Accessibility links

logo-print

საშემოდგომო გამოფენა "გადადექის" ფონზე


ეროვნულ გალერეაში, რომელიც, მოგეხსენებათ, პარლამენტის შენობის წინ მდებარეობს, საშემოდგომო გამოფენა მაშინ გაიხსნა, როცა მომიტინგეები საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ.

საგაზაფხულო და საშემოდგომო ექსპოზიციებში მონაწილეობა ჩვენში ყოველთვის პრესტიჟულად მიაჩნდათ. მაგრამ ცნობილ ქართველ მხატვრებს, როგორც ჩანს, ჯგუფური გამოფენები აღარ მოსწონთ. დღეს მათ ახალ სამხატვრო დარბაზებში პერსონალური გამოფენების მოწყობა ან ქუჩაში საპროტესტო მანიფესტაციებში მონაწილეობა ურჩევნიათ. 7 ნოემბერს გახსნილ საშემოდგომო გამოფენაზე, ძირითადად, უცნობი მხატვრების ნამუშევრებია წარმოდგენილი.


2003 წლის საშემოდგომო გამოფენაზე ასმა მხატვარმა წარმოადგინა თავისი ნამუშევრები. ამ მხატვრებს შორის, ალბათ, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც რუსთაველის პროსპექტზე გამართულ საპროტესტო აქციებში მიიღეს მონაწილეობა. თუმცა საშემოდგომო ექსპოზიციას პროტესტის ნიშანწყალიც კი არ ეტყობა. აქ ყველას უყვარს ერთმანეთი, აქ აბსოლუტური სიმყუდროვის, კომფორტის გარემოა შექმნილი - დიდი და პატარა თოჯინებით, ხალიჩებით, გობელენებით. ამ "კომფორტს" კონფორმიზმის სუნი ნამდილად ასდის. კონფორმიზმის და ინფანტილიზმის... შემთხვევითი არ არის, ალბათ, რომ საშემოდგომო გამოფენაზე დაზგური ფერწერა და გრაფიკა აშკარად დაჩაგრა გამოყენებითმა ხელოვნებამ - იმ ნამუშევრებმა, რომელიც დღეს უკეთ იყიდება, ვიდრე სურათები, იმ ნამუშევრებმა, რომელიც ძალიან მოსწონთ "ახალ ქართველებს" თავიანთი "ახალი სახლების" მოსაწყობად. "ახალ ქართველებს" კი ( და არა მარტო "ახალ მემარჯვენეებს"), მოგეხსენებათ, ქუჩაში გამართული საპროტესტო აქციები არ მოსწონთ. მათ ნგრევის ეშინიათ.

სიმბოლურია, რომ ეროვნულ გალერეაში მოწყობილი საშემოდგომო გამოფენა ცნობილ ქართველ მეცენატს დავით სარაჯიშვილს ეძღვნება. ისიც ნიშანდობლივია, ალბათ, რომ საპროტესტო აქციები თბილისში დავით სარაჯიშვილის დღეების ფარგლებში ტარდებოდა. გამოფენაზე სპეციალური კუთხეც კი გამოუყვეს სარაჯიშვილს, დაკიდეს ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული სარაჯიშვილის პორტრეტები. საშემოდგომო გამოფენის ორგანიზატორებს მაშინვე გამოეხმაურნენ ხელოვნების მუზეუმის მესვეურები: ისინი აქ სარაჯიშვილის ყოფილი სტიპენდიანტების ნამუშევრების გამოფენას მოაწყობენ. ქვეტექსტი ნათელია - კულტურის აყვავება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანას მეცენატები ეყოლება, ე.ი. მდიდარი ხალხი... ე.ი. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში ფული იტრიალებს. ფული კი ვერ იტრიალებს ბოიკოტისა და დაუმორჩილებლობის პირობებში. ამიტომ უკეთესი იქნება მხატვრებმა თოჯინები აკეთონ, ხალიჩები მოქსოვონ, თავი დაანებონ აქციებსა და პერფომენსებს, რომელსაც პოლიტიკის "სუნი ასდის" და, მით უმეტეს, უარი თქვან ქუჩაში "გადადექი, გადადექის" ყვირილზე... განა უკეთესი არ არის ყველას "უყვარდეს ერთმანეთი" ?
XS
SM
MD
LG