Accessibility links

logo-print

აჭარის ხელისუფლების პრობლემა და დღევანდელი საქართველო


დავით პაიჭაძე, თბილისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა ასლან აბაშიძემ, როგორც ცნობილია, რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საქართველოს სხვა რეგიონებთან დამაკავშირებელი

სარკინიგზო მიმოსვლაც შეზღუდა. რა სახით არსებობს "აჭარის პრობლემა" საქართველოში უმაღლესი ხელისუფალის გადადგომის შემდეგ? ამ საკითხზე ვესაუბრე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს დავით ბერძენიშვილს.

დავით ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ აღორძინება, რომელიც ასლან აბაშიძის ხელისუფლების პარტიულ გაგრძელებას წარმოადგენს, საერთოდ არ უნდა აღიარონ პოლიტიკურ პარტიად.

[ბერძენიშვილის ხმა] "მას შემდეგ, რაც რუსთაველზე, აღორძინების სახელით, ჩოლოქის ხერგილი გააჩინეს, ბუნებრივია, რომ აღორძინება, როგორც პოლიტიკური პარტია, არ არსებობს. აღორძინება - ეს არის პოლიტიკური კეთრი, რომელსაც ვერავინ ვერ უნდა ეკარებოდეს. 23 ოქტომბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ბათუმისა და ჩოლოქის მოვლენებიდან შევარდნაძის გადადგომამდე პერიოდში მოხდა აღორძინების, როგორც შეიარაღებული სტრუქტურის, უკანონო ფორმირების სრული ლუსტრაცია. ის არ არის პოლიტიკური პარტია."

დავით ბერძენიშვილის აზრით, დემოკრატიული განვითარების პროცესში უნდა მოხდეს ასლან აბაშიძის რეჟიმის დემონტაჟი. შევარდნაძის გადადგომის შემდეგ აჭარის ხელისუფლება დასუსტებულია. მას აღარა აქვს გავლენა ცენტრზე, ანუ თბილისზე, და არც საქართველოს სხვა რეგიონებზე. დავით ბერძენიშვილი, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, აცხადებს, რომ ეს მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს უპირობოდ გამარჯვებულები არიან და ამან ბევრწილად უნდა განსაზღვროს ასლან აბაშიძის ხელისუფლებისადმი სხვა პოლიტიკურ ძალთა დამოკიდებულებაც.

[ბერძენიშვილის ხმა] "ასეთ ვითარებაში რაიმე მექანიზმებით ძველი სისტემის აღდგენის მცდელობა, როცა პოლიტიკური სისტემა იგება მოქალაქეთა კავშირისა და აღორძინების დაპირისპირებასა და გარიგებებზე - არ გავა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნიშნები უკვე გამოჩნდა."

და მაინც: ასლან აბაშიძე აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, აჭარაში ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და კეტავს ადმინისტრაციულ საზღვარს. რამდენად ქმნის ასეთი ნაბიჯები სეპარაციისა და აჭარაში ჩრდილოკორეული ტიპის საზოგადოების წარმოქმნის საფრთხეს?

[ბერძენიშვილის ხმა] "ამის რესურსი იქ არ არის. ჯერ ერთი, 23 ნოემბერი აჭარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის ისეთივე საზეიმო დღეა, როგორიც დანარჩენ საქართველოში. ხალხს ახლა იმის შიში აქვს, რომ, რუსეთის დახმარებით, ასლან აბაშიძის რეჟიმი ისევ დარჩება ცენტრალური ხელისუფლების მთავარ პარტნიორად და ვითარების ვითომდაც დარეგულირება ისევ ბათუმელების ხარჯზე მოხდება."

რაკი ასეთი შიში არსებობს, ამტკიცებს დავით ბერძენიშვილი, არსებობს მოთხოვნილებაც, შევარდნაძის ხელისუფლებას მიჰყვეს ასლან აბაშიძის ხელისუფლება. ის დღეს მძიმე მდგომარეობაშია და არ წარმოადგენს დიდ ხიფათს საქართველოს მთლიანობისათვის, თუმცა აბაშიძე დროის მოგებას ცდილობს. თუ ეს გამოუვიდა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ძველებური ურთიერთობა დაამყარა, ის განაგრძობს არსებობას ჩაკეტილ და განცალკევებულ რეგიონალურ რეჟიმად, რომელიც ფორმალურად რჩება საქართველოს შემადგენლობაში, დემოკრატიის ყოველგვარი ნიშანწყალის გარეშე.

[ბერძენიშვილის ხმა] "ის მონაპოვარი, რომელიც უკვე არის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, როცა გაფორმდება არჩეულ ხელისუფლებად, ეს ტალღა გადაიწევს აჭარისკენაც და აჭარის რეგიონალურ ხელისუფლებას ჩამოსცილდება ასლან აბაშიძის დამნაშავე რეჟიმი ან ის მოძებნის გარიგების ფორმებს ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციასთან თბილისში და საქართველოს მდგომარეობა ისეთივე იქნება, როგორიც იყო შევარდნაძისა და აბაშიძის ურთიერთობის დროს."
XS
SM
MD
LG