Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდემდე გაგრძელდება აღორძინების მომხრეთა მიტინგი პარლამენტის წინ


მეოთხე დღეა, რაც პარლამენტის შენობის წინ ხელისუფლების ხელდასხმით ორგანიზებული დემოკრატიული აღორძინების კავშირის აქცია მიმდინარეობს. აღორძინების მიერ აჭარიდან თბილისში

ჩამოყვანილ ათასობით მოქალაქეს დღისით თუ ღამით რუსთაველის გამზირზე უწევს დგომა. თუ რატომ, ეს, მეტ-ნაკლებად, ცნობილია. თუმცა როდემდე შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის წინ მიმდინარე აჭარელთა საპროტესტო აქცია, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ახალი ნაკადი აჭარიდან 21 ნოემბერსაც შეემატა.

[მოქალაქეთა ხმა] "ბევრი ვართ, ძალინ ბევრი, 50 კაცი. - ძალიან ბევრი ვართ, მთელი ბიოლოგიის და ქიმიის კათედრა."

მათი თავშეყრა, როგორც ცნობილია, პარლამენტის წინ ხდება. მომიტინგეთა გამოკვებაზე აქციის ორგანიზატორები ზრუნავენ. მათი დაბინავება, ძირითადად, ავტობუსებში ხდება და, ამ დროისათვის დამახასიათებელი სიცივის მიუხედავად, საპროტესტო აქციის მონაწილენი დაშლას მაინც არ აპირებენ. და თუ რატომ, ამას აჭარიდან ჩამოსული მოქალაქები ასე ხსნიან:

[აქციის მონაწილეთა ხმა] "აჭარიდან ვართ ჩამოსული იმისთვის, რომ საქართველოს ვუდგავართ მხარში, რომ სამოქალაქო ომისგან გადავარჩინოთ. ვდგავართ იქ, სადაც საჭირო არის. საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს ამას.

ფულს რაც შეხება, ქრთამით აქ არავინ არ ჩამოსულა. ჩვენ აქ ჩამოვედით ახალგაზრდობა, იმიტომ რომ 18-19 წლის ბიჭები ვართ და იმას ვფიქრობთ, რომ ჩვენ მომავალში შვილები გვეყოლება და ჩვენი შვილების იმედი უნდა გვქონდეს, რომ მათ საქართველო დავუტოვოთ ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს.

იქამდე ვიდგები, სანამ ყველაფერი არ მოწესრიგდება. კონსტიტუციური გზით როცა ყველაფერი გადაწყდება, იქამდე ვიდგები."

ამ ხალხს დღისით თუ ღამით სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის კრიტიკისა და ასლან აბაშიძის მხარდამჭერი მოწოდებების მოსმენა უწევთ. პერიოდულად მომიტინგეებს პატრიოტული ხასიათის სიმღერებითაც ამხნევებენ. მათ უსაფრთხოებას, შინაგან ჯარებთან ერთად, აჭარიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ავტონომიის პოლიციელებიც იცავენ. მე აღორძინების კავშირის ერთ-ერთ ლიდერს, ჯემალ გოგიტიძეს, ვკითხე, თუ როდემდე აპირებენ საქართველოს პარლამენტის წინ დგომას.

[ჯემალ გოგიტიძის ხმა] "სანამდე საქართველოში მოქმედი აგენტურა არ დაიხევს უკან - ის, ვინც ერს გახლეჩისა და დაპირისპირებისაკენ მოუწოდებს საკუთარი სკამების გულისთვის. ისინი არ არიან ოპოზიცია, ჩვენ ვართ; ისინი საქართველოს მტრები არიან."

ოპოზიციის, ანუ, როგორც მას ჯემალ გოგიტიძე უწოდებს, "აგენტურის", უკან დახევის უზრუნველსაყოფად 21 ნოემბერს, დღის ბოლოს, ბათუმიდან თბილისისაკენ კიდევ ერთი კოლონა დაიძრა, დაახლოებით, 700 კაცის ოდენობით. მათი უდიდესი ნაწილი შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროთა თანამშრომელია. ისინი ამას ჟურნალისტებთან საუბრისას არც უარყოფენ და აცხადებენ, რომ საკუთარი ნებით მიდიან დედაქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. თუმცა ძნელი წარმოსადგენია სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა გადაადგილება ბრძანების გარეშე ხდებოდეს, მით უმეტეს, ისეთ რეგიონში, როგორიც აჭარის ავტონომიაა.

ცხადია, რომ ხელისუფლება და აღორძინების კავშირი ყველაფერს აკეთებს რაიონებიდან თბილისისკენ დაძრული ოპოზიციისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. უბრალო მომიტინგენი ფიქრობენ, რომ ამ გზით სამოქალაქო ომს აიცილებენ თავიდან, თუმცა სწორედ ეს ვითარება ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.
XS
SM
MD
LG