Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 ნოემბერს საქართველოს სახალხო არტისტს


18 ნოემბერს საქართველოს სახალხო არტისტს,

მრავალი პრემიის ლაურეატს თემურ ჩხეიძეს 60 წელი შეუსრულდა. რადიო "თავისუფლება" ულოცავს მას იუბილეს და ყოველკვირეული პროგრამის, "ოქროს საუკუნის", დღევანდელ გამოშვებას შესანიშნავი ქართველი რეჟისორის შემოქმედებას უძღვნის.

თემურ ჩხეიძის ბიოგრაფები გამუდმებით აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ქართული თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი ლიდერის, ასამდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის განსაკუთრებული აქტიურობა ემთხვევა 80-იან წლებს, ე.ი. ქართული საბჭოთა კულტურის, შესაძლებელია, ყველაზე დრამატულ ეპოქას, როცა ჯერ კიდევ არავინ იცის რა მოხდება ამ ქვეყანაში, როგორ დაინგრევა სისტემა, როგორ შეიცვლება "ზასტოის" პერიოდი "პერესტროიკით", შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დაშლით, სამოქალაქო ომით.

დღეს ძნელია იმის თქმა, გრძნობდა თუ არა რეჟისორი მოახლოებულ ცვლილებებს, როცა 1984 წელს თითქმის ერთდროულად დგამდა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე "ოტელოსა" და "ჯაყოს ხიზნებს", და თუ გრძნობდა, მაშ რატომ დათანხმდა ეთამაშა რაიკომის მდივანი რეზო ჩხეიძის ამავე სახელწოდების ფილმში, რომელსაც კიდევ მეორე სათაურიც აქვს - "მშობლიურო ჩემო მიწავ". ეს თავისებური კონტრაპუნქტი ფილმის სათაურში აბსოლუტურად ზუსტად გამოხატავს რეზო ჩხეიძის ფილმის შინაარსს და, რაც მთავარია, ეპოქის შინაარსს, აბსოლუტურად ზუსტად გამოხატავს თემურ ჩხეიძის მიერ შექმნილ რაიკომის მდივნის, გიორგი თორელის, სახეს - კომპარტიის ჩინოვნიკს, რომელიც, მავანთა და მავანთა წინააღმდეგობის მიუხედავად, "უდაბნოს" ლამის "ბაღნარად" აქცევს, ფილმის ფინალში კი მოსკოვში, კომპარტიის ყრილობაზე, ლენინის პორტრეტის ფონზე, "ამხანაგების" წინაში საანგარიშო სიტყვით გამოვა. იმხანად, როცა ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, როცა რეზო ჩხეიძე და თემურ ჩხეიძე მოსკოვმა ლენინური პრემიებით დააჯილდოვა, ამბობდნენ, რომ "რაიკომის მდივანი’ ("მშობლიურო ჩემო მიწავ") - იყო ჩხეიძეების მსხვერპლი იმისთვის, რომ მოსკოვს ქართული კინოს განვითარებისთვის ხელი აღარ შეეშალა, იმისთვის, რომ თითქმის პარალელურად, რეზო ჩხეიძის მეგობარს, ოდესღაც კი თანაავტორს, თენგიზ აბულაძეს, "პერესტროიკის" მთავარი ფილმის, "მონანიების", გადაღება დაესრულებინა. თუმცა ის ხალხი, ვინც რეზო ჩხეიძის კომპრომისზე ლაპარაკობდა, ფილმის ღირსებასაც არ უარყოფდა - თემურ ჩხეიძის თამაში თითქმის ყველას მოეწონა... უფრო სწორად, ყველას მოეწონა, რომ თემურ ჩხეიძე, ფაქტობრივად, არ თამაშობდა ამ ფილმში, თითქოს მხოლოდ აკვირდებოდა, უმზერდა იმას, რაც ხდებოდა მის გარშემო, შეიძლება ითქვას, "ეზარებოდა თამაში", რასაც კარგად გრძნობდა ის, ვისაც ახსოვდა თემურ ჩხეიძის, როგორც რეჟისორის, შემოქმედებითი ბიოგრაფია, მისი სპექტაკლები, დადგმული რუსთაველის, მარჯანიშვილის თეატრებში, სატელევიზიო თეატრში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თემურ ჩხეიძე 1981-88 წლებში, ე.ი. სწორედ იმ დროს, როცა "ზასტოი" - "პერესტროიკაში" გადაიზარდა.

ამქვეყნიური "უდაბნოს" "ბაღნარად" გადაქცევისა მას არასდროს სწამდა. და არა იმიტომ, რომ არ სჯეროდა, ოდესმე მაინც დაინგრეოდა ჩაკეტილი სისტემა. განსხვავებით რობერტ სტურუასგან, ვისთანაც ერთად თავისი პირველი გახმაურებული სპექტაკლი "სამანიშვილის დედინაცვალი" დადგა, თემურ ჩხეიძეს ნაკლებად იტაცებდა ბრეხტის "პოლიტიკური თეატრი", ყოველთვის უარს ამბობდა მრავალმნიშვნელოვან სცენოგრაფიაზე და უპირატესობას ანიჭებდა ასკეტურ, განტვირთულ მიზანსცენებს, რათა მაყურებელს მაქსიმალურად გაემახვილებინა ყურადღება პერსონაჟზე, მის ფსიქოლოგიაზე. ერთია ჩაკეტილი სისტემა, აპოკალიფსური გარემო სტურუას სპექტაკლებში და მეორეა თავის თავში ჩაკეტილი ადამიანები, "გუშინდელნი" - თემურ ჩხეიძის წარმოდგენებში. ამ თვალსაზრისით, "ბერნარდა ალბას სახლი", დადგმული 70-იან წლებში რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, იყო ავტორის ავი წინათგრძნობა, შეშფოთება იმის გამო, რაც ხდებოდა არა იმდენად სისტემაში, რამდენადაც ამ სისტემის საზღვრებში მოქცეული ადამიანების სულში. რაც შეეხება სპექტაკლს "გუშინდელნი", მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის თეატრში დადგმული ამ წარმოდგენის ჩანაწერის ხარისხი ძალიან დაბალია, ჩვენი მსმენელი ადვილად გაავლებს პარალელს ამ წარმოდგენის ტექსტსა და დღევანდელ ტექსტებს შორის. საქართველოში, როგორც ჩანს, ბევრი არაფერი იცვლება - ადამიანები ხშირად დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს და "მესიას" ელიან, ძლიერ ხელს, რომელიც მათ პრობლემებს გადაწყვეტს. ამ მესიის როლში აქ მაზრის ახალი უფროსი, რუსი ჩინოვნიკი მოგვევლინება

["გუშინდელნი". ხმა]


"ნუთუ ბოროტება ზეიმობს?" - ამ კითხვით დაასრულა პოლონელმა კრიტიკოსმა მარეკ ვავჟკევიჩმა რეცენზია თემურ ჩხეიძის სპექტაკლზე "ოტელო", რომელიც რეჟისორმა, რუსთაველის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრში დადგა. იმხანად ჩხეიძემ გაბედა და მარჯანიშვილელთა სცენაზე გადაიტანა "ჯაყოს ხიზნები" - სპექტაკლი, რომელიც უფრო ადრე, 70-იან წლებში, როცა თემურ ჩხეიძემ ჯავახიშვილის ნაწარმოები სატელევიზიო სპექტაკლად აქცია, ქართული საზოგადოების "ლაკმუსის" როლში მოგვევლინა. "ჯაყოს ხიზნებშიც" ასეთივე კითხვა დაისვა: "ნუთუ ბოროტება ზეიმობს?"... ზეიმობს არა იმდენად სცენაზე, ეკრანზე, რამდენადაც სცენისა და ეკრანს მიღმა - საზოგადოებაში. ქართული საბჭოთა კულტურის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელოვანს დაუპირისპირდა არა ხელისუფლება, არა პარტიული ბიუროკრატები, ცენზურა, არამედ თავად საზოგადოება - პედაგოგები, პენსიონერები, ექიმები. ამ ხალხმა "ჯაყოს ხიზნები" - "პორნოგრაფიად" მონათლა. რა თქმა უნდა, თემურ ჩხეიძის სატელევიზიო დადგმაში არაფერი იყო "პორნოგრაფიული", უბრალოდ, მაყურებელი არ იყო მიჩვეული ფსიქოლოგიური პრობლემის "ახლო ხედით" წარმოდგენას; მით უმეტეს, რომ აქ ლაპარაკი იყო პრობლემაზე, რომელსაც "ზასტოის" ეპოქის საზოგადოება თავად გაურბოდა - ლაპარაკი იყო პასიურობასა და გულგრილობაზე, რომელიც "ჯაყოს ხიზნებში" პერვერსიად, პათოლოგიად იქცა. დღეს "ჯაყოს ხიზნების" სატელევიზიო პრემიერას თემურ ჩხეიძე ასე ახსენებს:



[თემურ ჩხეიძე]: "მე მიმაჩნდა, რომ თავისი სატკივარით ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, მაშინ მივხვდით, როგორ დახვრიტეს ჯავახიშვილი, ელდა მეცა, რომ შეიძლებოდა მართლა ხალხის მოთხოვნით დაეპატიმრებინათ. ფაქტიურად ისე მოხდა, რომ იმ პარტიამ, რომელსაც ყველაფერს ვაბრალებთ, გაუშვა ეს ნაწარმოები, ხალხი კი ითხოვდა ნაწარმოების აკრძალვას და ჩემს დახვრეტას."(სტილი დაცულია)

"ხალხი", ბრბო, მასა - თემურ ჩხეიძის წარმოდგენებში დღესაც "ბოროტებას ზეიმობს" და იმათ დასჯას მოითხოვს, ვინც სამართლიანობას უმაღლეს ფასეულობად მიიჩნევს. ბოლო დროს მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ ჩხეიძის სპექტაკლებში -"მარადი ქმარი", "მამა", "ანტიგონე", "პილატე" - ისტორიული გარემო, წარსულის ელფერი, სანახაობა უკვე რადიკალურადაა უარყოფილი.


ამ წარმოდგენების შემყურე პუბლიკა შეიძლება ვერც კი მიხვდეს, თუ როდის და სად ხდება სპექტაკლის მოქმედება. ისევ "ახლო ხედითაა" გამოტანილი შიში და შეშფოთება, პატივმოყვარეობა და ეგოცენტრიზმი, პასიურობა და გულგრილობა... ეს კი ნიშნავს, რომ ამ ხელოვანისთვის სისტემას არა აქვს მნიშვნელობა. სისტემა შეიცვალა, მაგრამ ადამიანი დიდად არ შეცვლილა. აქ ისეთივე დანგრეული მთლიანობაა, ისეთივე კომპლექსებით შეპყრობილი საზოგადოება, როგორც საბჭოთა კავშირის დანგრევის წინ დადგმულ ჩხეიძის სპექტაკლში "ოტელო". იქ, სადაც ბოროტება ისევ ზეიმობს, "უდაბნოს" - "ბაღნარად" ვერავინ აქცევს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG