Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოჩანს საქართველოში შექმნილი ვითარება უცხოეთიდან? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას


როგორ მოჩანს საქართველოში შექმნილი ვითარება უცხოეთიდან? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას დღესაც შევეცდებით უცხოეთის პრესის მიმოხილვით.


როგორც პარიზში გამომავალ ყოველდღიურ "მონდში" ვკითხულობთ, "1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველებს მიეცათ შანსი, თავიანთი ძალები დამოუკიდებელი ქვეყნის სამსახურში ჩაეყენებინათ. მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველო დაავადდა დესტაბილიზაციით, სხვადასხვა ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის ბრძოლითა და კორუფციით..." შემდეგ "მონდი" წერს:

"ედუარდ შევარდნაძემ თავი ვერ გაართვა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტობას. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა გამარჯვება ოპოზიციას მოუტანა. ახლა შევარდნაძე დგას არჩევანის წინაშე: ან დაჰყვეს ქუჩიდან მომდინარე ზეწოლას და გადადგეს, ან კიდევ სამოქალაქო ომის რისკზე წავიდეს. რა სევდიანი დასასრულია ადამიანისათვის, რომელმაც საბჭოურ დიპლომატიას ადამიანური სახე მისცა!"

ამ კომენტარის ავტორისაგან განსხვავებით, შევარდნაძის კარიერის დასასრულზე ლაპარაკი ნაადრევად არის მიჩნეული სტატიაში, რომელსაც "ნიუსუიკი" აქვეყნებს. შეერთებულ შტატებში ამ, ერთ-ერთ წამყვან ყოველკვირეულ ჟურნალში ვკითხულობთ:

"შევარდნაძის მხარეზეა დრო და ამინდი. თბილისში საღამოობით უკვე ყინავს, რაც დემონსტრანტების რიგებს ათხელებს... სააკაშვილის მუქარა "რეჟიმს გადაყენებას ვაიძულებთო", შესაძლოა სასოწარკვეთის ნიშანი იყოს. ქართველ პოლიტიკოსებთან ტაქტიკურ ალიანსებზე უარის გამო მას მცირერიცხოვანი მეგობრები შემორჩა".

მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მიუნხენში გამომავალი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგიც". გაზეთი მკითხველს სთავაზობს პოლიტიკოსის პორტრეტს სათაურით "მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის ლიდერი და ამერიკის მოყვარული". სტატიაში ვკითხულობთ:

"ორი აზრი არ არსებობს - ახალგაზრდა პოპულისტი პრეზიდენტის პოსტიდან თმაშევერცხლილი ვეტერანის გადასაყენებლად აღიმართა. ამას სააკაშვილი ენერგიულად აკეთებს: იცის, რომ დიდი და გამოცდილი შევარდნაძე ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა - ძლიერი ბიძგი და შესაძლოა გადადგეს. ... ეროვნული მოძრაობის ლიდერი თავს წარმოაჩენს გაუცვეთავ, დინამიურ ალტერნატივად ყოფილი პოლიტიკური გმირისა: როცა შევარდნაძე საქართველოში კომპარტიის თავმჯდომარე გახდა, მისი დღევანდელი მეტოქე (სააკაშვილი) სულ ხუთი წლისა იყო."
XS
SM
MD
LG