Accessibility links

logo-print

ოპოზიცია და "გაბრაზებული ამომრჩევლები" დედაქალაქისკენ მოიწევენ


20 ნოემბერს ზუგდიდის რაიონული ცენტრიდან გამოსულმა საავტომობილო კოლონამ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოუძღვის, ქუთაისში ღამის თევის შემდეგ,

გორის რაიონულ ცენტრს 21 ნოემბრის დღის ოთხი საათისთვის მიაღწია. გორი თბილისისაკენ მომავალ გზაზე შესვენების ბოლო პუნქტია. ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა გრანდიოზულ მსვლელობას მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდი თვალს.

დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, 2003 წლის 2 ნოემბრის შემდეგ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის ყველა გზა თბილისისკენ მიდის. მას შემდეგ, რაც "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" ლიდერებმა საკუთარი ელექტორატი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან მოედანზე გადმოსხეს, მხარდამჭერების დედაქალაქში ორგანიზებულად ჩამოყვანა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმაც გადაწყვიტეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა გადაიფიქრა და დედაქალაქისკენ მსვლელობა, წალენჯიხის ნაცვლად, ზუგდიდის რაიონიდან დაიწყო.

ზუგდიდიდან წამოსული კოლონა, გზადაგზა შემატებული მხარდამჭერების ხარჯზე, ერთიორად გაიზარდა. მე ტელეფონით დავუკავშირდი მსვლელობაში მონაწილე მამუკა ჭონიშვილს.

[მამუკა ჭონიშვილის ხმა] "ქუთაისიდან გამოვიდა დაახლოებით ასი ავტომობილი. მას შემდეგ ჩვენ თერჯოლაში, ზესტაფონში, ასევე ხარაგაულში, ხაშურში შემოგვიერთდა მიკროავტობუსები, დიდი ავტობუსები და ვერ გეტყვით, ახლა უკვე რამდენია, იმიტომ რომ ვეღარ ვითვლი. არც თავი უჩანს ამ კოლონას და არც ბოლო."

ჩემი რესპონდენტის თქმით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაქალაქისაკენ მომავალმა კოლონამ გორამდე ისე ჩააღწია, რომ პოლიციას ერთხელაც კი არ უცდია თავის გამოჩენა.
[მამუკა ჭონიშვილის ხმა] "პოლიციელები ძალიან თბილად გვხვდებიან ჩვენ. ეს იყო ცოტა საგულისხმო ფაქტი ჩემთვის. იმდენად გრანდიოზული კოლონა გვაქვს, იმდენად შთამბეჭდავია რიგები, რომ არა მგონია, რომელიმე პოლიციელმა ან პოლიციის უფროსმა გაბედოს წინააღმდეგობის გაწევა და, თუ გაბედავს, ძალიან ძვირად დაუჯდება."(სტილი დაცულია)

ძნელი სათქმელია, ბოლომდე შეინარჩუნებენ თუ არა პოლიციელები აქციის მონაწილეებისადმი კეთილგანწყობას, მით უმეტეს, მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შოთა ასათიანი ასეთ განცხადებას აკეთებს:

[შოთა ასათიანის ხმა] "პოლიციას არავითარი ბრძანება არ აქვს მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ გამოყენებული იყოს ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ სპეციალური საშუალებები ის საშუალებებია, როდესაც ასეთი მასობრივი შეკრებების დროს, როდესაც ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, უფლებას გვაძლევს კანონი, რომ გამოყენებული იქნეს." (სტილი დაცულია)

თუმცა გულზე ხელებდაკრეფილები ხელისუფლების არც სხვა მხარდამჭერები არიან. ჩემთან საუბარში ბორის სარალიძემ განაცხადა:

[ბორის სარალიძის ხმა] "სანამ არ დალაგდება, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, ქალაქმა უნდა თავისი აზრი გამოხატოს. არავის ჩვენ - არც თბილისელებს და არც, თუ გნებავთ, სხვა რაიონელებს, უფლება არ აქვთ გულგრილნი იყვნენ ამ ამბის გამო."(სტილი დაცულია)

თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე, რომელიც ასევე მოუძღვის თბილისისაკენ დაძრულ კოლონას, ჩემთან საუბარში აცხადებს:

[აკაკი ბობოხიძის ხმა] "ჩვენ შევიკრიბებით სახელმწიფო კანცელარიასთან და საქართველოს პარლამენტთან. საქართველოს მოქალაქეებთან, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი, ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. თუ ვინმე ხელს შეგვიშლის, მაშინ მათთან გასაყოფიც გვექნება და საბრძოლველიც." (სტილი დაცულია)

მოკლედ, საქართველო და, ალბათ, არამარტო საქართველო, ოპოზიციის მორიგი იერიშის მოლოდინშია.
XS
SM
MD
LG