Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაილაშქრა "აღორძინებამ" შევარდნაძის ფავორიტი ოლიგარქის წინააღმდეგ


საქართველოს პრეზიდენტისა და კონსტიტუციური წყობის დასაცავად "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" ინიციატივით თბილისში დაწყებული მშვიდობიანი მანიფესტაციის მეორე დღეს

პარლამენტის წინ შეკრებილ ასლან აბაშიძის მომხრეებს სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები ნელ-ნელა შემოეცალნენ. ჯერ კიდევ გუშინდელ მოკავშირეთა ასეთი მოულოდნელი დაშორიშორება ორი გარემოებით შეიძლება აიხსნას: "აღორძინების" მიტინგზე, ძირითადად, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ლიდერის, ასლან აბაშიძის, საქმეთა ქება-დიდება ისმის. გარდა ამისა, შთამბეჭდავად გამოიყურება გასაკიცხ და ქვეყნის დამანგრეველ პერსონათა ნუსხა, რომელშიც ბოლო დროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაახლოებული ყოვლისშემძლე ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილიც აღმოჩნდა შეტანილი.



ცნობილი რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის კომპანიონი და მეგობარი ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში სამი წელია, რაც მოღვაწეობს. მიუხედავად იმისა, რომ მასზე რუსეთის გენერალურ პროკურატურას ფედერალური ძებნა აქვს გამოცხადებული, საქართველოში ბიზნესმენის საქმიანი რეპუტაცია არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ბადრი პატარკაციშვილი პირადი სახსრებიდან აფინანსებს საქველმოქმედო პროექტებს სხვადასხვა სფეროში, არის მედია-მაგნატი, კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს პოლიტიკურ წრეებთან და პირადად ედუარდ შევარდნაძესთან. ერთადერთი პოლიტიკოსი, ვისთან მისასვლელი გზებიც ბადრი პატარკაციშვილმა ვერ იპოვა, ასლან აბაშიძეა. თუმცა ოლიგარქის მოღვაწეობით გამოწვეულ საერთო აღტაცებაში "აღორძინების" წარმომადგენლებს აქამდე არავითარი დისონანსი არ შეუტანიათ. ბათუმის ორბიტიდან მეხის ხმა მხოლოდ ოთხშაბათს გაისმა. "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯემალ გოგიტიძემ, ცნობილ ოლიგარქს საჯაროდ ბრალი დასდო თბილისის ცირკის შენობისა და ქორწინების სახლის მიტაცებაში და პატარკაციშვილის რუსეთში ექსტრადიცია მოითხოვა. როგორც "აღორძინების"თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ჩვენთან საუბარში განმარტა, ასეთი მიდგომა სრულიად ადეკვატური რეაქციაა და იგი ოპოზიციის ლიდერებთან ბადრი პატარკაციშვილის კავშირებით არის გამოწვეული.

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] "იყო ინფორმაცია, თითქოს ფინანსები, გარკვეული სახით, "ნაციონალებისაკენ"წავიდა. არის კიდევ დაკავშირებული იმასთან, რომ, გარდა იმისა, რომ ბადრი პატარკაციშვილი ბიზნესმენია, იგი აქტიურად არის ჩარეული პოლიტიკურ თამაშებში." (სტილი დაცულია)

თავად ცნობილი ბიზნესმენი "საქართველოს დემოკრატიული აღორძინების" კავშირის წარმომადგენელთა ასეთ ბრალდებაზე საჯარო კომენტარს არ აკეთებს. ბადრი პატარკაციშვილის პრეს-მდივანმა გუგა კვიტაშვილმა რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რომ ჯემალ გოგიტიძის განცხადება მიზანმიმართული პროვოკაციაა და ამ დაპირისპირებაში არც რუსეთის გავლენა გამორიცხა.

[გუგა კვიტაშვილის ხმა] "თუ თითონ რუსეთის მხარეს ექნებოდა იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რასაც პუტინი მხოლოდ საპიაროდ იყენებს, - მე მხედველობაში მაქვს ოლიგარქებზე თავდასხმა, - ამ ფაქტებს რუსეთი არ გამოიყენებდა? რასაკვირველია, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც ჩვენთვის ჯერ უცნობია, თუ რა მიზანს ემსახურება."(სტილი დაცულია)

ნიშანდობლივია, რომ ყოვლისშემძლე ოლიგარქის კრიტიკა ხელისუფლების მხარდამჭერთა იმ მიტინგზე გაისმა, სადაც მრავლად იყო წარმოდგენილი ბადრი პატარკაციშვილისგან დავალებული ინტელიგენცია და პოლიტიკური ელიტა. ქართველი ოლიგარქის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებზე ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ათი დღის წინ ქართული ეკონომიკის განვითარებისა და ნაყოფიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ბადრი პატარკაციშვილს სპეციალური ჯილდო გადასცა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG