Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამოცხადება, თბილისში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამოცხადება, თბილისში დაწყებული მიტინგების ომი, რამდენიმე მაღალჩინოსანი ჩინოვნიკის გადადგომა,

რეგიონებში დაწყებული დაუმორჩილებლობის აქცია - მეტწილად, სწორედ ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება გასული კვირის ქართულმა პრესამ.
კვირის ბოლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები სენსაციად არ ქცეულა. სხვა საკითხია, რომ სენსაციად, შესაძლოა, იქცეს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომი პერიოდი: არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებენ როგორც პოლიტიკური პარტიები, - მათ შორის, მრეწველები და ლეიბორისტები, - ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.
21 ნოემბრის "დილის გაზეთის" განცხადებით, ფაქტია, რომ ნოემბრის მოვლენებით საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო, რაც აუცილებლად დაასვამს დაღს ახალ პარლამენტსაც:


"2003 წლის პარლამენტში არა თუ ორი, არამედ სამი ძალაც კი ძნელად თუ შეძლებს მისთვის სასურველი ყველა გადაწყვეტილების ადვილად გატანას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო ოქმის შესაბამისად, სახელისუფლებო ბლოკმა "ახალი საქართველოსთვის" მოიპოვა 38 მანდატი. თუ ამას დავუმატებთ მაჟორიტარულ ოლქებში მოპოვებულ 35 მანდატს, ეს მაინც არ არის არათუ აბსოლუტური უმრავლესობა - 118 ხმა, არამედ სიითი შემადგენლობის მესამედით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებსაც ძლივს ეყოფა იმ შემთხვევაშიც კი, თუ 35 მაჟორიტარიდან ყველა აბსოლუტურად ლოიალური იქნება პრეზიდენტის პოლიტიკისადმი, რაც საკმაოდ საეჭვოა. 33 მანდატი ერგო "აღორძინებას", რასაც დაემატება 6 მაჟორიტარი დეპუტატი, ანუ სულ 39 დეპუტატი.
რასაკვირველია, ბლოკს "ახალი საქართველოსთვის" და "აღორძინებას" შეუძლია ერთობლივად უბრალო უმრავლესობით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მთლიანად პარლამენტის სამართავად, მით უმეტეს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხოლოდ პროპორციული სიებით მოიპოვა 32 მანდატი, რაც, დემოკრატებთან ერთად, რომლებიც, ადრე თუ გვიან, ალბათ, მაინც შევლენ პარლამენტში, საკმაოდ სერიოზული ოპოზიციური ფრაქციის შექმნას ნიშნავს. ლეიბორისტების 20 ხმა, სოციალური საკითხების განხილვისას, ხან "ახალი საქართველოსთვის", ხან "ნაციონალ-დემოკრატების" ყულაბაში მოხვდება. ალბათ, სწორედ ლეიბორისტები იქცევიან ყველაზე ნაკლებად პროგნოზირებად ფრაქციად ახალ პარლამენტში."



" პარლამენტის ბედი ნათელაშვილის ხელშია", - წერს 21 ნოემბრის გაზეთი "რეზონანსი", რომლის ცნობითაც, ლეიბორისტული პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს. ლეიბორისტების მტკიცებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების მითითებით მოქმედებს და მათი პარტიის ხმების ხარჯზე პარლამენტში სხვა პოლიტიკური ძალების შეყვანას ცდილობს. ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ლეიბორისტები ქუჩაში გამოსვლითა და პარლამენტის ბოიკოტირებით იმუქრებიან. გაზეთი "რეზონანსი" წერს:



"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება ლეიბორისტების მოთხოვნის გაუთვალისწინებლად გამოიტანა. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ბადრი ინაური, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა.
როგორც ჩანს, ნაციონალებს და ბურჯანაძე-დემოკრატებს საკმაო ძალა ემატებათ. თუ კი ლეიბორისტები პარლამენტის ბოიკოტირების მოსურნე პარტიებს შეუერთდებიან, მაშინ 22 ნოემბერს დეპუტატთა ორი მესამედი ვერ შეიკრიბება და პარლამენტიც ვერ იქნება უფლებამოსილი. ასე რომ, მომავალი პარლამენტის ბედი ნათელაშვილზე დიდადაა დამოკიდებული. თუ ისინი პარლამენტში შევლენ, მაშინ მათი პროტესტი არჩევნების გაყალბების შესახებ და ოქმზე ხელის მოუწერლობა რიტორიკა ყოფილა და არა რეალური წინააღმდეგობა."




" ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დანაპირები შეასრულა და პრეზიდენტს საკუთარი და ხალხის ძალა დაანახვა", - წერს 22 ნოემბრის გაზეთი "ახალი თაობა", რომლის ცნობითაც, 21 ნოემბრის საღამოს სააკაშვილი თავად შემოუძღვა დასავლეთ საქართველოდან პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანებულ სამი ათასამდე ადამიანს, რომლებიც თბილისს მანქანების სიგნალით და დროშების ფრიალით მოადგნენ. გაზეთი "ახალი თაობა" წერს:



" - გადადექი, შევარდნაძე, შენი დღეები დათვლილია! - ყვიროდა ხალხი, რომელთაც ქუჩებში გამოფენილი თბილისელები ტაშით და ხელების ქნევით ხვდებოდნენ.
მცხეთის მხრიდან შემოსული მომიტინგეები რუსთაველის პროსპექტისკენ დაიძრნენ. ქუჩაში გაჩერებული მანქანები სოლიდარობას უცხადებდნენ რეგიონებიდან ჩამოსულებს და მათ უერთდებოდნენ.
დროშებით მორთული მიკროავტობუსები და იკარუსები მძიმედ მოემართებოდნენ თბილისის ცენტრისკენ. გზებზე განლაგებული პოლიციელები კი უპრობლემოდ ატარებდნენ. ერთადერთ დაბრკოლებად შეიძლება ჩაითვალოს მანქანების შემოწმება, რომ თბილისში ხალხთან ერთად იარაღი არ შემოსულიყო.
ცუდი ამინდის მიუხედავად, ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებულები უკან დახევას არ აპირებენ და სხვებსაც ახსენებენ, რომ საქართველოს თავისუფლება რეალური მისაღწევია, რომ 23 ნოემბერს, გიორგობას, საქართველო თავისუფალი შეხვდება. შევარდნაძე კი სამუდამოდ დაემშვიდობება პრეზიდენტობას და უპრობლემოდ გავა იმ 14 ლარიან პენსიაზე, რომელსაც ქართველი ხალხისთვის იმეტებდა.




"პროდასავლური ძალების ბრძოლაში, შესაძლოა, რუსეთმა იმარჯვოს", - წერს 22 ნოემბრის გაზეთი "ხვალინდელი დღე", რომლის ცნობითაც, ვიდრე ნაციონალთა ლიდერი რეგიონებში მოგზაურობდა და ახალი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტალღას აგორებდა, დანარჩენი პოლიტიკური ძალების ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატებს განიხილავდნენ და გამალებული კონსულტაციები უწყვეტად მიმდინარეობდა. გაზეთი "ხვალინდელი დღე" წერს:



სავარაუდოდ, ნაციონალებისა და დემოკრატების კანდიდატი ამ პოსტზე კვლავ ნინო ბურჯანაძე იქნება. ამ შემთხვევაში, ბურჯანაძეს არამარტო თანამებრძოლთა და ლეიბორისტების, სახელისუფლებო ბლოკისა და აღორძინების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა დასჭირდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილის "ერთგული" თანამებრძოლი ზურაბ ჟვანია სინამდვილეში სულაც არ აპირებს სადეპუტატო მანდატზე უარის თქმას. ამით, ფაქტობრივად, შევარდნაძის წინააღმდეგ ბრძოლაში სააკაშვილი მარტო დარჩება...
პრეზიდენტ შევარდნაძეს ერთადერთი გზა რჩება - ხელისუფლების შესანარჩუნებლად ქართული საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან 90 გრადუსით, ჩრდილოეთისკენ, შემოაბრუნოს და რუსეთის მხარდაჭერის იმედად დარჩეს. ამის ნიშნები უკვე არსებობს. პრეზიდენტი რუსეთთან ცივი ომის დასრულების აუცილებლობის შესახებ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ალაპარაკდა. დღეს კი აცხადებს, რომ ამერიკასთან მეგობრობა საქართველოს ხელს არ უნდა უშლიდეს, "რუსეთთან ნორმალური პოლიტიკური და კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყაროს."
თუ სააკაშვილმა დანაქადის შესრულება ვერ შეძლო, ხოლო პრეზიდენტმა პოსტის შენარჩუნება და პარლამენტის ამოქმედება მოახერხა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ დასავლეთზე ორიენტირებული მემარცხენე და მემარჯვენე სპექტრის პოლიტიკურ ძალებს შორის ხელისუფლებისთვის ატეხილი ბრძოლა, შესაძლოა, რუსეთზე ორიენტირებული "ცენტრისტული" ძალების გამარჯვებით დამთავრდეს."
XS
SM
MD
LG