Accessibility links

ოპოზიცია და მისი მომხრეები გამოწვევას არ იღებენ. თბილისში აჭარლების მობილიზებას ისინი მშვიდად შეხვდნენ


შევარდნაძის ოპოზიციამ გამოწვევა არ მიიღო და თბილისში აჭარლების მობილიზაციას მშვიდად შეხვდა. რუსთაველის პროსპექტზე "აღორძინებისა" და ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა

წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ მსვლელობას 18 ნოემბერს აბსოლუტურად მშვიდად ადევნებდნენ თვალყურს ის თბილისელებიც, რომლებიც ამ დღეებში პარლამენტის შენობის წინ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე იდგნენ.
გამოწვევამ არ გაამართლა. რუსთაველის პროსპექტზე ხელისუფლების მხარდამჭერების გამოყვანას საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა "თეატრალურ სარდაფში" შეკრებით უპასუხეს. იქ მათ ერთობლივი მოქმედების გეგმა შეიმუშავეს.

ადამიანებს, რომლებიც აჭარიდან თბილისში "ფაშიზმთან" და "ექსტრემიზმთან" დასაპირისპირებლად ჩამოიყვანეს, სპორტის სასახლესთან "გაერთიანებული დემოკრატების" წარმომადგენლებმა მიაკითხეს და ყვავილები მიუტანეს. ეს იყო შევარდნაძის და აბაშიძის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ძალის კეთილი ჟესტი იმის დასადასტურებლად, რომ ამ ძალას აჭარლებთან გასაყოფი არაფერი აქვს. "გაერთიანებული დემოკრატების" აქტივისტებმა, ელენე თევდორაძის მეთაურობით, აჭარიდან ჩამოსული ადამიანებისთვის ყვავილების დარიგებით ხაზი გაუსვეს იმას, რომ არ მიიღებენ ხელისუფლების გამოწვევას და არ დაუშვებენ სამოქალაქო დაპირისპირების აგორებას.

[გია ბარამიძის ხმა] " ეს მათ არ გამოუვათ. ჩვენ არ ვაპირებთ მივმართოთ ძალისმიერ მეთოდებს. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას შევარდნაძის და აბაშიძის ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ, როცა ვიწყებდით ამ ბრძოლას, ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა ერთი და ორი დღის საქმე. ჩვენ მოთმინება გვეყოფა იმისათვის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება თუნდაც ერთი წვეთი სისხლის დაღვრისა. "

ეს იყო გიორგი ბარამიძის განცხადება. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია უფრო და უფრო გაააქტიურებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწოდებით მოქმედებას და, თუ მათ მშვიდობიან პროტესტს ხელისუფლება ისევ დედაქალაქში რეგიონებიდან მოსახლეობის ნაწილის ჩამოყვანით უპასუხებს, საკუთარ საპროტესტო აქციებს ჩაატარებს იმ ტერიტორიიდან მოშორებით, სადაც ამ ხალხს დააყენებენ.

აჭარიდან ჩამოყვანილი ადამიანების სპორტის სასახლეში თავმოყრა, შემდეგ კი თბილისის ქუჩებში გამოყვანა სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირების მცდელობად მიიჩნიეს იმ თბილისელებმაც, რომლებიც ამ დღეებში რუსთაველის პროსპექტზე მრავალათასიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. ისინი გეგმის თვალსაჩინოებაზე საუბრობენ, თუმცა მის რეალიზაციაში ეპარებათ ეჭვი. მწერალი ზაალ სამადაშვილი აჭარიდან თბილისში ჩამოსულ ადამიანებთან შეხვედრამ დაარწმუნა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ნიადაგი არ არსებობს.

[ზაალ სამადაშვილის ხმა] " ისინი არიან ჩვენი დები და ძმები. არ არსებობდა სამოქალაქო დაპირისპირება. არსებობდა ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების დაპირისპირება და, დარწმუნებული ვარ, ასევე დარჩება. მე ამ ადამიანებს მთელი დღის მანძილზე ვხვდებოდი. არავითარი აგრესია არ მოდიოდა მათგან. ქუჩებს მეკითხებოდნენ, მეც ვუხსნიდი. თუ საჭირო იყო, ვაცილებდი და ასე შემდეგ. "

ჩვენთან საუბრისას ანალოგიური შეხედულებები გამოთქვეს: გოგი ხოშტარიამ, ირაკლი ჩარკვიანმა, დათო ტურაშვილმა. ისინი, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, 18 ნოემბერს "თეატრალურ სარდაფში" შეიკრიბნენ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის კომიტეტი შექმნეს და ამით გაერთიანებული ოპოზიციისადმი მხარდაჭერა გამოხატეს. დაუმორჩილებლობის ახლად შექმნილი კომიტეტი ( მასში პოლიტიკოსები კი არა, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან გაერთიანებულნი) ორგანიზებას გაუწევს სამოქალაქო წინააღმდეგობას პრეზიდენტისა და ახლად არჩეული პარლამენტის გადადგომისა და ახალი საპარლამენტო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მისაღწევად.
XS
SM
MD
LG