Accessibility links

logo-print

მთავრობას ბიუჯეტისათვის აღარ სცალია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი პოლიტიკური ინტრიგებით გართული და არჩევნების შემდგომი მღელვარებით აფორიაქებული მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, ფაქტობრივად, ვეღარ იცლის, რაც ისედაც მძიმე

მდგომარეობაში არსებულ ეკონომიკას და სოციალურ ფონს კარგს არაფერს უქადის. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების წლიური გეგმა, დღევანდელი მდგომარეობით, 69 პროცენტით არის შესრულებული.

ისედაც დეფიციტურ წლევანდელი წლის ბიუჯეტს ბოლო პერიოდში პოლიტიკურ სიბრტყეში განვითარებულმა მოვლენებმა დამატებითი სიძნელეები შეუქმნა. მოუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციები და, განსაკუთრებით, „ფისკალური ბოიკოტისადმი"ოპოზიციის მოწოდებები, მართლაც, სერიოზულ გავლენას ახდენს გადასახადების მობილიზების დონეზე, ხელისუფლების მხრიდან ყველაფრის მომიტინგეებისათვის გადაბრალება, უბრალოდ, უსამართლობა იქნებოდა.

არც წინა წლებში და არც დღეს საქართველოს ხელისუფლება ფისკალური დისციპლინით არ გამოირჩეოდა, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დამოუკიდებელი ექსპერტების მუდმივ გულისწყრომას იწვევდა. უკვე რამდენიმე წელია, მშპ-ში გადასახადების ამოღების მაჩვენებლით, საქართველოს აუტსაიდერი ქვეყნის იმიჯი აქვს დამკვიდრებული და 2 ნოემბრის შემდგომი მოვლენები მთავრობას არც ამ შემთხვევაში გამოადგება თავის გასამართლებლად.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსავლების 2003 წლის გეგმა ამ დროისათვის მხოლოდ 69 პროცენტით არის შესრულებული. დღეს უკვე დიდი გულთმისნობა არ დასჭირდება იმის პროგნოზირებას, რომ მთავრობა წლის დასრულებამდე 2 თვით ადრე გეგმის 31 პროცენტის შესრულებას ვერ შეძლებს და ისედაც გარღვეულ ბიუჯეტს, დამატებით, დავალიანებების მძიმე ტვირთი დააწვება.

ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური მღელვარებით შეეცდება თავისი უსუსურობის შენიღბვას, თუმცა მეტისმეტად გაუჭირდება იმის დამალვა, რომ 2 ნოემბრამდეც ბიუჯეტი გვარიანად იყო გარღვეული. საბიუჯეტო შემოსავლების მხრივ, განსაკუთრებული დანაკლისი გრანტებისა და უცხოური დახმარებების კუთხით იგრძნობა, რომლის გეგმაც მხოლოდ 24 პროცენტით შესრულდა. მთავრობა აქაც შეეცდება თავის მართლებას: „რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, თუ დასავლეთმა მას წინასწარ დანაპირები დახმარება შეუწყვიტა?" თუმცა ამ დახმარებებისა და სხვადასხვა პროგრამების შეჩერების მიზეზი ამ შემთხვევაშიც არა ოპოზიცია, არამედ მთავრობის უნიათობა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებული პირობების პერმანენტული დარღვევაა.

ბიუჯეტს არც პრივატიზებიდან მოსალოდნელი შემოსავლები შეავსებს საპროგნოზო თანხებით. ამჟამად ამ კუთხით წლიური გეგმის 50 პროცენტამდეა მობილიზებული და დარჩენილ თვენახევარში მეტი თანხის შემოსვლას, ფაქტობრივად, არც უნდა ველოდეთ. თუ ამას დავუმატებთ საპროტესტო აქციებით გამოწვეულ დაძაბულ სოციალურ-პოლიტიკურ ფონს და სეზონურ ფაქტორებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წლევანდელი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გარღვევა 200 მილიონ ლარს ასცდება. ეს კი, თავის მხრივ, დამატებით, იმის მომასწავებელია, რომ შეუსრულებელი დარჩება სოციალური და სხვა ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG