Accessibility links

logo-print

რა არის ხელისუფლების მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების მიზანი


2 ნოემბრის შემდეგ საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ და, რაც დრო გადის, ეს სულ უფრო რეალური ხდება. თუ საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე

დღესვე ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამომრჩეველთა ხმების დასაცავად ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, იგივე გაიმეორა ხელისუფლებამ, ოღონდ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ორიოდე დღით ადრე. 18 ნოემბერს თბილისში უამრავი ამომრჩეველი ჩამოვიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ძირითადად კი, აჭარიდან.

ხმების დაცვა სახელისუფლებო ბლოკს და მის მხარდამჭერ ძალას, "აღორძინების კავშირს", არა ნაკლებ ესაჭიროება, ვიდრე ოპოზიციას. სწორედ ამისთვის ჩამოიყვანეს აჭარიდან ათასობით მოქალაქე.

[მოქალაქეების ხმა] "ჩამოვედით იმისთვის, რომ სიწყნარე ჩამოვიტანოთ. როგორც აჭარაში, ისე ჩამოვიტანოთ სიწყნარე აქ და მოვუწოდოთ ხალხს, რომ არეულობისაკენ არ წავიდნენ.

ნალიაზე მე ვერ ავალ კიბეუყუდებელი, აქედან ჩვენ არ წავალთ თქვენზე ჩუხუტებელი." (სტილი დაცულია)

ამ კეთილგანწყობის მიუხედავად, ორი დაპირისპირებული მხარის მომხრეთა ქუჩაში გამოყვანა იმის საფრთხეს შეიცავს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გაღვივდეს. ამის შესახებ სპორტის სასახლეში შეკრებილი აჭარლები "აღორძინების კავშირისგან" შერისხულმა აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენელმა დიმა ჯაიანმა გააფრთხილა. მან 1991 წელს, პირველი სამოქალაქო დაპირისპირებისას, გია აბესაძის თვითმკვლელობის ფაქტი გაიხსენა.

[დიმა ჯაიანის ხმა] "კაცი წავიდა ჩვენგან თვითმკვლელობით ერთი რამის გამო, რომ ქართველს ქართველისთვის თვალში ჩაეხედა და ქართველი კაცი არ გახლეჩილიყო, არ ყოფილიყო - ისინი და ჩვენ."

თუმცა ამ გაფრთხილებას ხელი არ შეუშლია "აღორძინების კავშირის" ლიდერის ჯემალ გოგიტიძისთვის, ზოგიერთი ბიზნესმენის განკულაკებასა და დევნილების მიერ ქორწინების სახლის დაკავებასთან ერთად, სხვა, სამოქალაქო დაპირისპირების მაპროვოცირებელი, მოწოდებებიც გაეკეთებინა. აღორძინების ლიდერებმა თავი უფრო თამამად იგრძნეს პარლამენტის შენობის წინ, სადაც გამოსვლები, ძირითადად, ჟვანია-სააკაშვილისა და ბურჯანაძის კრიტიკას დაეთმო. ფრაგმენტი ელიზბარ ჯაველიძის გამოსვლიდან:

[ელიზბარ ჯაველიძის ხმა] "ერთად დავდგეთ, არ დავუშვათ ავანტიურისტთა გამოხტომები. მათ ერთხელ უკვე დაღვარეს სისხლი. ქართველთა სისხლში აქვთ ხელები და შუბლი მოსვრილი და ეხლა კიდევ უნდათ სისხლისღვრა გამოიწვიონ. არ გამოუვათ."

მე შევეცადე სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერისგან, ლევან მამალაძისგან, გამეგო, თუ რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ოპოზიციის საპირისპირო აქციების მოწყობა:

[ლევან მამალაძის ხმა] "ახლა ერთ კაცს უნდა, სააკაშვილს, რომ ცხვრებივით აქციოს მთელი ქართული საზოგადოება და აქეთ-იქით ატაროს თავისი სკამის გულისთვის. ეს არ უნდა დავუშვათ ჩვენ. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ, თუ რამე უნდა ამ ოპოზიციას, გვითხრან, რაც უნდათ, რაც რეალობაა. რეალობაა ის, რომ პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს და, თუ რამე თანამდებობები უნდათ, თქვან, რა უნდათ და ეგება ვთმობთ ამას, კაცო! მივცემთ."

ამ პოზიციისა და გეგმის ხორცშესასხმელად აჭარიდან ჩამოყვანილი 5 ათასამდე მოქალაქე, საქართველოს სხვა რაიონებიდან ხელისუფლების მიერ მობილიზებულ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დგომას დღეების მანძილზე აპირებს და ოპოზიციისა და საზოგადოების სხვა ნაწილისგან გამოხმაურებას ელოდება.
XS
SM
MD
LG