Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნება თუ არა საქართველოში ორხელისუფლებიანობა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 22 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოში 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 575 ბრძანებულების თანახმად, "მოსახლეობის უსაფრთხოების,

სახელმწიფო უშიშროების და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის, სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთის და დამნაშავეთა დაკავების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია" დაევალათ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. ოპოზიცია პრეზიდენტის ხელისუფლებას არ ცნობს - პრეზიდენტის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე ასრულებს. შეიქმნება თუ არა საქართველოში ორხელისუფლებიანობა?

შეიძლება ითქვას, რომ 22 ნოემბერს საქართველოში ორხელისუფლებიანობა დამყარდა - პრეზიდენტი, რომელსაც გადადგომის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. თავის მხრივ, ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ, კონსტიტუციის შესაბამისად, იგი თავის თავზე იღებს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებას:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] " მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იძულებული ვარ, პრეზიდენტის ქმედობაუნარიანობის საკითხის საბოლოო გარკვევამდე და ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადის დანიშვნამდე, ჩემს თავზე ავიღო ის ფუნქციები, რომელიც მე კონსტიტუციით მევალება."
თავის მხრივ, პარლამენტის შენობიდან გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ იგი თანამდებობიდან არ გადადგება, სანამ მომხრეების მხარდაჭერა ექნება. მოგვიანებით კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " არა ვარ შეშინებული. შეშინებული კი არა, შეშფოთებული ვიყავი. როგორ შეიძლება მოხდეს ჩემს ქვეყანაში - დემოკრატიულ ქვეყანაში - ასეთი რამ. წარმოუდგენელია. ამიტომ იძულებული ვარ, მივიღო ყველა ზომა იმისათვის, რომ მსგავსი რამ საქართველოში აღარ განმეორდეს."
სამწუხაროდ, ყველა ნიშანია საიმისოდ, რომ ითქვას: ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. გარდა ამისა, ფაქტია, რომ ამ დროისთვის მთავრობის წარმომადგენლები პრეზიდენტს ემორჩილებიან და არა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე უკვე მოხდა შინაგანი ჯარის ნაწილების მობილიზაცია. რა მიმართულებით გადაადგილდნენ ეს ნაწილები, უცნობია. თუ გავითვალისწინებთ, რომ, ისევ და ისევ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს უფლება არა აქვს, საკადრო ცვლილებები განახორციელოს მთავრობაში, შეიძლება ითქვას, რომ ძალოვანი სამინისტროები მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულებებს დაემორჩილებიან.
ანუ მდგომარეობა ყოველ წუთს იძაბება. დაახლოებით 12-ის ნახევარზე სროლის ხმა უკვე გაისმა მთაწმინდაზე. რა შედეგით დასრულდება ოპოზიციის მიერ ხავერდოვან რევოლუციად, პრეზიდენტის მიერ კი შეიარაღებულ გადატრიალებად წოდებული მოვლენები, ამ დროისთვის ძნელი სათქმელია.
XS
SM
MD
LG