Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინა კვირის რუსეთის პრესაში ექსპერტები და ჟურნალისტები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს საქართველოში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის რუსეთის პრესაში ექსპერტები და ჟურნალისტები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს საქართველოში შექმნილ ვითარებასა და აგრეთვე იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც, მათი აზრით,

რუსეთმა უნდა აწარმოოს საქართველოს მიმართ.


13 ნოემბრის გაზეთ "იზვესტიაში"კარნეგის ფონდის ექსპერტი ალეკსეი მალაშენკო მიიჩნევს, რომ რუსეთს უჩნდება შანსი იქცეს ფაქტორად, რომელიც საკმარისად სერიოზულ ზემოქმედებას მოახდენს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, რადგან, მისი თქმით, ევროპამ და ამერიკამ საქართველოს ზურგი შეაქციეს. მალაშენკომ გაზეთს განუცხადა: "შევარდნაძე დარწმუნებული იყო, რომ მას, ამ მხრივ, პრობლემები არ ექნებოდა, რადგან, მისი აზრით, ის ყველაზე მეტადაა მისაღები დასავლეთისთვის. გაირკვა, რომ ეს ასე არ არის. ამერიკელებმა აღნიშნეს, რომ იმ 27 სახელმწიფოს შორის, რომლებიც აშშ-ის ფინანსურ დახმარებას იღებენ, რეფორმები ყველაზე ცუდად საქართველოში მიდის; ამერიკამ შეუმცირა საქართველოს სამხედრო დახმარება, ევროსაბჭომ შეაჩერა სასურსათო დახმარება და აღარ გამოყოფს სახსრებს ენგურჰესის რეკონსტრუქციისთვის. ამ ვითარებაში რუსეთმა გადაუვადა საქართველოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა."

არის თუ არა შესაძლებელი, რომ შევარდნაძე მოულოდნელად წავიდეს, მემკვიდრედ კი აბაშიძე დატოვოს? - ამ კითხვით მიმართა "იზვესტიამ" ექსპერტებს, რომლებიც ასეთ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. მაგალითად, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ევგენი კოჟოკინი ამბობს, რომ საქართველოში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორი არსებობს. მისი თქმით, "შევარდნაძე დღეს უაღრესად არაპოპულარულია, მაგრამ, ამასთან ერთად, ყველაზე მარჯვე პოლიტიკოსად, ნომერ პირველ პოლიტიკოსად რჩება. მისი დამარცხება მეტისმეტად რთულია. და ის მანევრები, რომელთაც ის მიმართავს, ადასტურებს, რომ "თეთრ მელას" არ დაუკარგავს პოლიტიკური ჩვევები. ოპოზიციაც რომ ავიღოთ, დავინახავთ, რომ საპროტესტო აქტიურობას ნინო ბურჯანაძისა და მიხეილ სააკაშვილის პარტიები ავლენენ, კიდევ ერთი ძლიერი და პოპულარული პარტია კი, ლეიბორისტული პარტია,გამოსვლებში არ მონაწილეობს. და ესეც მოწმობს შევარდნაძის უნარს გათიშოს ოპოზიცია და თავის მხარეზე გადაიყვანოს ის, ვინც ჯერ კიდევ გუშინ მისი მოწინააღმდეგე იყო."

17 ნოემბრის გაზეთი "კომერსანტი" წერს, "თითქოსდა, მოსკოვს უნდა ესარგებლა საქართველოში შექმნილი სიტუაციით და რაც შეიძლება სწრაფად დაემყარებინა კონტაქტი იმ ძალებთან, რომლებიც დღეს ან ხვალ შეცვლიან ახლანდელ ხელისუფლებას. მით უფრო, რომ ეს ძალები კრემლის კეთილგანწყობით არიან დაინტერესებულნი."

გაზეთის თქმით, "...ნაცვლად ამისა, მოსკოვი უეცრად ერთვება ინტენსიურ ურთიერთობაში ბატონ შევარდნაძესა და მის ემისრებთან, რომლებიც ამ კონტაქტებს იმთავითვე ნათლავენ როგორც, ასე ვთქვათ, "ცალმხრივ მხარდაჭერას რუსეთის მხრიდან".
"მაგრამ ამგვარი ლოგიკა მცდარია. იგი გათვლილია
მარიონეტ-პოლიტიკოსებზე ან მათზე, ვინც ასეთად მიიჩნევს თავის თავს. იმ პოლიტიკოსებთან მიმართებაში კი, რომლებიც, მართალია, დასავლეთზე არიან ორიენტირებულნი, მაგრამ, ამასთან ერთად, რუსეთს ზურგს არ აქცევენ, ეს ლოგიკა არაფრის მაქნისია. და თუ პოლიტიკა მასზეა ორიენტირებული, მაშინ ისიც არაფრის მომტანია."
XS
SM
MD
LG