Accessibility links

logo-print

თენგიზ ასანიძის საქმეზე გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო დაახლოებით თვენახევარში გამოიტანს


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს წინააღმდეგ ბათუმის ყოფილი მერის, ამჟამად საპყრობილეში მყოფი თენგიზ ასანიძის, საქმეზე გადაწყვეტილებას

დაახლოებით თვენახევარში გამოიტანს. ასანიძის გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება ასანიძეს მორალური და მატერიალური ზარალის საკომპენსაციოდ 3 მილიონი დოლარი გადაუხადოს და, რაც მთავარია, მისი პატიმრობიდან გათავისუფლება უზრუნველყოს: არ არის გამორიცხული, რომ, ასლან აბაშიძის რეჟიმის პირობებში, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაც გაძნელდეს.

აქცენტები, რომელიც სიუჟეტის შესავალში დავსვით, ევროსასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში გახდება აქტუალური. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა, 20 მოსამართლის შემადგენლობით, 19 ნოემბერს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არსებითად იხილავდა საქმეს, რომელიც ევროსასამართლოს პრაქტიკაშიც კი უპრეცედენტოა. თენგიზ ასანიძე უკანონო პატიმრობაში იმყოფება, მინიმუმ, 4 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა. მისი გათავისუფლება შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების ძალითაც კი. ამ გადაწყვეტილებამ ბათუმის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ბათილად ცნო. თენგიზ ასანიძე, ბათუმის ყოფილი მერი და ბათუმის თამბაქოს ფაბრიკის წარმოების ყოფილი ხელმძღვანელი, 1993 წლის 4 ოქტომბერს ფულის გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ მას ახალი ბრალდება წაუყენა, რის შემდეგაც, ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსის გატაცების მოტივით, 12 წლის პატიმრობა შეეფარდა. მრავალწლიანი სამართლებრივი ომის პირობებშიც კი თენგიზ ასანიძე ასლან აბაშიძის პირად მძევლად ითვლება და მის დასახსნელად უძლური აღმოჩნდა ქვეყნის შიგნით არსებული ყველა მცდელობა თუ საკანონმდებლო რესურსი. ამ უძლურების ნიშანია ისიც, რომ ევროსასამართლოში ძირითად მოპასუხე მხარედ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარდგა და არა უშუალოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ასევე ჩამოყალიბდა სარჩელიც: " თენგიზ ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ". სტრასბურგში საქმის არსებით განხილვას აჭარის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ავთანდილ აბაშიძეც დაესწრო - პროცესისთვის ბათუმი, როგორც ჩანს, საგანგებოდ მოემზადა. აბაშიძის ქვეშევრდომებმა დაიქირავეს ფრანგი ადვოკატი, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობდა აჭარა ადამიანის უფლებების დაცვის განსაკუთრებულ ოაზისად წარმოეჩინა, თავად ასანიძე კი პირად, რომელიც მუდმივად ავიწროებდა გარშემომყოფებს. სხვათა შორის, სასამართლომ ბათუმის წარმომადგენლებს მხოლოდ პროცესზე დამსწრის სტატუსი არგუნა. ეს სტატუსი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფრანგ ადვოკატს დარბაზში შეკრებილი საზოგადოებისათვის თავი სასამართლოს ეტიკეტის დარღვევითაც დაემახსოვრებინა.
უფრო მეტიც, აჭარის - უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ასლან აბაშიძის -ადვოკატმა ზედმეტი აქტიურობისათვის შენიშვნაც კი მიიღო. შესაბამისად, სტრასბურგის ევროპულ არენაზე აბაშიძის ხელისუფლება ისეთივე უტიფარი გამოჩნდა, როგორიც იგი ლოკალურ არენაზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ჩანს. წლების განმავლობაში ცენტრისადმი დაუმორჩილებლობის სადემონსტრაციო იარაღად გამოყენებული თენგიზ ასანიძე ევროსასამართლოს ვერდიქტს ამჟამად ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული ერთგვარი პოლიტიკური თანამოაზრეობის პირობებში ელის. თვენახევარი, რომლის განმავლობაშიც ევროსასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს, სავარაუდოდ, ამ ურთიერთობის საბოლოო სახესაც გამოკვეთს. ვიმედოვნებთ, რომ დრო თენგიზ ასანიძის სასარგებლოდ იმუშავებს.
XS
SM
MD
LG