Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძის გერმანიაში ჩასვლის შესახებ ცნობას საქართველოს ელჩიც უსაფუძვლოდ და მცდარად აცხადებს


დღეს ედუარდ შევარდნაძის გერმანიაში ჩასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ძალიან მალე თავად დასავლეთის საინფორმაციო წყაროებმა უარყვეს. ჩვენ დაგვაინტერესა ჰქონდა თუ არა საფუძველი ასეთი ხმის

გავრცელებას - რაიმე სხვა რეისი ხომ არ განხორციელდა საქართველოდან გერმანიაში, ან ვინმე ქართველი ხომ არ ჩაფრინდა იქ. ამის დასაზუსტებლად დავუკავშირდი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე გაბაშვილს, რომელსაც გარდა შევარდნაძის შესახებ ცნობების გადამოწმებისა, კიდევ ერთი, მის შესახებ გავრცელებული ცნობის განმარტება სთხოვა.

კონსტანტინე გაბაშვილმა უარყო ედუარდ შევარდნაძის გერმანიაში ჩაფრენის ცნობის საფუძვლიანობა. და მაინც, რას ემყარებოდა ინფორმაცია, რომელიც დასავლეთის არაერთმა სააგენტომ გაავრცელა:

[გაბაშვილის ხმა]
"ჩვენ დავაზუსტეთ საქართველოში, რომ ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მაინც ეს საკითხი სრულ კონტროლზე იყო აყვანილი. მართლაც, 12 საათსა და 50 წუთზე დაჯდა თვითმფრინავი ბადენ-ბადენის პატარა აეროპორტში, პატარა თვითმფრინავი, სპეციალური "ჯეტი", რომელიც ჩამოფრინდა მოსკოვიდან და აღმოჩნდა, რომ არავითარი კავშირი შევარდნაძესთან ამ თვითმფრინავს არა აქვს. იქ იყო სამი ბიზნესმენი, რომელიც ჩამოფრინდა თავის საქმეზე ბადენ-ბადენში. მოგეხსენებათ, ეს ის კუთხეა, რომლის მიმართაც რუსების დიდი სიყვარულია ჯერ კიდევ რევოლუციამდელი პერიოდიდან და ახლაც იქ ხშირად დადიან ხოლმე. ამის მერე ჩვენ მაინც ვთხოვეთ, შევეკითხეთ, უშუალო პასუხი მივიღეთ სასაზღვრო სამსახურიდან და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც ძალიან ახლოს იყო თითქოს სიმართლესთან თვით გერმანული წყაროების მიხედვით, აღმოჩნდა ტყუილი და ცნობა, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომ შევარდნაძე არის საკუთარ რეზიდენციაში კრწანისში, აღმოჩნდა მართალი".

ჩემი შემდეგი შეკითხვა თავად ელჩის - კონსტანტინე გაბაშვილის შესახებ გავრცელებულ არაოფიციალურ ცნობას შეეხებოდა.

[შეკითხვა-გაბაშვილის ხმა]
"- გავრცელდა არაოფიციალური ხმა, თითქოს თქვენ დაწერეთ განცხადება გადადგომის შესახებ. შეესაბამება თუ არა ეს ცნობა სიმართლეს?
-
მე შემიძლია გითხრათ ძალიან მოკლედ, რომ - არა. მაგრამ ამაში სიმართლის ნაწილი ის არის, რომ (ახლა უკვე გარდასული ამბავია და შეიძლება ამაზე ლაპარაკი. თუმცა, არ არის მიღებული დიპლომატიურ წრეებში ასე მუშაობა) 19 ნოემბერს მე განვაცხადე სურვილი ჩემი გადადგომის გამო და კიდევ უფრო მეტად დავადასტურე ეს ორი დღის შემდეგ, უკვე წერილობით, რადგან ის ვითარება, რომელიც საქართველოში იყო შექმნილი, ის აუტანელი ვითარება და ის ანტიხალხური სიტუაცია შეუძლებელს ხდიდა ჩემთვის მუშაობას. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, გუშინ ღამესაც და დღესაც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან - ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან და ჩვენ გავარკვიეთ, რომ საჭიროა ჩემი მუშაობის გაგრძელება და მე ვაგრძელებ მუშაობას როგორც ელჩი. ჩემი გადადგომა იყო არა გუშინ მომხდარი ამბის შემდეგ, რომ მე სადმე გავიქეცი, არამედ პირიქით, სოწრედ მანამდე მქონდა სურვილი წავსულიყავი, მაგრამ ამის გახმაურება არ მინდოდა, თუმცა, რადგან გარდასული ამბავია, გეუბნებით. არ მინდოდა გახმაურება იმიტომ, რომ კიდევ უფრო არ ყოფილიყო ნავთის ცეცხლზე დასხმა - ეს ერთი და მეორე ის, რომ დიპლომატის გადადგომა ეს არ არის ნივთების აკრეფა და სახლში წასვლა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი რიტუალია და რომლის შესახებ მე თხოვნა გავუგზავნე ჩემს მინისტრს, ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს. დღეს ყველაფერი გაირკვა და ეს საკითხი მოხსნილია.
-
დიდი მადლობა საუბრისთვის."
XS
SM
MD
LG