Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად იმყოფება ედუარდ შევარდნაძე?


როგორც თანამდებობიდან გადადგომის დროს საქართველოს 75 წლის ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, იგი აპირებს დარჩეს საქართველოში და მთლიანად ლიტერატურულ საქმიანობას მიუძღვნას დარჩენილი წლები.

თუმცა ორშაბათს სხვადასხვა უცხოური საინფორმაციო საშუალებები აქტიურად ავრცელებდნენ ცნობას ედუარდ შევარდნაძის გერმანიაში, კერძოდ, ბადენ-ბადენში გამგზავრების შესახებ, სადაც, დასავლური პრესის თანახმად, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი ძვირად ღირებული ვილა აქვს. ექს-პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა კი ამტკიცებს, რომ შევარდნაძე კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაშია და სამშობლოს დატოვებას არ აპირებს.

თბილისის "ვარდების რევოლუციის" დღეებში ძალიან პოპულარული იყო ერთი იმპროვიზებული სიმღერა, რომელიც მომიტინგეთა შორის მას შემდეგ იშვა, რაც გერმანულ პრესაში გაჩნდა ცნობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბადენ-ბადენური ვილის შესახებ. სახელმწიფო კანცელარიასთან შეგროვებული მომიტინგე ახალგაზრდები სიმღერით ურჩევდნენ ედუარდ შევარდნაძეს ბადენ-ბადენში გამგზავრებას.

[სიმღერის ხმა]

პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ ბადენ-ბადენის თემამ მოულოდნელად კვლავ იჩინა თავი. ორშაბათს დასავლეთისა და რუსეთის რამდენიმე საინფორმაციო საშუელებაში თითქმის ერთბაშად გაჩნდა ცნობა იმის თაობაზე, თითქოს ედუარდ შევარდნაძემ დატოვა საქართველო და გერმანიაში გაემგზავრა. თუმცა ეს ცნობა რამდენჯერმე უარყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალმა სულხან პაპაშვილმა, რომლის სამსახური ექს-პრეზიდენტის უსაფრთხოებას მთელი ღამის განმავლობაში იცავდა.

[სულხან პაპაშვილის ხმა] "ედუარდ შევარდნაძე თავის სახლში იმყოფება. კრწანისში არის მისი სახლი, სადაც იმყოფება ედუარდ შევარდნაძე. სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც იმყოფებოდა პრეზიდენტი, იქ არის და იქ იმყოფება."(სტილი დაცულია)


საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესების მიუხედავად, თითქმის არაფერია ცნობილი, თუ როგორ გაატარა პირველი ღამე თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ექს-პრეზიდენტმა. საქართველოში ხომ, სულ რაღაც ერთი დღის წინაც კი, ბევრს ვერ წარმოედგინა თანამდებობის, თათბირების, შეხვედრებისა და პრესის გარეშე დარჩენილი ედუარდ შევარდნაძე, რომლის ირგვლივაც მთელი 30 წლის განმავლობაში ურიცხვი ადამიანი ირეოდა. მაგრამ, როგორც შევარდნაძის ერთ-ერთი თანაშემწე, შავლა ფიჩხაძე, ამბობს, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პირველი ღამე ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ოჯახურ წრეში გაატარა.

[შალვა ფიჩხაძის ხმა] "იცით რა, ნამდვილად რომ იყო მისი შვილიშვილი სოფიო, ის ამ ყველაფერს, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლიდან დაწყებული, ყველაფერს იღებდა ვიდეოკამერაზე. რაც შეეხება სხვა ოჯახის წევრებს, საერთოდ, მისი მეუღლე შევარდნაძესთან ერთად ცხოვრობს და შვილები, მოგეხსენებათ, მასთან ერთად არ ცხოვრობენ. მათ თავ-თავისი ოჯახები აქვთ და იმ მომენტში მასთან ერთად იყვნენ თუ არა, არ ვიცი. საერთოდ, პრეზიდენტი თავის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად."(სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ 23 ნოემბერს, ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ღირსეულად უნდა დააფასოს პრეზიდენტის გადადგომა და ყველაფერი გააკეთოს, რათა მას საქართველოში დაედგომებოდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG