Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება კონტრარგუმენტებით უპასუხებს


20 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ ადამ ერელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები

საქართველოში სერიოზული კანონდარღვევებით ჩატარდა. მართალია, ადამ ერელის განცხადება საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ წრეებში შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალურ შეფასებად არ აღქმულა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, განცხადებას კონტრარგუმენტები მაინც მოჰყვა. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში იმედი აქვთ, რომ აშშ-ის მკაცრი შეფასება უახლოეს მომავალში სახეცვლილებას განიცდის, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოში 2 ნოემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გაკეთდა. მართალია, საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი, ადამ ერელის თქმით, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ვითარება კრიტიკულია. ხმების დათვლა მანიპულირების საგანი გახდა, შედეგები ფალსიფიცირებულია და რადიკალურად განსხვავებული პარალელური დათვლისა და ეგზიტპოლების შედეგებისგან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას თავად პრესმდივნის მოადგილე ასე აყალიბებს:


[ადამ ერელის ხმა]


სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაზე ამ დროისათვის საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ წრეებში რამდენიმე გამოხმაურება არსებობს. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში იმედი აქვთ, რომ მას შემდეგ, რაც ახლად არჩეული პარლამენტი შეიკრიბება და საარჩევნო სიების გამყალბებელთა ვინაობის გამოსავლენი გამოძიება დამთავრდება, შეერთებული შტატების შეფასება რადიკალურად შეიცვლება. პრეზიდენტ შევარდნაძის პრესმდივანი კახა იმნაძე აცხადებს, რომ ვაშინგტონში საქართველოში გამართული არჩევნების შედეგებზე უტყუარ ინფორმაციას არ ფლობენ. შესაბამისად, შევარდნაძის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ბუშის ადმინისტრაციის არსებული იმედგაცრუება მის მიმართ მხოლოდ დროებითი მოვლენაა.
სახელისუფლებო ბლოკის სახელით, კიდევ უფრო მკვეთრ განცხადებას აკეთებს სოციალისტი ვახტანგ რჩეულიშვილი. მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ალბათ, უფრო მეტი დელიკატურობა უნდა გამოეჩინა. შესაბამისად, რჩეულიშვილი ხელიდან არ უშვებს ოპოზიციისა და საარჩევნო სიებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის შანსს და გამყალბებლებად სწორედ მათ ასახელებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, წინა ორ შეფასებასთან შედარებით, საგრძნობლად მოზომილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება. გამოხმაურებაში სინანულია გამოთქმული იმის გამო, რომ არჩევნებმა და არჩევნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ესოდენ კრიტიული დასკვნების საფუძველი მისცა. ახლა უმთავრესი ამოცანაა მოვძებნოთ ღირსეული გამოსავალი და ყველაფერი ვიღონოთ იმის შესანარჩუნებლად, რაც წლების განმავლობაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით იყო მიღწეული,- ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე.
საგულისხმოა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის შეფასებაც, რომელიც, შესაძლოა, პირდაპირ არც კი უკავშირდება საარჩევნო მარათონსა და კანონდარღვევებს. თედო ჯაფარიძე საქართველოში შექმნილი კრიზისის დაძლევაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციასა და მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG