

ზუგდიდის გარდა, კიდევ ერთ გამონაკლისს წარმოადგენდა ქუთაისი, სადაც არცთუ მასშტაბური აქცია გაიმართა. დაძაბული განმეორებითი არჩევნების შემდეგ დაუმორჩილებლობისთვის ვერ მოიცალა სამტრედიამ, სადაც ნაციონალურ მოძრაობას, სხვა რაიონებისაგან განსხვავებით, გაცილებით მყარი პოზიციები აქვს.

მე ფოთსაც დავუკავშირდი. საქართველოს სხვა რაიონებისგან განსხვავებით, ამ ქალაქში დაუმორჩილებლობის აქციის განხორციელება გაცილებით რეალურია, რადგან საზღვაო პორტში უამრავი ადამიანია დასაქმებული. თუმცა 17 ნოემბერს ფოთში დაუმორჩილებლობაზე, მანქანათა საყვირების გარდა, სხვა არაფერი მიანიშნებდა. ანალოგიური ვითარება იყო ბევრ სხვა რაიონში.
XS
SM
MD
LG