Accessibility links

logo-print

ირანში ყველას არ ახარებს ნობელის პრემიის ისტორიაში პირველი ირანელის დაჯილდოვება


ბოლო ერთი თვის მანძილზე რადიო თავისუფლების გადაცემებში არაერთხელ გვიხსენებია შირინ ებადი

- ირანელი იურისტი ქალი, რომლის სახელი უცხოეთში ბევრისათვის არ იყო ცნობილი ამა წლის 10 ოქტომბერს ნორვეგიაში შემდეგი განცხადების გაკეთებამდე: [ოლე დანბოლდ მოიესის ხმა] "ნობელის ნორვეგიის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2003 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიენიჭება შირინ ებადის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისათვის". ნობელის ნორვეგიის კომიტეტის თავმჯდომარე ოლე დანბოლდ მოიესის ამ განცხადებამ ბევრი გააოცა. შეიძლება გახსოვდეთ, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელ ფავორიტებად მთელს მსოფლიოში ცნობილი პიროვნებები: რომის პაპი იოანე პავლე მეორე და ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი იყვნენ მიჩნეული. მაგრამ ამის შესახებ უკვე არაერთხელ ითქვა. დღეს კი გვინდა, თქვენი ყურადღება შირინ ებადის მივაპყროთ.

ვიდრე მასზე გიამბობთ, მოისმინეთ, როგორ დაასაბუთა ნობელის ნორვეგიის კომიტეტმა თავისი არჩევანი: [ოლე დანბოლდ მოიესი] "მისი საქმიანობის მთავარი სფეროა ქალთა და ბავშვთა უფლებებისათვის ბრძოლა. მისი, როგორც ვექილის, მოსამართლის, ლექტორის, მწერლისა და აქტივისტის თამამი განცხადებები ხმამაღალა გაისმის მის სამშობლოსა (ირანსა), თუ უცხოეთში. ის გამოირჩევა, როგორც ჭეშმარიტი პროფესიონალი, მამაცი ადამიანი. შირინ ებადი არასოდეს დამალვია საფრთხეს, რომლითაც მას ხშირად დამუქრებიან".

რამდენად აქტუალურია საფრთხე, რომელიც ნობელის ნორვეგიის კომიტეტის თავმჯდომრის სიტყვებით, შირინ ებადის ემუქრება, ამ განცხადებიდან სამიოდე კვირაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ. ახლა კი რამდენიმე ფაქტი ებადის ბიოგრაფიიდან: დღეს 56 წლის იურისტი ირანში ერთ-ერთი პირველი მოსამართლე ქალი იყო, მაგრამ 1979 წელს ისლამური რევოლუციის შემდეგ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის მკვეთრად შეზღუდვამ ისიც აიძულა, გადამდგარიყო. შირინ ებადის აქვს ვექილად მუშაობის უფლება და, გარდა ამისა, თეირანის უნივერსიტეტში ასწავლის. მის სახელს უკავშირდება გახმაურებული სასამართლო პროცესები - მათ შორის პროცესები, რომლებიც მოჰყვა ირანში მმართველი რეჟიმის მოწინააღმდეგე რამდენიმე საზოგადო მოღვაწის მკვლელობას 1999-2000 წლებში. ებადის წვლილი მიუძღვის აგრეთვე იმ ადამიანების მიკვლევაში, ვინც 1999 წელს თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტებზე თავდასხმები მოაწყო. ამის გამო ვექილი ქალი დააპატიმრებს კიდეც...

იძლევა თუ არა მისთვის ნობელის პრემიის მინიჭება, ანუ უდიდესი საერთაშორისო აღიარების გამოხატვა იმედს, რომ ირანის მმართველი რეჟიმი იგრძნობს ვალდებულებას, მეტი პატივისცემით მოეკიდოს ადამიანის უფლებებს? ამ საკითხზე ჩვენი რადიოს სპარსული რედაქციის თანამშრომელი, ჯასმშიდ ზანდი შემდეგ ვარაუდს გამოთქვამს: [ჯასმშიდ ზანდის ხმა] "მომავალში გავლენა განსაკუთრებით ქალთა უფლებებისადმი დამოკიდებულებაშია მოსალოდნელი. ირანს ეყოლება წარმომადგენელი, რომელსაც მთელს მსოფლიოში პატივისცემით ეპყრობიან. ეს შირინ ებადის გაუადვილებს თავისი ნაშრომების გამოქვეყნებას და ირანში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხზე ყურადღების გამახვილებას".

შირინ ებადის დაჯილდოვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გამოც, რომ მანამდე ირანის ისტორიაში არავის მოუპოვებია ნობელის პრემია: [ჯასმშიდ ზანდის ხმა] "ირანელს პირველად მიანიჭეს ნობელის პრემია. ხოლო ისეთ ისლამურ საზოგადოებაში, როგორიც ირანია, პრემიით ქალის დაჯილდოვება ბევრს ნიშნავს მთელი მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი ქალებისათვის".

რას ნიშნავს ნობელის პრემიის მოპოვება თვით შირინ ებადისათვის, მისივე სიტყვებიდან ჩანს [ებადის ხმა] "ნობელის პრემიის მინიჭებას მუსლიმანი ქალისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს: ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ისლამი არ არის ტერორიზმის რელიგია, რომ ისლამი არ არის სიცოცხლის მოსპობის რელიგია". ეს სიტყვები შირინ ებადიმ თეირანში წარმოთქვა, როცა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდა. მანამდე ის პარიზში იმყოფებოდა ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. თეირანის აეროპორტში შირინ ებადის ბევრი თანამემამულე დახვდა: [ებადის ხმა] "დიდი მადლობა აქ მოსვლით გამოჩენილი სიმამაცისათვის. ეს ჯილდო მარტო მე კი არა, მთელს ირანელ ხალხს ეკუთვნის!"

მაგრამ ებადის სამშობლოში ჩასვლიდან სულ მალე გამოჩნდა, რომ ირანში ყველას, რბილად რომ ვთქვათ, არ ახარებს ნობელის პრემიით მისი დაჯილდოვება. რად ღირს თუნდაც კონსერვატიული ძალების ერთ-ერთი წარმომადგენლის, ასადოლაჰ ბადამჩიანის სიტყვები "როცა პრემია კოლონიალიზმისა და დეკადენტური სამყაროს ინტერესებს ემსახურება, ის სამარცხვინო დაღიაო"...

ეს განცხადება, ალბათ არავის უნდა გაუკვირდეს ქვეყანაში, სადაც სამარცხვინოდ... ხელის ჩამორთმევაც კი შეიძლება ჩაითვალოს! ასე მოხდა ებადის ირანში დაბრუნების შემდეგ: მის და თეირანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მამაკაცის შეხვედრას (მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს) სკანდალი მოჰყვა, რახან ირანში მოქმედი ისლამური კანონი კრძალავს ქალისა და მამაკაცის ფიზიკურ კონტაქტს - თქვენ წარმოიდგინეთ, ხელის ჩამორთმევასაც კი, თუ ისინი ნათესავები არ არიან...

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი სასწავლებლიდან დაითხოვეს და არავინ იცის, კიდევ რა მოხდებოდა, საქმეში მაღალი რანგის სასულიერო პირი - რეფორმების მომხრე აიათოლა ჰოსეინ ალი მონთაზერი რომ არ ჩარეულიყო. [მოჰამად ალი დადხაჰის ხმა] "აიათოლა მონთაზერიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება (როცა ხელის ჩამორთმევა გარკვეულ ვითარებაში ხდება). ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ცვლილება შარიათის კანონებში", უთხრა ჩვენს კორესპონდენტ აზამ გორგინს ირანელმა ვექილმა მოჰამად ალი დადხაჰმა, რომელიც შირინ ებადის ორგანიზაციაში "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში" მუშაობს.

დადხაჰმა იმის შესახებაც ისაუბრა, რომ შირინ ებადის ნობელის პრემიის მოპოვების შემდეგ ემუქრებიან. მას დღეში ორჯერ მაინც მისდის ანონიმური წერილები დაახლოებით ასეთი შინაარსით: "არ გაგახარებთ შენი ახალი პრემიითო". საქმე იქამდე მივიდა, რომ ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ებადის დაცვა დაუნიშნა და მისთვის ავტომანქანაც კი გამოჰყო, რაც, ალბათ, კარგ ნიშნად უნდა ჩაითვალოს.

თუმცა, გაუმჯობესდება თუ არა ვითარება ირანში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მას შემდეგ, რაც ნობელის პრემიის კომიტეტმა შირინ ებადი დააჯილდოვა - ძნელი სათქმელია. ასე ფიქრობს ირანელი მწერალი და დისიდენტი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი მეჰრანგიზ კარი: [მეჰრანგიზ კარის ხმა] "ოპტიმისტურადა ვარ განწყობილი. მაგრამ ებადის მოწინაღამდეგეებიცა ჰყავს. ეს ბუნებრივიცაა. ირანში კონსერვატიული და რეფორმისტულ ძალებს შორის დაპირისპირებაც რომ არ იყოს, მას მაინც ეყოლებოდა მოწინააღმდეგეები. იცით, ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით ირანის ზოგ რეგიონში, იმასთან შეგუება, რომ ასეთი მასშტაბური ცვლილების ცენტრში ქალი დგას".
XS
SM
MD
LG