Accessibility links

logo-print

საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარე ზაზა შენგელია თანამდებობიდან გადადგა


საქართველოს სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაზა შენგელია, სახელმწიფო ტელევიზიის მუშაობის გამო, ადრეც არარერთხელ გამხდარა პრეზიდენტისა

და მისი გარემოცვის კრიტიკის საგანი. თუმცა ვითარება გაცილებით დაიძაბა წინასაარჩევნო პერიოდში და განსაკუთრებით 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ტელევიზია სამთავრობო ბლოკის პოლიტიკურ კურსს აშკარად ერთგულებდა, ხელისუფლებისთვის თითო-ოროლა ალტერნატიული მოსაზრებაც მიუღებელი აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით ზაზა შენგელიამ შენიშნა, რომ პრეზიდენტსა და მის რეაქციულ გარემოცვას სახელმწიფო ტელევიზიის ცნება მისგან განსხვავებულად ესმით.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფო ტელევიზია რეფორმირების პროცესში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ეს პროცესი ტელევიზიის თანამშრომელთა დიდი ნაწილისათვის მტკივნეულად და, გარკვეულწილად, უსამართლოდ მიმდინარეობდა, თავად პროცესი პოზიტიურია და იგი სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად ტრანსფორმირებას გულისხმობს. რაც მთავარია, ტელერადიოდეპარტამენტში მთელი ამ დროის მანძილზე, ხელისუფლების წნეხის მიუხედავად, არსებობდა იმის ილუზია, რომ სახელმწიფო ტელევიზია მხოლოდ პრეზიდენტისა და მთავრობის რუპორი არ არის. ზაზა შენგელიასთვის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომა სხვაგვარი დასკვნისა და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა. იგი გადადგა იმ რწმენით, რომ სიტყვისა და აზრის თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს, რომ ტელევიზია, რომელსაც რიგითი ადამიანები გადასახადებით აფინანსებენ, არ შეიძლება მხოლოდ მთავრობის მიერ იყოს მონოპოლიზებული.

[ზაზა შენგელიას ხმა] "მე, ზაზა შენგელია, ვერ დავუშვებ იმას, რომ ვუხელმძღვანელო ისეთ ტელევიზიას, სადაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია. ეს ყველანაირად ეწინააღმდეგება ჩემი, როგორც პროფესიონალის, პრინციპებს."

ზაზა შენგელიას, როგორც პროფესიონალის, გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად აფასებენ მისი აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები. მისი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ზაზა შენგელიას თავისი ხელმძღვანელობის პერიოდში ისეთი ღირებული არაფერი შეუქმნია, რომ თანამდებობა გმირივით დატოვოს. უფრო მეტი კი ჟურნალისტ დოდო შონავასავით ფიქრობს.
[დოდო შონავას ხმა] "რაც შეეხება ზაზა შენგელიას, ეს მისი გადასაწყვეტი არის, თუმცა მე მიაჩნია, რომ უნდა დარჩეს და იმოქმედოს იმ პრინციპებით, რაც მას მიაჩნია სწორად." (სტილი დაცულია)

სახტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, კანონით, პრეზიდენტი ნიშნავს. არსებობს მოსაზრება, რომ ზაზა შენგელიას მკვეთრი ნაბიჯი ასევე პრეზიდენტის ნაკარნახევი იყო. რატომ? ამ კითხვაზე დეპუტატ გიგი წერეთელს რადიკალური მოსაზრება აქვს. იგი ფიქრობს, რომ შევარდნაძისა და მისი ხელისუფლების რეაქციული უკანსვლა განსაკუთრებული აგრესიით ხასიათდება.
[გიგი წერეთლის ხმა] "სიამოვნებით მიაყენებენ დღეს კედელთან თითოეულ ჩვენგანს და დახვრეტენ. ამას ვაცხადებ მე, გიგი წერეთელი, ძალიან ზომიერი იმიჯის, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსი. აღარა ვარ ზომიერი."


[კოკა ყანდიაშვილის ხმა] "მგონი, ნელ-ნელა უკვე იქითკენ მივდივართ, რომ საერთოდ შეუძლებელი იქნება ალტერნატიული აზრის ქონა. იმიტომ რომ აქ იყო 5 პროცენტი ალტერნატიული აზრი და ამის გამო ეს ტელევიზია არის ესე. რა ვიცი, აბა!?"(სტილი დაცულია)


ეს უკანასკნელი ფრაზა სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის გადაცემის"რა ხდებას" ავტორსა და წამყვანს კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის. პრეზიდენტის რისხვა, დიდწილად, სწორედ მისი გადაცემითაა პროვოცირებული: თავისუფალი აზრის ხუთპროცენტიანი ალტერნატივა თუ სამთავრობო არხი? არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში არსებული სამოქალაქო უთანხმოება სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა პროტესტმა კიდევ უფრო დაძაბოს.
XS
SM
MD
LG