Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არ გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ


დავით პაიჭაძე, თბილისი ალბათ, გახსოვთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდა 1088 გვერდის მოცულობის მასალა, რომელიც ცხადყოფდა დარღვევებს,

უზუსტობებსა და შეუსაბამობებს სხვადასხვა დონის საარჩევნო ოქმებში. 20 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გამოაცხადა. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა გაითვალისწინა და რა არ გაითვალისწინა კომისიამ წარდგენილი მასალებიდან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 20 ნოემბრის სხდომის დასაწყისში, რომელზედაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა გამოეცხადებინათ, თავმჯდომარე ნანა დევდარიანმა აღნიშნა, რომ "სამართლიანი არჩევნების" მიერ მოწოდებული მასალებიდან ზოგი რამ გაითვალისწინეს და ზოგიც არა. ამ ზოგადი განცხადებიდან გასაგები არაფერი იქნებოდა, მას შედეგების ჩამოთვლა რომ არ მოჰყოლოდა: პროცენტებისა და რიცხვების წარმოდგენისას ნათელი გახდა, რომ გაითვალისწინეს მიწოდებული დარღვევების უმცირესი ნაწილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა დიმიტრი ქიტოშვილმა პროცენტებისა და საპარლამენტო მანდატის მქონე პირების ჩამონათვალის შემდეგ განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვალი დაუხუჭა სიცრუეს: სახელდობრ იმას, რომ უამრავ უბანში ერთი ადამიანის მიერ ხმის მიცემას, თუ ხმათა საერთო რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, 10 წამი სჭირდებოდა.

[ქიტოშვილის ხმა] "ან ეგებ ვაპირებთ არჩევნების შედეგები დავამტკიცოთ იმ დაბა ნემჩინოვკის თუ პეტროზავოდსკის უბნებიდან შემოსული ხმებით, სადაც უბნები საერთოდ არ არსებულა? ან იქნებ ვინმე აპირებს, რომ ხალხი ასეთ სიმართლეში დაარწმუნოს: თურმე ქალაქ ყაზანში ორი უბანი ყოფილა გახსნილი, ერთი - ქალაქის ერთ ბოლოში, მეორე - მეორე ბოლოში და ერთ უბანზე ყველას მრეწველებისთვის მიუცია ხმა, ხოლო მეორე უბანზე ყველა 2000 კაცს - აღორძინებისთვის. არავის წაუცდა ხელი ოპოზიციის შემოსახაზად. ან ეგებ ვინმესთვის არ არის ცნობილი, როგორ წყდებოდა შვიდპროცენტიანი ბარიერის ბედი - რომ ეს წყდებოდა პრეზიდენტის კაბინეტში და შემდგომ ფორმდებოდა სვეტლოგრადიდან თუ ლუგანსკიდან ჩამოტანილი ხმებითა და გადასწორებული, ფალსიფიცირებული ოქმებით. უნდა შერცხვეს იმას, ვინც ამას მხარს დაუჭერს. მე შევეცადე ამაზე განსხვავებული აზრი დამეწერა, მაგრამ საამისოდ, საერთოდ, რაღაც აზრი უნდა არსებობდეს. არავითარი სურვილი არ მაქვს, ხმა მივცე რაღაც რიცხვებს, რომელთაც ხალხის არჩევანთან არავითარი საერთო არა აქვს. მეტიც, თავმოყვარეობა არ მაძლევს უფლებას, მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში."

ცენტრალური საარჩევნო კომისიის უმცირესობაში დარჩენილი წევრები სამართალსა და პასუხისმგებლობას ახსენებდნენ უმრავლესობას. ამან გააღიზიანა თავმჯდომარე ნანა დევდარიანი.

[დევდარიანის ხმა] "მე პირადად არაფერი არ მჭირს საიმისო, რომ ვინმეს თვალი ვერ გავუსწორო. ამიტომ არ გვინდა ეს დამუქრება და მოწოდებები და ა.შ. მე გავაკეთე ის, რაც შემეძლო და არ მიძინია დღეების განმავლობაში. მეტი ვერ შევძელი. წავიდეთ ახლა კენჭისყრისკენ და დავამთავროთ."

ყველას, ვინც კმაყოფილია არჩევნების გამოცხადებული შედეგებით, შეუძლია მადლობა მოახსენოს ეუთოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ნანა დევდარიანის კანდიდატურის წამოყენებისათვის.
XS
SM
MD
LG