Accessibility links

logo-print

შესაძლო კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე


ბოლო დღეებში ქართული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება: ვაჟა ლორთქიფანიძის, ნიკო ლეკიშვილისა და ჯემალ გოგიტიძის.

ამ ჩამონათვალში საკმაოდ კარგად გამოსჭვივის, თუ რა პროცესი მიმდინარეობს ხელისუფლების დახურულ კაბინეტებში.

იმის მიუხედავად, რომ პრესით გავრცელებული კულუარული ამბები ხან შეესაბამება რეალობას და ხან - არა, ამჯერად, როგორც ჩანს, საქმე კარგად ინფორმირებულ წყაროსთან გვაქვს. ზემოთ დასახელებული სამი გვარი სწორედ რომ ზედმიწევნით შეესაბამება ამჟამინდელ პოლიტიკურ კონტექსტს. ერთ-ერთ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ პოლიტიკური სპექტრი ოთხ არსებით ნაწილად არის დაყოფილი: ერთი მხრივ, სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია; მეორე მხრივ - სახელისუფლო ბლოკის ლიდერები; მესამე მხრივ - ასლან აბაშიძე და მეოთხე მხრივ - საკუთრივ, ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პრეზიდენტის ინტერესები არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს არ თანხვდება და განისაზღვრება 2005 წლამდე პოსტის შენარჩუნების სურვილით. დანარჩენი სამი ჯგუფის ინტერესებიც ერთმანეთს უპირისპირდება და განისაზღვრება საპრეზიდენტო არჩევნების სწრაფად მოგების სურვილით.

დღევანდელი მდგომარეობით, ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ყველაზე მყარი პოზიცია ნინო ბურჯანაძეს აქვს, რადგან თუ პრეზიდენტი გადადგება, მის მოვალეობებს, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს. სწორედ მას დაევალება, დანიშნოს და მოამზადოს ახალი არჩევნები.

მაგრამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ოპოზიცია 2 ნოემბერს დამარცხდა. შესაბამისად, ის მხარე, რომელიც, ოფიციალური შედეგების მიხედვით, მოგებულია, ცდილობს, ბურჯანაძეს მის ხელთ არსებული ბერკეტი გამოაცალოს. ამიტომაც ისმის მოწოდებები ახალი პარლამენტის სასწრაფოდ შეკრების შესახებ.

იმის შემდეგ, რაც ოპოზიციის მეამბოხე ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა ჩატარებულ არჩევნებს, საპარლამენტო ბრძოლის ველზე დარჩა სამი მხარე: ედუარდ შევარდნაძე, მისი გარემოცვა და ასლან აბაშიძე. ამიტომაც გაჩნდა სამი რეალური კანდიდატი: ვაჟა ლორთქიფანიძე - სახელისუფლო ბლოკიდან, ჯემალ გოგიტიძე - ასლან აბაშიძის პარტიიდან და ნიკო ლეკიშვილი - რომელიც, ალბათ, პირადად პრეზიდენტის კანდიდატურაა.

ვის შეიძლება დარჩეს გამარჯვება? ცხადია, იმას, ვინც 118 ხმას მოაგროვებს. ვაჟა ლორთქიფანიძეს მხარს სახელისუფლო ბლოკი დაუჭერს; ჯემალ გოგიტიძეს ხმას მისცემს აღორძინების კავშირი. მაგრამ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს უმრავლესობა არ ეყოლებათ, ხოლო თავმჯდომარის პოსტის ნებაყოფლობით დათმობას არც სახელისუფლო ბლოკი ისურვებს და არც აღორძინება. ის მხარე, რომელიც ნებით დათმობს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას და მხარს სხვა ჯგუფის წარმომადგენელს დაუჭერს, ფაქტობრივად, ნებით თმობს პრეზიდენტის სავარძელსაც; რადგან თუკი ედუარდ შევარდნაძე პოსტს ვადის ამოწურვამდე დატოვებს, ქვეყნის პირველი პირი პარლამენტის თავმჯდომარე ხდება. ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რომ აღორძინების კავშირმა მხარი ვაჟა ლორთქიფანიძეს დაუჭიროს, ან სახელისუფლო ბლოკმა მისცეს ხმა ჯემალ გოგიტიძეს. აი, სწორედ ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაში შეიძენს საგანგებო მნიშვნელობას ნიკო ლეკიშვილის ფიგურა. მას, დანარჩენ ორ კანდიდატთან შედარებით, მხარს სამი ძლიერი არგუმენტი გაუმაგრებს: ლეკიშვილი შედარებით ნეიტრალური პოლიტიკოსია; თანაც, მარტოკაცია, საკუთარი პარტია არ გააჩნია; და, შესაძლოა, ეს გადამწყვეტი ფაქტორიც აღმოჩნდეს - მას სამივე პოლიტიკურ ჯგუფთან მიესვლება სასაუბროდ. მაგრამ ვინ მისცემს ხმას ნიკო ლეკიშვილს, ვინ დაუდგება გვერდით? პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ასეთი ადამიანი ყველაზე მეტად ედუარდ შევარდნაძეს სჭირდება: ნეიტრალური, მარტოკაცი და ერთგული. ამიტომ იმ ვითარებაში, როდესაც სააკაშვილი-ბურჯანაძე-ჟვანიას ჯგუფი პარლამენტში არ შევა; იმ ვითარებაში, როდესაც ვერც სახელისუფლო ბლოკი და ვერც აჭარის დეპუტაცია 118 ხმას ვერ მოაგროვებს, შესაძლოა, პრეზიდენტის უშუალო მხარდაჭერით, პარლამენტის თავმჯდომარე სწორედ ნიკო ლეკიშვილი გახდეს. ოღონდ, თუ პროცესი ამგვარად წარიმართა, დადასტურდება, რომ შევარდნაძე, აბაშიძე და სახელისუფლო ბლოკი ერთმანეთს მოკავშირეებად კი არა, დაპირისპირებულ მხარეებად აღიქვამენ.
XS
SM
MD
LG