Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევე როგორც სრულიად მსოფლიოში, რუსეთშიც საინფორმაციო საშუალებების დღის მთავარ


ისევე როგორც სრულიად მსოფლიოში, რუსეთშიც საინფორმაციო საშუალებების დღის მთავარ თემას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები წარმოადგენს. თუმცა, მსოფლიოს მოწინავე

ჟურნალ-გაზეთებისგან განსხვავებით, რუსული პრესა ამ პრობლემისადმი სუბიექტურ დამოკიდებულებას ავლენს. რუსი ჟურნალისტები, ისევე როგორც პოლიტიკოსები, ედუარდ შევარდნაძეს, ძირითადად, პროდასავლური კურსის გამო აკრიტიკებენ და, შეიძლება ითქვას, მიესალმებიან იმას, რაც 23 ნოემბერს საქართველოში მოხდა.

საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა მისი მრავალწლიანი მოღვაწეობით განპირობებული ლოგიკური არჩევანი იყო და ამ არჩევანს ალტერნატივა არ ჰქონდა. ამგვარი ხასიათის სენტენციების გამტარებელ რუსულ ჟურნალ-გაზეთებში მიმომხილველები და ექსპერტები პრეზიდენტ შევარდნაძეს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის წარმოებული არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ. თუმცა, რასაკვირველია, ობიექტურად შენიშნავენ იმასაც, რომ პრეტენზიები რუსეთის მიმართ უკანასკნელ წლებში საქართველოშიც საკმარისზე მეტად დაგროვდა. აი, რას წაიკითხავთ ინტერნეტ-გამოცემა "ლენტას" პუბლიკაციაში, სახელწოდებით "კომუნალური მტრობის ეპოქის დასასრული":


"ედუარდ შევარდნაძის საქართველოს პოლიტიკური არენიდან წასვლის შემდეგ რუსეთს სამხრეთ მეზობელთან ურთიერთობის ხელახლა შენება მოუწევს. აქამდე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის მანძილზე, ეს ურთიერთობა გარდამავალი უპირატესობებით ვითარდებოდა და აშკარა მტრობას უფრო ჰგავდა, ვიდრე მეგობრობას."

აქვე პუბლიკაციის ავტორს მოჰყავს მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის გადადგომამდე 5 დღით ადრე რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურისთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ შევარდნაძეს რუსეთთან სიყვარულ-სიძულვილის ურთიერთობები აკავშირებდა, რომ იგი მოსკოვური კომპლექსით იყო დაავადებული. სააკაშვილთან ინტერვიუს ამ ფრაგმენტით გამოცემა ცდილობს დაასკვნას, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთთან და ამერიკასთან ურთიერთობის გამოკვეთილ ორიენტირებს დასახავს. ჟურნალისტი აქვე აკეთებს მკაცრ შემაჯამებელ რეზიუმეს:


"საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის საჯილდაო ქვად, ალბათ, საქართველოს ნატოსთან მიერთების საკითხი გახდება. თუ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაცია ნატოს ბაზების რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან განლაგებას დაუშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ 2003 წლის ნოემბრის "ხავერდოვანი რევოლუციის გაკვეთილები გამოუსადეგარი დარჩა როგორც რუსეთისათვის, ისე საქართველოსთვის."

კერძოდ, რა სარგებლის მიღწევას ცდილობს რუსეთი საქართველოს ხავერდოვანი რევოლუციიდან, კარგად ჩანს რუსეთის ეროვნული საინფორმაციო სამსახურის "სტრანას" პუბლიკაციაში, სახელწოდებით"შევარდნაძე რუსეთიდან ამერიკისკენ მიმავალ გზაზე დაიკარგა". ნიკოლაი ულიანოვის ეს სტატია შემდეგი მოსაზრებით მთავრდება:

"ახლა ყველაფერი შევარდნაძის შემცვლელებზე იქნება დამოკიდებული. ისინი ან ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში შემოვლენ, ან შევარდნაძესავით გადაიქელებიან თავიანთი მშიერი და დამცირებული მოქალაქეების მიერ. სხვა გზა მათ არ აქვთ: ამერიკა ძალიან შორსაა. და, ამას გარდა, არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ მეორე ჯორჯიის მხარდასაჭერად ამერიკა რუსეთთან დამყარებული ახალი ურთიერთობის გაუარესებაზე წავა",- ნათქვამია სტატიაში.
XS
SM
MD
LG