Accessibility links

logo-print

ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ჟვანია-სააკაშვილის წინააღმდეგ ერთიანდება


ორკვირიანი ვნებათაღელვის მიუხედავად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჯერჯერობით ვერც ერთი მოთხოვნის გატანა ვერ შეძლო. მაგრამ ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე-დემოკრატების

მხარდამჭერთა აქტიურობას უშედეგოდ არ ჩაუვლია: ჟვანია-სააკაშვილის მიმართ ანტიპათიის გამო, ხელისუფლების მხარეზე აღმოჩნდნენ მასთან უკიდურესად დაპირისპირებული ძალები -ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ასლან აბაშიძის მომხრეები. ისინი და ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის წინ სამშაბათიდან გაერთიანებული მიტინგის ჩატარებას აპირებენ. საპასუხო მასობრივი გამოსვლების წინ კი მათ ერთგვარი მოთელვა 17 ნოემბერს გაიარეს.

საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე მოედანს უქმად ყოფნა არ უწერია. ნაციონალური მოძრაობისა და "ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთკვირიანი მიტინგის შემდეგ ამ სივრცის ათვისება ორშაბათიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გასახურდიას მომხრეებმა დაიწყეს, მათ კი სულ რამდენიმე წუთში "დემოკრატიული აღორძინების კავშირისა" და სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" წარმომადგენლები შეუერთდნენ. დეპუტატმა "აღორძინების კავშირიდან" ანზორ აბრალავამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა და იმ პრინციპებისადმი ერთგულება, რომელთაც დამხობილი კანონიერი ხელისუფლება მისდევდა.

[ანზორ აბრალავას ხმა] "ჩვენ გვინდა, რომ ქართული საზოგადოება წავიდეს იმ მიმართულებით, საიდანაც მიდიოდა ილია ჭავჭავაძე, საიდანაც მიდიოდა მანამდე ჩვენი ისტორიული დიდი წინაპრები... საქართველო არის ძალიან ჰუმანური, ძალიან ტოლერანტული ქვეყანა. ჩვენ პრობლემები აქ არა გვაქვს, მაგრამ ყოველგვარ ჩვენს სიკეთეს თავი უნდა მოვუყაროთ, რადგან როგორმე ქართული სახელმწიფო შედგეს და შედგეს არა გაყალბებისა და არა გამყალბებელთა პრინციპებზე. ჩვენთვის სასაცილოა, როცა ჟვანია ლაპარაკობს პრინციპებზე."[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორშაბათს ძალიან საინტერესო სურათი იყო. აქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება ქვეყნის პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით, მიტინგზე მისული ექს-პრეზიდენტის ზოგიერთი მომხრეც სკანდირებდა ნაცნობ ლოზუნგს - "ძირს ხუნტა". მაგრამ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გვერდით პარლამენტის კიბეებზე სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" წევრის, პროფესორ გურამ შარაძის გამოჩენამ მომიტინგეთა რიგებში ხმაური გამოიწვია.

[ერთ-ერთი მომიტინგის ხმა] "საქართველოსთვის ვდგავართ აქ და ყველას გვინდა, რომ საქართველოდან წავიდეს შევარდნაძე, ეს გვინდა ხომ? ზვიად გამსახურდიას მომხრეებსაც ხომ ეს უნდათ? მაშინ შარაძეს რატომ უსმენენ? მე აქ ვდგავარ,რომ ხალხმა გააგდოს შარაძე."

თუმცა გურამ შარაძეს მიტინგიდან ფეხი არ მოუცვლია. სამაგიეროდ, სულ მალე ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივის, "დემოკრატიული აღორძინების კავშირისა" და ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის ბასილ მკალავიშვილის მომხრეებს შეუერთდა კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელსაც მომიტინგეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ემზარ კვიციანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ იგი მიტინგზე კოდორის ხეობის დაკარგვის საშიშროებამ მიიყვანა, რაც სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში რეალურია.

[ემზარ კვიციანის ხმა] "მე ერთი ვიცი, რომ ყველაზე უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდება კოდორის ხეობის მოსახლეობა დესტაბილიზაციის შედეგად. ამიტომ ვარ მე აქ. ახლა ვინ რას იძახის, მე არ ვიცი, მაგრამ ვინც აქ დგას, ყველა დესტაბილიზაციის წინააღმდეგია."

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული აცხადებს, რომ სტაბილურობის მომხრეთა მიტინგს პარლამენტის შენობის წინ უამრავი ადამიანი შეუერთდება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სტაბილურობისადმი ერთგულების ნიშნად კი, როგორც კვიციანი აცხადებს, საჭიროა მათ ხელში ეჭიროთ ჯვრები, ანთებული სანთლები და ქრისტიანულ გზას ადგნენ.
XS
SM
MD
LG