Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთის მიმართ ერთიანი პოლიტიკის გატარებას ცდილობს


17 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების

შეკრებაზე ევროკომისიის წევრმა კრის პატენმა, რომელიც საგარეო ურთიერთობებს განაგებს, მინისტრებს რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდა. პატენის მოწოდებას, როგორც ჩანს ბიძგი მისცა ნოემბრის დასაწყისში ჩატარებულმა რუსეთ-ევროკავშირის სამიტმა, როცა რუსეთის პრეზიდენტს იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მასპინძლობდა. ბერლუსკონიმ აქაც ინდივიდუალიზმი გამოავლინა და ყოველგვარი დაეჭვების გარეშე გადაუხვია ევროკავშირის ერთიან პოლიტიკას რუსეთის მიმართ. რას შეიძლება მოასწავებდეს ევროკომისიის წევრის მოწოდება. როგორ ახერხებს რუსეთი 15-წევრიან დასავლეთევროპულ ბლოკთან ურთიერთობა საკუთარ ნებაზე წარმართოს?

კრის პატენისგან განსხვავებით, რომის სამიტით კმაყოფილი იყო ვლადიმირ პუტინი. გარდა იმისა, რომ ის ნასიამოვნები იყო ზოგადად სამიტით, პუტინის განსაკუთრებული კმაყოფილება მაინც იმას უნდა გამოეწვია, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მეთაური, მისი მასპინძელი სილვიო ბერლუსკონი მას ადვოკატად დაუდგა ისეთ საკითხებში, როგორიც ჩეჩნეთში არსებული ვითარება და "იუკოსის" საქმეა. რუსეთის პრეზიდენტმა დააფასა იტალიელის თავდადება და მას იქვე, რომში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ალიბიც კი გაუმზადა. კერძოდ პუტინმა სილვიო ბერლუსკონის მიერ საკუთარი თავის რუსეთის პრეზიდენტის ადვოკატად დასახელებაზე ასეთი რამ განაცხადა: "პირველად გვყავს ასეთი სოლიდური ადვოკატი. ჩვენს პარტნიორებთან ერთ-ერთი დისკუსიის დროს, როცა ჩეჩნეთის შესახებ უხერხულ შეკითხვებს გვისვამდნენ, გამოთქვამდნენ ეჭვს ჩვენი პოლიტიკის მიმართ და მთელი ევროკავშირის სახელით გვიყენებდნენ მოთხოვნებს, ერთ-ერთი ოპონენტი სწორედ იტალიის პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი გახლდათ. მაგრამ პრაქტიკამ ცხადყო, რომ ბოლო დროს სერიოზული ცვლილებები მოხდა". ერთი, რომ პუტინმა ბერლუსკონის ადვოკატობა შეუქო, მეორე კი ის, რომ ბოლოდროინდელ პრაქტიკაში ის ჩეჩნეთში რეფერენდუმისა და არჩევნების ჩატარებას გულისხმობდა. რომის სამიტის დროს ჩეჩნეთის საკითხში პუტინის "ადვოკატობისას" ბერლუსკონიმ განაცხადა:

[ბერლუსკონის ხმა]
"ჩეჩნეთში მიმდინარეობს ტერორისტული საქმიანობა, რაც რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელების საფუძველია. არასდროს ყოფილა საპასუხო ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც დაზარალებული მხარეა".

ევროკომისიამ მოგვიანებით უარყო ბერლუსკონის ეს კომენტარი და ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის ერთიან მიდგომასთან ჩეჩნეთის საკითხის მიმართ. გარდა ამისა 6 ნოემბერს ბერლუსკონიმ "იუკოსის" შესახებაც გააკეთა განცხადება, სადაც ვლადიმირ პუტინის პატიოსნების დასტურად საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. კერძოდ ბერლუსკონიმ თქვა:

[ბერლუსკონის ხმა]
"მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინს ძალიან კარგად ესმის უფლებამოსილებათა დანაწილების კონცეფცია, სადაც აღმასრულებელ შტოს სასამართლოსგან განსხვავებული უფლებამოსილება აქვს. ყველას მოგეხსენებათ, მე ყოველთვის ვიბრძოდი იტალიაში სასამართლოს პოლიტიკური მიზნებით გამოყენების წინააღმდეგ. პრეზიდენტმა პუტინმა ამიხსნა თუ რას ემყარებოდა სასამართლო, როცა "იუკოსზე" გადაწყვეტილება მიიღო და მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აქ საქმე გვაქვს სასამართლოს პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასთან".

ვლადიმირ პუტინმაც არ დააყოვნა და რომში გამართულ პრეს-კონფერენციაზე იუკოსზე საკუთარი აზრი ასე ჩამოაყალიბა:

[პუტინის ხმა]
"კორუფციისგან რუსეთში ყველაზე მეტად დასავლეთის ბიზნესი ზარალდება. რადგან სწორედ ის არის რუსეთში ყველაზე დაუცველი. მას არ ყავს საკუთარი წარმომადგენლები გავლენიან სტრუქტურებსა და სახელმწიფო მართვის უწყებებში, როგორც ჩვენს ოლიგარქებს".

ერთი სიტყვით ბერლუსკონი-პუტინის ეს შეხმატკბილება საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის და კერძოდ ევროკავშირისთვის სრულიად მიუღებელ საკითხებზე აღმოჩნდა კიდევ ერთი ხელშემწყობი იმ პროცესისა, რომლის დაწყებასაც კრის პატენი შეეცადა. პატენის წარმომადგენელი დიეგო დე ოხედა ამბობს:

[ოხედას ხმა]
"ევროკომისარმა პატენმა განმარტა, რომ მისი აზრით, რუსეთთან ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის გაცილებით სწრაფად უნდა ვითარდებოდეს როგორც რუსეთისთვის საინტერესო საკითხებში, ასევე ევროკავშირისთვის პრიორიტეტულ საკითხებში. პატენის აზრით, ევროკავშირს ალბათ უფრო მკაფიო პოლიტიკა უნდა დაესახა რუსეთის მიმართ. ჩვენ აგრეთვე უნდა ვეცადოთ რუსეთისთვისაც ნათელი გავხადოთ ჩვენი მკაფიო პოლიტიკა".

ოხედას თანამხად, ევროკომისარს საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ისიც კი განუცხადებია, რომ რუსეთი იოლად ახერხებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთმანეთთან წაკიდებასაც და ამის მაგალითად რუსეთის მოქალაქეების მიმართ ევროკავშირის სავიზო რეჟიმის მოხსნის საკითხი მოიყვანა.

ერთიანი პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით მტკივნეულ საკითხად რჩება რუსეთ-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების გავრცელება ევროკავშირის ახალ წევრებზე. არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი უარს იტყვის ევროკავშირის ახალ წევრებთან ურთიერთობა ავტომატურად პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე დაამყაროს, ანუ მაგალითად ბალტიისპირეთი რესპუბლიკებთან ურთიერთობა მომავალში იმავე იურიდიულ საფუძველზე წარმართოს, რაზეც გერმანიასა და საფრანგეთთან ურთიერთობას წარმართავს დღეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG