Accessibility links

logo-print

ტერაქტები სტამბოლში


თურქეთის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 26 ადამიანი დაიღუპა და 450-მდე დაიჭრა დღეს სტამბოლში მომხდარი აფეთქებების შედეგად.

სხვადასხვა ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ორიდან ხუთამდე აფეთქებას.
ბიძინა რამიშვილისგან შეიტყობთ უფრო მეტს.

სტოკჰოლმში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გიულმა თქვა, რომ აფეთქებები წინასწარ იყო ორგანიზებული და რომ მისი ქვეყანა ქედს არ მოიხრის ტერორის წინაშე.

[გიულის ხმა] "ჩვენ ტერორისტულ თავდასხმებთან გავაქვს საქმე. საუბედუროდ მრავალი უდანაშაულო ადამიანი დაიუღუპა, მაგრამ ჩვენ მუდამ გავაგრძელებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას."

თითქმის ერთდროულად მომხდარი აფეთქებების სამიზნეები იყო ბრიტანეთის საკონსულო და ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი HSBC.

სატელევიზიო რეპორტაჟები აჩვენებდნენ დასახიჩრებულ სხეულებს და დაზიანებულ შენობებს.

[ქუჩის ხმა]
აფეთქებების შედეგად დაინგრა ბრიტანეთის საკონსულოს გარე კედელი და შენობის ნაწილი, ხოლო 12-სართულიანი HSBC-ის შენობა სერიოზულად დაზიანდა.

ახლო-მახლო საავადმყოფოებში აფეთქებების შედეგად დაშავებულებს მკურნალობენ.

აი, რა გვითხრა თურქეთის ტელეკომპანია STAR TV-ს კორესპონდენტმა ალი კიშიოღლუმ:

[კიშიოღლუს ხმა] "პოლიციამ და ხელისუფლებამ გადაკეტა რამდენიმე ცნობილი რაიონი... ტელევიზიით და რადიოთი გამოცხადდა, რომ ძალიან ესაჭიროებათ ხალხის დახმარება. გვჭირდება სისხლი, ნებისმიერი ჯგუფის სისხლი. ვითარება ბუნდოვანია."

ხუთშაბათის აფეთქებებამდე ხუთი დღით ადრე იმავე სტამბოლში თვითმკვლელმა ტერორისტებმა ასაფეთქებელი ნივთერებით დატვირთული სატვირთო მანქანებით მოაწყვეს თავდასხმა ორ სინაგოგაზე. ამ ტერაქტებს, რომელთაც 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით დაიჭრა, "ალ-ყაიდას" და მის თურქ პარტნიორებს მიაწერენ. პირველ რიგში ლაპარაკია ე.წ. "დიდი აღმოსავლეთის მოიერიშეთა ფრონტზე". თურქეთის ხელისუფლების თანახმად, არსებობს კავშირი გასული კვირის ტერაქტებსა და ხუთშაბათს მომხდარ აფეთქებებს შორის.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ჯემილ ჩიჩეკის თქმით, ამჯერადაც საქმე გვქონდა თვითმკვლელ ტერორისტებთან, რომლებმაც სატვირთო მანქანები გამოიყენეს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეკ სტროს თქმით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტებს ძალზე ეტყობა "ალ-ყაიდის" ხელწერა.

[სტროს ხმა] "ამ ეტაპზე არ შეგვიძლია იმის თქმა, ვინ არის პასუხისმგებელი სტამბოლში მომხდარი ამ საშინელი ტერაქტისთვის, რომელიც დაერთო გასულ შაბათს ებრაელი და მუსულმანი ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ველურ თავდასხმას. მაგრამ ვშიშობ, რომ იგი ატარებს ყველა ნიშანს საერთაშორისო ტერორიზმისა, რომელიც განუხორციელებიათ "ალ-ყაიდას" და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს".

სტამბოლში მომხდარი ტერაქტი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერებმა დაგმეს.

XS
SM
MD
LG