Accessibility links

logo-print

ტრანსპორტის პროკურატურამ სამტრედიის აქციის ორგანიზატორები დაკითხა


19 ნოემბერს საქართველოს ტრანსპორტის პროკურატურაში დაბარებული გურამ აბსანძე, ნოდარ ნათაძე და ნემო ბურჭულაძე რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენებას იძლეოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით,

მათ მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით არის აღძრული, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აბსანძეს, ნათაძესა და ბურჭულაძეს ბრალად ედებათ სამტრედიის რაიონში 27 ოქტომბერს მოწყობილი აქციის ორგანიზება, რასაც რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა მოჰყვა. კონკრეტულად რას და რატომ ედავებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებს?


"ეროვნული თანხმობის" ლიდერი გურამ აბსანძე სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების პიკეტირების ფაქტს ხელისუფლების მიერ პროვოცირებულს უწოდებს. მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაული ხელისუფლებამ ჩაიდინა, როცა აქციის მონაწილეებს ჩოხატაურის გზა გადაუკეტა. აბსანძის მტკიცებით, მას პროვოკაცია მოუწყვეს.

[გურამ აბსანძის ხმა] "ეს არის პროვოკაცია და პოლიტიკური პროცესი იქნება, თუ შედგა, მაგრამ არა მგონია, რომ მათ აწყობდეთ." (სტილი დაცულია)

პროვოკაციაზე საუბრობს მეორე ბრალდებული, "სახალხო ფრონტის" ლიდერი ნოდარ ნათაძეც.
[ნოდარ ნათაძის ხმა] "ჯერ ერთი, ვერ ამტკიცებენ იმას, რომ რკინიგზა გადაიკეტა. არ გადაკეტილა - ეს ერთი. მერე, მეორე - ვერ ამტკიცებენ, რომ მე იქ მონაწილე ვიყავი. მესამე - ვერ ამტკიცებენ, რომ მე იქ ორგანიზატორი ვარ. უნდათ სახელი გამიტეხონ ამ სულელური აქციით და უნდათ, რომ მაწვალონ ამ სიტუაციაში, როდესაც ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის მათი ხრიკების ამოცნობა." (სტილი დაცულია)

იმის დასაზუსტებლად, შეფერხდა თუ არა 27 ოქტომბერს სამტრედიაში რკინიგზაზე ტრანსპორტის მიმოსვლა, რკინიგზის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსს ლალი ეგაძეს დავუკავშირდი. ჩემთან საუბარში მან განაცხადა:

[ლალი ეგაძის ხმა] "საქართველოს რკინიგზის მატერიალურმა ზარალმა მატარებლების დაყოვნებით შეადგინა 131 ათას 246 ლარი. საქართველოს რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობის ხანგრძლივმა შეფერხებამ შეაფერხა ტვირთბრუნვა მეზობელი აზერბაიჯანის რკინიგზაზე, საიდანაც აქციის გამო ვერ მოხერხდა მატარებლების დროული მიღება და გამოტარება." (სტილი დაცულია)

ცხადია, იმას, თუ რომელი მხარეა მართალი, სასამართლო დაადგენს, მანამდე კი ერთი რამის თქმა შეიძლება:

[ნანა ფრიდონაშვილის ხმა] "ახლა ნემო ბურჭულაძე არის დაკითხვაზე და მერე ჩამოვყალიბდები გამომძიებელთან ერთად… ერთი ვიცი, რომ ბრალდებულის სახით დაიკითხნენ ესენი ყველანი, ხოლო რა მუხლით არის აღძრული საქმე, ამას ერთ საათში გეტყვით."(სტილი დაცულია)

ტრანსპორტის პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა ფრიდონაშვილმა მოგვიანებით ჩემთან საუბარში დააზუსტა, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ნიშნებით არის აღძრული, რაც თავისუფლების რვა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, როგორც ჩემი რესპონდენტების კომენტარებიდან ირკვევა, მათ დიდად არ ეშინიათ მოსალოდნელი სასჯელის.

[გურამ აბსანძის ხმა] "არა მგონია, ეს გაბედონ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს, ჩვენს მეტი არავინ დარჩა დასაპატიმრებელი? საქართველოში მარტო ჩვენ გვიჭერენ და გვიშვებენ, როცა უნდათ?"

[ნოდარ ნათაძის ხმა] "არ მეშინია იმიტომ, რომ სტრასბურგი არსებობს, თორემ შემეშინდებოდა, მართალი გითხრათ. რომ არ იყოს ის სასამართლო, ეგენი რაღაცას შეთითხნიდნენ."(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG