Accessibility links

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შეხვდა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელი ლინ პასკო პირველი ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც 2 ნოემბრის

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ ლინ პასკოს ვიზიტი გეგმიურია, ხოლო პროგრამა კავკასიის სამივე ქვეყნის მონახულებას ისახავს მიზნად, თბილისში აცხადებენ, რომ ამერიკელი დიპლომატი საქართველოში ვაშინგტონის საგანგებო დავალებით ჩამოვიდა.

ოთხშაბათს აურაცხელი ჟურნალისტით გარშემორტყმული შეერთებული შატატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების ოფისებში სტუმრობით დაიწყო და საღამოს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დასრულდა. ლინ პასკო, ერთსაათიანი ინტერვალით, მორიგეობით მიიღეს გაერთიანებული დემოკრატების, ლეიბორისტული პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა. საქართველოში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პირველმა მასპინძლებმა - ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ, რომლებიც ახალი საპარლამენტო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უჭერენ მხარს, ქვეყნისათვის მეტად კრიტიკულ პერიოდში ლინ პასკოს ჩამოსვლა შეერთებული შტატების მხარდაჭერის ფაქტად აღიქვეს.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ის, რაც გააკეთა ამერიკამ ამ არჩევნების მხარდასაჭერად საქართველოში, ეს არის უპრეცედენტო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წარმოუდგენელია შეერთებულ შტატებს და მთელს მსოფლიოს გაეკეთებინა მეტი იმისათვის, რომ ქართველებს ჰქონოდათ თავისუფალი არჩევანის უფლება და, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი ამის წასართმევად."

თითქმის ანალოგიური შინაარსის იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის პათოსი. სააკაშვილი აცხადებს, რომ მეგობარი ქვეყნების დიპლომატები ცდილობენ შუამავლის ფუნქცია შეასრულონ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში და ქვეყანა ახალ სამოქალაქო ომს ააშორონ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ამ სიტუაციაში მე შევხვდი ევროკავშირის ელჩების კოორდინატორს, იტალიის ელჩს, მეზობელი თურქეთის ელჩს, ადრე მქონდა სატელეფონო საუბარი რუსეთის ელჩთან. ყველა ელჩი ცდილობს მშვიდობიანი გამოსავალი მონახოს იმ სიტუაციაში, როდესაც მთავრობას, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომისაკენ მიჰყავს ქვეყანა."

მაშინ, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის თავკაცები შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულობაზე ელაპარაკებოდნენ, კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანების, ლეიბორისტული პარტიის, ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენელს სულ სხვა ხასიათის ინფორმაცია მიაწოდა. ნათელაშვილის თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, "შევარდნაძისტული სკოლის ბინძური გარჩევაა და არა ბრძოლა დემოკრატიისთვის".

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "ამდენად, მე ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, და იგივე განვაცხადე სტუმართან, რომ დაიოკონ ვნებები, მოემზადონ იმისთვის, რომ მათი ისტორიული ეპოქა დასრულებულია და ეს სენი გადაიტანონ თავის წრეში და მეტს ქვეყანას ნუღარ შეაწუხებენ."
ლინ პასკოს ვიზიტს დადებითად აფასებს სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილიც. ქართველ სოციალისტთა თავკაცი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შემრიგებლის ფუნქციითაც იყოს ჩამოსული საქართველოში. თუმცა მოსკოვი -თბილისი-ვაშინგტონის გეოსტრატეგიული სამკუთხედის ე.წ."ჯვრისებური" კონცეფციის ავტორი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების ზოგიერთი წარმომადგენელი ოპოზიციის სასარგებლოდ ზედმეტ აქტიურობას იჩენს.

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] "უშუალოდ არჩევნებთან ეს[ვიზიტი] არ არის დაკავშირებული, მაგრამ რაღაც შერიგების მისია ოპოზიციასა და შევარდნაძეს შორის, [პასკო] შეეცდება, რომ იტვირთოს. მე მივესალმები, რომ ამერიკა ცდილობს ურთიერთობის დარეგულირებას, მაგრამ მე პირადად ვხედავ ზედმეტ აქტიურობას იგივე ამერიკის ზოგიერთი წარმომადგენლის, იგივე ელჩი იქნება ეს თუ სხვა ვინმე, მხოლოდ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის - რასაც ჰქვია ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილის გუნდი, თავისუფლების ინსტიტუტი და "კმარა" - მხარდაჭერასა და დაფინანსებაში."[სტილი დაცულია]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რომელიც მთელი ვიზიტის განმავლობაში არანაირ კომენტარს არ აკეთებდა, საღამოს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ყველა რატომღაც ელოდა, რომ პრეზიდენტის სამუშაო ოთახიდან გამოსული დიპლომატი ოპოზიციას და ხელისუფლებას რაღაც განსაკუთრებულ რჩევას მისცემდა, მაგრამ ლინ პასკომ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ძალიან თავშეკავებული კომენტარი გააკეთა და მხარეეებს ურთიერთკომპრომისებისკენ მოუწოდა.

[ლინ პასკოს ხმა] "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საკითხების გადაჭრა, რომლებიც არჩევნების შემდეგ დადგა დღის წესრიგში. მაგრამ ჩვენი საქმე სულაც არ არის, ვუკარნახოთ ვინმეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. ჩემი შეხვედრების დროს მხარეებთან მე აღვნიშნავდი, რომ ეს საკითხები რაც შეიძლება ჩქარა უნდა გადაიჭრას და თითოეული მონაწილე მხარის ინტერესი მაქსიმალურად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. პოლიტიკა, როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, ეს არის შესაძლებლის ხელოვნება, ეს არის კომპრომისებზე წასვლის ხელოვნება. და ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ეს ნაბიჯები სწორედ ახლა გადაიდგას."

აღსანიშნავია, რომ ლინ პასკოს ვიზიტი საქართველოში დაემთხვა პერიოდს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია შევარდნაძეს ჩაუშესკოსა და მილოშევიჩის ბედს უწინასწარმეტყველებს, ხოლო ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები ფაშისტურსა და ექსტრემისტულს უწოდებენ გაერთიანებული დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტთა საქმიანობას, კომპრომისზე წასვლას კი, ჯერჯერობით, არც ერთი მხარე არ აპირებს.
XS
SM
MD
LG