Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტული პარტიის, ახალი მემარჯვენეებისა და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება მწვავდება


20 ნოემბერს, ჯერ კიდევ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

ლეიბორისტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ზოგადი განცხადებებით გამოვიდნენ და დაიმუქრნენ, რომ 10 ათასობით მომხრეს გამოიყვანენ, თუ საარჩევნო კომისია ვაჭრობას არ შეწყვეტს. თუ რა იყო ამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის მოწყობის მიზეზი, ოდნავ მოგვიანებით გაირკვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა რაოდენობის განსაზღვრის მეტად ორიგინალური წესის დამტკიცების შემდეგ ხელოვნურად შემცირდა 7%-იანი ბარიერის გადასალახად საჭირო ხმების რაოდენობა. შესაბამისად, ბარიერდაძლეულ პარტიათა რიცხვი 5-დან 6-მდე გაიზარდა, ამან კი 5-ვე პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობა შეამცირა.

20 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ საპროტესტოდ შეკრებილი ლეიბორისტები საკუთარი მანდატების შემცირების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებდნენ და ყველაფერს საარჩევნო ვაჭრობას აბრალებდნენ. ფრაგმენტი ქართველ ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, გამოსვლიდან:

[გიორგი გუგავას ხმა] "თავი ანებონ ხალხის ხმებით ურცხვად ვაჭრობას, საპარლამენტო მანდატების დათრევას ლეიბორისტული პარტიის ხარჯზე. კეთილი ინებოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და თავი ანებოს იმ კულუარულ გარიგებებს, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობდა ამ შენობაში."

საიდუმლოს მოულოდნელად ფარდა ახადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ:

[დავით საგანელიძის ხმა] "როგორც ჯონდი ბაღათურიამ ჩემთან საუბარში განაცხადა, და ასეც არის, სია გაჩერებულია ჯონდი ბაღათურიაზე. თუ ახალი მემარჯვენეები ვერ შევლენ პარლამენტში, მაშინ მათ ემატებათ ადგილი და ჯონდი ბაღათურია მოხვდება პარლამენტში."
ამ განცხადებაზე ლეიბორისტების ახალი სახის, ჯონდი ბაღათურიას, რეაქცია ასეთი იყო:
[ჯონდი ბაღათურიას ხმა] "ჭორიკნობას თავი დაანებოს და ჯობია იმას მიხედოს და დათვალოს, რამდენი ტომარა ფული არის შეტანილი საარჩევნო კომისიაში."

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ლეიბორისტების საპროტესტო აქციის მოთხოვნები ყურად არ უღია და ჯონდი ბაღათურია პარლამენტს გარეთ დარჩა, ახალმა მემარჯვენეებმა კი 7%-იანი ბარიერი გადალახეს და, თუ როგორ, ეს, ბაღათურიასგან განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დააკონკრეტა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "აგერ არის ოქმი, რომელიც გვაქვს ჩვენ, გაერთიანებულ დემოკრატებს, ლეიბორისტებს და ყველა სხვა პარტიას, სადაც ახალ მემარჯვენეებს დაწერილი აქვს 064 ხმა, 64 ხმა. აგერ არის მთავრობის მიერ გაკეთებული ოქმი, რომელიც აქვს ცსკ-ს, სადაც 0-იანი გადასწორებული არის 2-იანად და მემარჯვენეებს დაწერილი აქვთ 264 ხმა. ასე არის ყველა უბანში და მემარჯვენეებს აქვთ მიმატებული 200-დან 500 ხმამდე."

ასეთი ფაქტების გამო ლეიბორისტული პარტია ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე-დემოკრატების პოზიციას დაეთანხმა და არჩევნების დასკვნით დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. ამით დაირღვა ლეიბორისტული პარტიის დუმილი, რასაც ოპოზიცია მას დღემდე უსაყვედურებდა. შეუერთდება თუ არა ქართველ მშრომელთა არცთუ მცირერიცხოვანი არმია ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას, ეს მომდევნო დღეებში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG