Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხავერდოვანი რევოლუციის ტალღა სახელმწიფო ტელევიზიასთან


გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა 23 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიას მიაკითხეს. ამის საბაბი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მოწოდება

მომიტინგეებისადმი სახელმწიფო ტელევიზიის შენობის დაკავებისა და მისი ბლოკირების თაობაზე. ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის მოწოდებას სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან მისვლით გამოეხმაურნენ, ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა ცოცხალი კედელი აღუმართა და არ მისცა შენობაში შესვლის საშუალება. შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა. სახელმწიფო ტელერადიოდეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ისინი უკან საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად გაბრუნდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს ეს სტრატეგიული ობიექტი არ დაუკავებიათ.

"პირველ არხს ეთერი უნდა გაეთიშოს, რათა მან შეწყვიტოს ანტიხალხური და პროშევარდნაძისტული კამპანია." - ასეთი მოწოდებაც გაისმოდა 23 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ხალხმრავალ აქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწოდების აღსასრულებლად სახელმწიფოტელერადიომაუწყებლობის შენობას გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა სოლიდურმა წარმომადგენლობამ მიაკითხა, სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხს ეთერი არ გათიშვია და ოპოზიციის მხარდამჭერები სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის შენობაში არ შეჭრილან. შენობის შესასვლელთან მათ დახვდათ ნაწილი ტელევიზიის თანამშრომლებისა, რომელთა შორის იყო ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი. ის ამბობს, რომ მან და მისმა კოლეგებმა სახელმწიფო ტელევზიის შესასვლელთან აღმართული ცოცხალი კედლით ტელევიზია, სიტყვის თავისუფლება და, იმავდროულად, სახელმწიფო ინტერესები დაიცვეს.

[თამარ ცაგარეიშვილის ხმა] " ვინც იქ იყო, ისინი იცავდნენ საკუთარი სიტყვის უფლებას - იმ პოზიციას, რომ სახელმწიფო ტელევიზიის დარბევა და მისი გათიშვა არის მიუღებელი, მით უფრო, მოწოდებით და ძალადობით. რომ გითხრათ, რომ ხალხმრავალი იყო ჩვენი ცოცხალი კედელი, ჩემდა სამწუხაროდ, ასე არ ყოფილა. მაგრამ ვინც იქ იდგა, იდგა ამის დასაცავად. "


სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის შენობის შესასვლელთან თანამშრომლების ცოცხალი კედელი შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენლის შესაშვებად გაირღვა. ისინი ტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მოლაპარაკებაზე მიღწეულ შეთანხმებებზე საუბარი სახელმწიფო რადიოს ხელმძღვანელს ვახტანგ ნანიტაშვილს ვთხოვეთ.

[ვახტანგ ნანიტაშვილის ხმა] " მოვიდნენ მოთხოვნით, ვრცლად გაშუქდეს ეს მიტინგი და ის, რასაც უცხოური წყაროები გადმოსცემენ, იყოს დედანთან ახლოს. რაღაცებში დავეთანხმეთ, რაღაცებში - არა და ძალიან ნორმალურდ დავშორდით. "

უფრო კონკრეტულად, ოპოზიციასთან შეთანხმების შედეგი ასეთია: 23 ნოემბრის 3 საათიდან შეწყდა სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამის "მოამბის" მუშაობა, სავარაუდოდ, ერთი დღით. 23 ნოემბრის დღის 4 საათიდან ტელევზიის პირველი არხით დაიწყო პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგის ტრანსლაცია, ყოველგვარი კომენტარების გარეშე.
სახელმწიფო ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელის გიორგი ლეონიძის განცხადებით, ეს ყველაფერი არის ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიღწეული შეთანხმების შედეგი - შეთანხმებისა, რომელზეც ტელევიზიის ხელმძღვანელობა წავიდა სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს შენობაში დაცული სულიერი სიმდიდრისა და ტელერადიოდეპარტამენტის თანამშრომლების დაცვის მიზნით.

ხელმძღვანელობის შეთანხმებით თანამშრომლების ნაწილი უკმაყოფილოა. თამარ ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მოცემულ მომენტში სახელმწიფო ტელევიზიის კარი მისთვის დაიხურა, რადგან იქ, სააკაშვილის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, აღარ სჭირდებათ განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიცია.

[თამარ ცაგარეიშვილის ხმა] " არავითარი სამუშაო სიტუაცია არ არის სახელმწიფო ტელევიზიაში. როცა დღეს იქ ადამიანს არა აქვს განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება და მიტინგი აქვთ ჩართული, ეს არ არის მუშაობა. ეს არის მოლაპარაკება. 3 კვირის წინ დამიძახეს და მითხრეს, მოდი და დაიცავი სახელმწიფოს ინტერესებიო. მაშინდელი გადაცემები მიმართული იყო იქითკენ, რომ შენარჩუნებულიყო გონი. დღეს მე იქ არ დამიძახეს. "

თამარ ცაგარეიშვილი თავისუფლების ლოზუნგით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აღნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო ტელევიზიაში და საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას და ასევე ოპოზიციას შეწყვიტონ მედიით მანიპულირება. "ჩვენთვის ცნობილია, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბლოკირებულია საქართველოს სახელმწიფო ტელევიზია. განვითარებული მოვლენები ქმნის საინფორმაციო დიქტატურის საშიშროებას", - ნათქვამია ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მაგრამ იმავე სახელმწიფო რადიოს თანამშრომლები არ ფიქრობენ, რომ მათი მუშაობა შეზღუდულია. პირიქით. როგორც ჟურნალისტმა დოდო შონავამ გვითხრა, თუ მუშაობის იმ ტემპში, როგორითაც სახელმწიფო რადიოს თანამშრომლები უკანასკნელ დღეებში მუშაობენ, ვინმე რაიმე არასახელმწიფოებრივს ხედავს, ეს მისი პრობლემა უნდა იყოს. დოდო შონავა ამბობს, რომ სახელმწიფო რადიოს თანამშრომლები 23 ნოემბერს მაინცდამაინც არ აუღელვებია ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების ტელერადიომაუწყებლობის შენობასთან მისვლას.

[დოდო შონავას ხმა] "არავინ არ აღელვებულა აქ ვინმეს შემოსვლაზე. თუ შემოვიდოდნენ, ავუხსნიდით, რასაც ვაკეთებთ. ადამიანი არ უნდა ღელავდეს, თუ ის მართალია. იღელვოს იმან, ვინც მართლა ტყუილებს იძახდა ეთერში და იძახის. "

დოდო შონავა ვერანაირად ვერ დაეთანხმება აზრს, რომ ამა თუ იმ არხით არ შეიძლება გადაიცემოდეს ედუარდ შევარდნაძის ან ავთანდილ ჯორბენაძის გამოსვლა. მისი თქმით, საინფორმაციო საშუალებების ვალია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, ობიექტური ინფორმაცია, ნებისმიერი საინტერესო პოზიცია, მათ შორის, ედუარდ შევარდნაძის პოზიცია.
XS
SM
MD
LG