Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქართულ ეკონომიკას ეხმარებიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეები ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. სხვადასხვა მონაცემებით, დღეს უცხოეთში ემიგრირებულია მილიონამდე საქართველოს მოქალაქე,

რომელთა დიდი უმრავლესობა თავიანთ ოჯახებს მნიშვნელოვან ფულად სახსრებს უგზავნის. რა გავლენას ახდენს მათ მიერ განხორციელებული ტრანსფერტები ადგილობრივ ბაზარზე?

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალქეების რიცხვს მზარდი ტენდენცია ახასიათებს, რაც ნამდვილად არ მიუთითებს ქართული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს სტაბილურობაზე. სხვადასხვა მონაცემებით, ბოლო წლებში ქვეყნიდან სხვადასხვა მოტივით საზღვარგარეთ ხანგრძლივი დროით გასულ მოქალაქეთა ოდენობა მილიონს აღემატება. მათი უმრავლესობა არალეგალურად ცხოვრობს უცხოეთში. შესაბამისად, ემიგრირებულთა ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საზღვარგარეთ მყოფთა დაახლოებით 85% 20-დან 50 წლამდე ადამიანები, ანუ შრომისუნარიანი მოქალაქეები, არიან, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ სამუშაოს საძებრად ტოვებს ქვეყანას. ამავე გამოკვლევის მიხედვით, მიგრანტთა მეხუთედზე მეტი უცხოეთში საკუთარ ბიზნესს ეწევა და ადამიანების მხოლოდ 16 პროცენტია კვალიფიციური სამუშაოთი დაკავებული. ემიგრანტთა 70 პროცენტი უცხოეთში სამუშაოს ეძებს, 20 პროცენტი კი საცხოვრებლად ან ახლობლებთან სტუმრობის მიზნით გადის ქვეყნიდან.

დაუდგენელია იმ ტრანსფერტების ოდენობა, რომელიც ემიგრანტთა მიერ ირიცხება საქართველოში. სხვადასხვა გათვლებით, ეს თანხა წელიწადში, დაახლოებით, ნახევარ მილიარდზე მეტია. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს და ქვეყნიდან უფრო ნაკლები პროდუქცია გადის, ვიდრე შემოდის, ამგვარი ტრანსფერტები ქართული საფინანსო ბაზრის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტიაა, რადგან იმპორტის სიდიდის დროს ქვეყნიდან დიდი ოდენობით მყარი ვალუტა გაედინება, რაც, ნაწილობრივ, სწორედ ჩვენი თანამემამულეების მიერ ოჯახებისათვის გამოგზავნილი თანხებით ბალანსდება.

რაც შეეხება სწრაფი გზავნილების სისტემებს, რომლითაც, ძირითადად, სარგებლობენ უცხოეთში მყოფი ქართველები, აქ კვლავინდებურად პოპულარულია „ვესტერნ უნიონი", რომლის მეშვეობითაც 2003 წლის ცხრა თვეში ჩვენი ქვეყნის კომერციულ ბანკებში 140 მილიონ 588 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც 77 მილიონ 766 ათასი დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. ანუ ტრანსფერტების მოცულობასაც მზარდი ტენდენცია ახასიათებს, რაც, გარდა იმისა, რომ ბევრი ოჯახისათვის ელემენტარული სასიცოცხლო პირობების გარანტიაა, სერიოზულ რესურსებს აძლევს საფინანსო ბაზარს.
თანხების გადმორიცხვის გეოგრაფია ბოლო წლებში უცვლელია და იმ ქვეყნებზე მოდის, სადაც ქართველები ყველაზე მეტად არიან კონცენტრირებული. ამ მხრივ, კვლავინდებურად რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, გერმანია და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ლიდერობს.
XS
SM
MD
LG