Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად მოსალოდნელია დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში მიმდინარე პროცესების კვალად, სულ უფრო იშვიათად ახსენებენ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას. 9 ნოემბრის უნაყოფო შეხვედრის შემდეგ ლაპარაკი

დიალოგის აუცილებლობაზე ერთხანს კიდევ გაგრძელდა; პრეზიდენტი, სახელმწიფო მინისტრსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, კანცელარიაში ორ საათს ამაოდ ელოდა ოპოზიციის ლიდერებს. ამის შემდეგ მხარეები პოლარულად საპირისპირო მიმართულებით ამოძრავდნენ: შევარდნაძე რამდენიმე დღეში ახალი პარლამენტის მოწვევაზე ლაპარაკობს, ოპოზიცია კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის წამოწყებას ცდილობს. დარჩა თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას "ველი" დიალოგისათვის?

კანცელარიაში ლოდინი პრეზიდენტს ცუდად დაამახსოვრდა: ასეთ რამეს შევარდნაძე დაჩვეული არ არის. წყენა, ჩანს, იმდენად ძლიერი იყო, რომ 17 ნოემბრის საჯარო გამოსვლისას პრეზიდენტმა ოპოზიციასთან არშემდგარ შეხვედრას ცალკე პასაჟი უძღვნა:

[შევარდნაძის ხმა] "ახლა, თუ სერიოზული ხალხი ხართ, მაშინ ამის დაშვება შეუძლებელია. თუ არა ვართ სერიოზული, მე არა ვარ სერიოზული, მაშინ დამიმტკიცე, რომ არა ვარ სერიოზული."

ასეთი გაპაექრების მიუხედავად, პრეზიდენტმა დიალოგისათვის მზადყოფნა გამოხატა და თითქოს კომპრომისის ფარგლებიც მონიშნა:

[შევარდნაძის ხმა] "დღესაც მზად ვარ: შევხვდეთ, ვისაუბროთ. კომპრომისებზეც ვიფიქროთ, მაგრამ ერთი ურყევი პირობით: კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს. კომპრომისი მხოლოდ კანონიერების ფარგლებში უნდა ეტეოდეს. მაგალითად, მე მოვუწოდებ ჩემს ოპონენტებს, გაასაჩივრონ არჩევნების შედეგი თუნდაც ყველა საარჩევნო ოლქში. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ტყუის ბლოკი, რომელმაც 20-21% აიღო, ჩვენ არ გავასაჩივრებთ უზენაესში. დაე, ეს იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ისინი მართალი არიან. მე მჯერა დღეს სასამართლოების. მათ არაერთი საკითხი განიხილეს და საკმაოდ ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღეს."

ოპოზიცია სკეპტიკურად აღიქვამს შევარდნაძის ამ სიტყვებს. ეჭვის საფუძველს იძლევა ისიც, რომ პრეზიდენტი ალაპარაკდა პუტინის, როგორც მეგობრის, შესახებ; აქებს და ემადლიერება ასლან აბაშიძეს. გარდა ამისა, საუბარი სასამართლოებში წაგებული საქმეების არგასაჩივრებაზე არის მცდელობა, ოპოზიციას მჭადის ნატეხი მიუგდონ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ადგილებზე არ ვვაჭრობთ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა.

[ბერძენიშვილის ხმა] "რომ ამბობს, გაასაჩივრონო, ბათუმისა და ქობულეთის ხმები სად გავასაჩივროთ? აჭარის უზენაესი სასამართლო არის საბოლოო ინსტანცია. ამიტომ გამოდის, რომ აჭარის ხმებს ვერ ვეხებით. ხომ სრულიად ნათელია, რომ იქ ვერავითარ სამართალს ვერ იპოვი?! ამიტომ ეს ნიშნავს, "აღორძინების" 269 ათას ხმას ნუ შეეხებითო. ცესკოს აქვს უფლება, ბათილად ცნოს უბნებიც და ოლქებიც. შევარდნაძე არ ლაპარაკობს ცესკოს ამ შესაძლებლობაზე, ის ლაპარაკობს მხოლოდ სასამართლოებზე."

დავით ბერძენიშვილის აზრით, პრეზიდენტი და ხელისუფლება რეალურად არავითარი დიალოგისთვის განწყობილი არ არის. სანამ შევარდნაძე კომპრომისზე ლაპარაკობს, სამტრედიაში მოქალაქეები პირადად იცავენ საარჩევნო უბნებს, რათა ისინი ხელისუფლების ბლოკის ხალხმა არ დაარბიოს. ჯერჯერობით შევარდნაძე არ ამჟღავნებს ადეკვატურობას შექმნილი ვითარებისადმი, ამბობს დავით ბერძენიშვილი.

რაც შეეხება დიალოგის აუცილებლობას, ამაზე პრეზიდენტ შევარდნაძეს კიდევ ერთხელ ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი. მისი აზრით, დღეს არსებული კონფლიქტი ოპოზიციასთან მხოლოდ მშვიდობიანი გზითა და დიალოგის საშუალებით უნდა მოგვარდეს. ელჩის ცნობით, სამშაბათს საქრთველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივნის ასისტენტი ლიმ პასკო.
XS
SM
MD
LG