Accessibility links

logo-print

პირველი სერიოზული რყევა საქართველოს მთავრობაში


ედუარდ შევარდნაძის მორიგ სერიოზულ შეცდომას საქართველოს მთავრობაში პირველი რყევა მოჰყვა. ოთხაშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ საქართველოს სახელმწიფო

ტელევიზიის მძაფრ კრიტიკას სახელმწიფო ტელერადიოდეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამდებობიდან გადადგომით უპასუხა. ზაზა შენგელია მნიშვნელოვანი პოსტიდან წავიდა განცხადებით, რომ ვერ უხელმძღვანელებს ისეთ ტელევიზიას, რომელიც მოვლენების ცალმხრივად გაშუქების პრინციპით იხელმძღვანელებს. მეტყველებს თუ არა მისი ეს ნაბიჯი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ამოწურულია დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების რესურსი? ანდა უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ გემი, რომლის კაპიტანიც ედუარდ შევარდნაძეა, ჩასაძირად არის განწირული? ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

სახელმწიფო ტელევიზიისადმი ხელისუფლების და, მათ შორის, პირველ რიგში, პრეზიდენტის დამოკიდებულება ყოველთვის განისაზღვრებოდა იმ გაუგებარი პრინციპით, რომ ტელევიზია, რომელსაც სახელმწიფო ტელევიზია ჰქვია, რომელიც ბიუჯეტიდან, ანუ საქართველოს მოქალაქეების მიერ, ფინანსდება არის ხელისუფლების ტელევიზია. ამ დამოკიდებულების აფიშირება ედუარდ შევარდნაძეს ადრეც მოუხდენია, მაგრამ განცხადება, რომელიც მან 19 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების გასაგონად გააკეთა, უდავოდ, იყო გამორჩეული ადრინდელი განცხადებებისგან.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ერთი არხი ხელისუფლებაზე უნდა მუშაობდეს. თქვენ ხართ პრაქტიკულად სამთავრობო არხი. კეთილი ინებეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ეს სახელმწიფოს ინტერესებშია, ჩემს ინტერესებში კი არა. თუ გგონიათ, ვერ ვხვდები, ვის როგორ დააჯენთ, ვინ უკეთეს მდგომარეობაშია და ვინ უარესში."

ედუარდ შევარდნაძემ პრაქტიკულად მოითხოვა ჩარევა სახელმწიფო ტელევიზიის ყოველდღიურ მუშაობაში. მინიშნება "თუ გგონიათ, ვერ ვხვდები, ვის როგორ დააჯენთ, ვინ უკეთეს მდგომარეობაშია და ვინ უარესში" პირდაპირ ამაზე მეტყველებდა და ნამდვილად იყო საბაბი იმისთვის, რომ სახელმწიფო ტელევიზიის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს ნათქვამზე მკვეთრი რეაქცია მოეხდინა. ხელისუფლებისთვის რთულ მომენტში, მით უფრო, მაშინ, როცა საუბარია დემოკრატიული კურსიდან ხელისუფლების აშკარა გადახვევაზე, სახელმწიფო ტელერადიოდეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა აღიქმება სერიოზულ სიგნალად, პირველ სერიოზულ რყევად საქართველოს მთავრობაში და ამაზე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს სხვადასხვა შეხედულება აქვს. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ედუარდ შევარდნაძის მიერ სახელმწიფო ტელევიზიის მუშაობის გაკრიტიკება, მისგან ხელისუფლების უფრო მეტი მხარდაჭერის მოთხოვნა არ ყოფილა ყველაზე მეტყველი მაგალითი იმისა, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიის კურსს გადაუხვია. " ეს რომ ასეა, ცალსახაა. ახლა მთავრობაში დაწყებულია კოსმეტიკური ცვლილებების პროცესი. მიდის ბრძოლა ამ მთავრობის, თითქოსდა, კეთილ და ბოროტ ძალებს შორის. ზაზა შენგელიას თანამდებობიდან გადადგომაც ამ პროცესებმა მოიტანა, თუმცა გააჩნია, რა მიმართულებებს და შევარდნაძის რა კურსს გამოკვეთს ყველაფერი",- ამბობს ზვიად ქორიძე.

[ზვიად ქორიძის ხმა] " შეიცვლება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი ან უშიშროების მინისტრი უფრო დემოკრატიული ან უფრო რეაქციული მინისტრით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეტალები. მიდის კოსმეტიკური ცვლილებები და ამ ჩემს შეხედულებას უფრო გაამყარებს ან დაამსხვრევს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელსაც ის ძალიან მალე მიიღებს. გააჩნია, ვინ გახდება სახელმწიფო ტელერადიოდეპარტამენტის ახალი შეფი."

ვინ გახდება სახელმწიფო ტელერადიოდეპარტამენტის ახალი შეფი, მართლაც, საინტერესოა. კანცელარიის კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ზაზა შენგელიას შემცვლელად სახელმწიფო ტელევიზიის კომუნისტური ეპოქის ხელმძღვანელის ნუგზარ ფოფხაძის კანდიდატურაც განიხილება.
XS
SM
MD
LG