Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იძულებითი და ნებაყოფლობითი საკადრო წმენდა საქართველოს რეგიონებში


საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილი არ არის შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა.

ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ გამგებლებსა და რწმუნებულებზე. განხორციელდება თუ არა საკადრო წმენდა ამ მიმართულებით, ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი პროგნოზების საგანი თუ შეიძლება იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, ამ დროისათვის უკვე არსებობს თანამდებობიდან გადადგომის როგორც ნებაყოფლობითი, ისე იძულებითი პრეცედენტები. ჩვენი მორიგი სიუჟეტი სწორედ ამ საკითხს შეეხება.

გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმი გადადგომის შესახებ ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი რევოლუციის დაწყებიდან დღემდე კატეგორიულად ისმოდა რამდენიმე რეგიონალური ხელმძღვანელის მისამართით. მათ შორის, პირველ რიგში დავასახელებთ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულს თემურ შაშიაშვილს, სამეგრელო-ზემო სვანეთში ასევე პრეზიდენტის რწმუნებულს ბონდო ჯიქიას და, ბოლოს, თელავის რაიონის გამგებელს მედიკო მეზვრიშვილს. ამ დროისათვის არც ერთი მათგანი აღარ იმყოფება თანამდებობაზე.

[თემურ შაშიაშვილის ხმა]

იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის ამჟამად უკვე ექს-რწმუნებული თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხი ნაკლებად უკავშირდებოდა თავად პრეზიდენტის გადადგომის საკითხს. გადამწყვეტი მისთვის ის აღმოჩნდა, რომ ძალაუფლებამ ძველი პარლამენტის თავმჯდომარის ხელში მოიყარა თავი.

რამდენად გულწრფელია ექს-გუბერნატორი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა სწორედ პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ მოხდა და არა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ძველი პარლამენტის უფლებამოსილება რჩებოდა ძალაში. კანონიერად თუ უკანონოდ, ეს ამ დროისათვის კვლავაც აქტუალური საკითხია იურისტთა და ჩინოვნიკთა ვიწრო წრისთვის და არა თავად გაერთიანებული ოპოზიციისა და ხალხისთვის.
თემურ შაშიაშვილი კი, ჩვეულებისამებრ, უკომპრომისოა და არ არის გამორიცხული, რომ იგი უახლოეს ხანში პრეზიდენტობის მაძიებელ კანდიდატთა რიგებში მოგვევლინოს.

[თემურ შაშიაშვილის ხმა]

ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომამდე თანამდებობა დატოვა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა. ეს ნებაყოფლობითი ნაბიჯი იყო და, ცხადია, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერად იქნა აღქმული. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ არმაზ შამანაურმა თანამდებობა ავტომატურად აღიდგინოს. იმავეს თქმა გაგვიჭირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ბონდო ჯიქიაზე, რომელმაც ფარ-ხმალი გაცილებით ადრე დაყარა, ვიდრე თავად პრეზიდენტმა შევარდნაძემ. 23 ნოემბერს, შუადღისას, ბონდო ჯიქიას კაბინეტი აპარატისა და დაცვის წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა "ეროვნული თანხმობა-იბერიის გაბრწყინების" ლიდერმა გურამ აბსანძემ.

[გურამ აბსანძის ხმა]

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თანამებრძოლებთან ერთად, შეიძლება ითქვას, იჩქარა და მანამდე განახორციელა საკადრო წმენდა, სანამ ამის კონსტიტუციური უფლება მიეცემოდა.
ამას, რაღა თქმა უნდა, აღიარებს პრეზიდენტ შევარდნაძის რწმუნებული ბონდო ჯიქია, რომელიც, შეიძლება ითქვას, უბრძოლველად დანებდა რევოლუციას.

[ბონდო ჯიქიას ხმა]

ბონდო ჯიქიასგან განსხვავებით, რევულუციის ქარტეხილების მთელი სიმწარე საკუთარ თავზე იწვნია თელავის გამგებელმა მედეა მეზვრიშვილმა, რომელიც დღეიდან უკვე დატოვებს თანამდებობას. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ მისი გადაყენება ვერ შეძლო მანამ, სანამ იგი თავად არ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, მისივე განცხადებით,პრეზიდენტთან და საკუთარ სინდისთან ვალმოხდილი.

[მედეა მეზვრიშვილის ხმა]

ნებაყოფლობით გადამდგარ გუბერნატორთა და გამგებელთა რიცხვი, შეიძლება ითქვას, თითებზე ჩამოსათვლელია. მათი ნაწილი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, ნაწილი კი ჯერ კიდევ ფიქრობს.
XS
SM
MD
LG