Accessibility links

logo-print

როდის გამოაქვეყნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საარჩევნო კოდექსით, 20 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე, იწურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების ვადა. თუმცა, გავრცელებული ცნობებით,

გამორიცხული არ არის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სხვადასხვა სასამართლოში მიმდინარე პროცესების მომიზეზებით, რამდენიმე დღით გადადოს ამ მოთხოვნის შესრულება. რა შეიძლება მოჰყვეს კანონის იგნორირებას?

კანონის მოთხოვნა ცალსახაა: ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, არჩევნებიდან 18 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს არჩევნების ოფიციალური შედეგები. მეტიც - არჩევნებიდან ოცი დღის მანძილზე სავალდებულოა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების აუცილებლობაზე განცხადებას აკეთებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. გავრცელებული ცნობებით, ამის თობაზე განაცხადა ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადამ ერლიმ. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამს - არჩევნებიდან რამდენიმე დღეში სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთი დღით ტაიმ-აუტი აიღო და შეწყვიტა ხმების დათვლის პროცედურა.
და მაინც, რა შეიძლება მოხდეს, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაწესებულ ვადებში ვერ ჩაეტევა და არჩევნების შედეგების გამოცხადებას რამდენიმე დღით გადადებს? საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორის, ვახტანგ ხმალაძის, განმარტებით, კანონი ამისთვის რაიმე სასჯელს არ ითვალისწინებს:
[ ვახტანგ ხმალაძის ხმა] " სასჯელი ამის თაობაზე არსად განსაზღვრული არ არის. ეს, დაახლოებით, ისეთივე კითხვაა, როგორც - პარლამენტმა კანონი რომ არ მიიღოს, რა მოუვა პარლამენტს."
სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის თავმჯდომარის ალექსანდრე რონდელის აზრით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან დაწესებული ვადის გადავადება კიდევ უფრო დაამძიმებს დასავლეთის თვალში 2 ნოემბერს საქართველოში გამართული არჩევნების შედეგს:
[ ალექსანდრე რონდელის ხმა]" მე მგონი, აშშ-ის რეაქცია უკვე ნათელია - ამ არჩევნების მიმართ იყო უარყოფითი დამოკიდებულება და არის უარყოფითი. მეტსაც ვიტყვი - მათი მხრიდან გულუბრყვილობა იყო იმის მოლოდინი, რომ ეს არჩევნები ჩატარდებოდა კარგად ამ ქვეყანაში. პოლიტიკური კულტურა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ხელისუფლება არ არის იმ დონეზე, რომ აქ ჩატარებულიყო ნორმალური არჩევნები."
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას აპროტესტებს ლეიბორისტული პარტიაც, რომლის ერთ-ერთი ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას, განცხადებით, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგს უკანონოდ დააჯამებს, ლეიბორისტული პარტია ახლად არჩეული პარლამენტის მუშაობის პარალიზებას მოახდენს.
XS
SM
MD
LG