Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი ბრიტანეთში: ჯორჯ ბუშს უმაღლესი დიპლომატიური პატივით და საპროტესტო გამოსვლებით ხვდებიან


აშშ-ის დაარსებიდან 200-ზე მეტმა წელმა გასტანა, ვიდრე მის პრეზიდენტს უმაღლესი დიპლომატიური პატივით მიიღებდნენ დიდ ბრიტანეთში. ეს მოხდა 2003 წლის 18 ნოემბერს, ანუ მიმდინარე კვირაში,

სამშაბათს, როცა ლონდონში დაიწყო ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის 4-დღიანი სახელმწიფო ვიზიტი. ვიზიტისათვის მზადებაზე ჩვენს წინა გადაცემაში ვისაუბრეთ. დღეს კი შევაჯამებთ ვიზიტის მსვლელობაში ოთხშაბათს განვითარებულ მოვლენებს.

დიდ ბრიტანეთში ჯორჯ ბუშის სახელმწიფო ვიზიტი ოფიციალურად დაიწყო ოთხშაბათს დილით ბუკინგემის სასახლესთან, სადაც ბუშსა და მის მეუღლეს სამეფო წყვილი მიესალმა: დედოფალი ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი. [ცერემონიის ხმა]

ჯორჯ ბუშს მიესალმნენ აგრეთვე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები, ხოლო ბრიტანეთის არმიის ორკესტრმა ორივე ქვეყნის ჰიმნები შეასრულა. [მუსიკა]

რაც შეეხება შინაარსობრივ მხარს: ყურადღების ცენტრში მოექცა ჯორჯ ბუშის გამოსვლა უაითჰოლის სასახლეში, სადაც საპატიო სტუმარმა თავისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და ერაყში ომის გამართლება სცადა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ხალხმა მისი დაცვის პასუხისმგებლობა დაგვაკისრა და ამ პასუხისმგებლობის გამო ზოგჯერ საჭიროა, შეაჩერო მოძალადეები. ზოგჯერ ძალის ზომიერად გამოყენება არის ერთადერთი საშუალება საიმისოდ, რომ თავი დავიცვათ ქაოსისაგან, რომელსაც უხეში ძალა მართავს ... ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ერაყში საქმე უკეთ იყო, როცა სადამ ჰუსეინი ხალხს ხოცავდა? ვის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ავღანეთი უფრო სამართლიანი საზოგადოებაა, რომ ის ნაკლებად სახიფათოა ტერორისტების მასპინძელი მოლა ომარის გარეშე?"

ტერორიზმის წინააღმდეგ ომზე საუბრისას, ჯორჯ ბუში, ბუნებრივია უყურადღებოდ არ დატოვებდა ამ ომში თავისი ქვეყნის მთავარ და უერთგულეს მოკავშირეს- ბრიტანეთს. [ჯორჯ ბუშის ხმა] "შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მისია გაცილებით უფრო შორს მიმავალია, ვიდრე ხელისუფლების ბალანსსა თუ საკუთარი ინტერესების დაცვაზე ზრუნვა. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისათვის და ვიბრძვით მშვიდობისათვის, რომელიც თავისუფლებას მოაქვს. ჩვენი ერები მსხვერპლს სწირავენ ამ მიზანს შორეულ ქვეყანაში და ამერიკა ქედს იხრის ბრიტანელი მამაკაცებისა და ქალების იდეალიზმისა და სიმამაცის წინაშე".

მაგრამ ერაყში მებრძოლი ბრიტანელი თუ ამერიკელი სამხედროების იდეალიზმისა, როგორც ცნობილია, ყველას არ სჯერა. ეს ოთხშაბათსაც დადასტურდა ლონდონში ომის მოწინააღდმეგეთა დაახლოებით 350-კაციანი გამოსვლით. ხუთშაბათს კი, როგორც იუწყებიან, გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლაა მოსალოდნელი: ტრაფალგარის მოედანზე ათიათასობით დემონსტრანტს მოელიან.
XS
SM
MD
LG