Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მრავალმხრივი კომენტარით ეხმაურება მსოფლიო პრესა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს,

ეგრედ წოდებულ "ხავერდოვან რევოლუციას", რაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადაგომით დამთავრდა. "რევოლუცია საქართველოში", - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში". სტატიაში ვკითხულობთ:

"სახელმწიფო მოღვაწემ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის დაშლასა და ცივი ომის დამთავრებაში, დღეს მშობლიურ საქართველოში დაასრულა თავისი კარიერა. ედუარდ შევარდნაძეს საკუთარი ხალხი აუჯანყდა. ესაა საწყენი დადასრული ისტორიული პოლიტიკური კარიერისა: ბატონი შევარდნაძე, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ იძულებული გახდა გადამდგარიყო, რაც იმან განაპირობა, რომ შევარდნაძემ არ გააუქმა აშკარად გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ასეა თუ ისე, გასული კვირის ბოლოს მომხდარი ხავერდოვანი რევოლუცია სასიხარულო ამბავია საქართველოსა და მისი დასავლელი მეგობრებისთვის, მათ შორის პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციისთვისაც. საქართველოს ახალი ლიდერები პროდასავლური ორიენტაციის დემოკრატები არიან, რომლებმაც ფაქტობრივად გამარჯვება მოიპოვეს 2 ნოემბერს, მაგრამ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნების შედეგები. ამ მხრივ დიდი წვლილი მიუძღვის რეგიონების ლიდერებს, და პირველ რიგში აჭარის ერთპიროვნულ მმართველს ასლან აბაშიძეს, რომლის მჭიდრო კონტაქტებმა მოსკოვთან, შევარდნაძეს განსაცდელის ჟამს უბიძგა, აბაშიძესთან შესულიყო ალიანსში. თეთრი სახლის ადმინსტრაციამ ხმამაღლა დაგმო 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება და გაემიჯნა ბატონ შევარდნაძეს, მაშინ როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე დაურეკა შევარდნაძეს და დახმარებაც შესთავაზა აბაშიძის შუამავლობით. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ უნდა აცნობოს ქართველებს, რომ მხოლოდ მათს მიერ სამართლიანად არჩეულ მთავრობას ექნება რეალური შანსი დასავლეთის სტრუქტურებში, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისა".

ქალაქ სტრასბურგში გამომავალი გაზეთი "დერნიერ ნუველ დალზასი" ასეთნაირი კორმენტარით გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს:

"ვინ გამოიჩენდა ასეთ ინტერესს საქართველოსადმი - შევარდნაძის ან სხვა ვინმეს გამო - რეგიონს ნავთობის სუნი რომ არ ასდიოდეს? ის, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელია, მოსკოვს დიდად არ აღელვებს, ვიდრე თბილისი მოსკოვის გავლენის სფეროში რჩება! ედუარდ შევარდნაძე მოსკოვს ეთამაშებოდა ისე, რომ პრინციპში არჩევანი არ ჰქონია: რუსეთს, რომელიც საქართველოს გაზითა და ელექტროენერგიით ამარაგებს - ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედი აქვს ოკუპირებული. ოფიციალური ვერსიით იმისთვის, რათა მშვიდობა შეინარჩუნოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში".

საკუთარ აზრს გამოთქვამს პარიზის ყოველდღიური "ლა კრუა". გაზეთი ხედავს იმის აშკარა ნიშნებს, რომ ამიერკავკასიის რეგიონში რუსეთის გავლენა მცირდება. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"სხვა დროს, არც თუ დიდი ხნის წინ, მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა თავისი გავლნის სფეროდან ამა თუ იმ რესპუბლიკის გასვლას... მისი რეაქცია უთუოდ მეტი იქნებოდა,ვიდრე სინაულის საჯაროდ გამოთქმა. ხოლო ვაშინგტონი ასე ღიად არ დაეხმარებოდა საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის აღებაში. ის, რაც გასული კვირის მიწურულს მოხდა საქართველოში, რუსეთის დასასუტებაზე მეტყველებს და ცხადყოფს, რომ პუტინი, საბედნიეროდ არაა ბრეჟნევი. მომხდარმა, შეერთებული შტატების ძალაც დაგვანახა".

რაოდენ ცუდიც არ უნდა ყოფილიყო ედუარდ შევარდნაძის მმართველობა, ხოლო მისი გადადგომა დაგვიანებული,- წერს გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი", - ცივი ომის დამთავრებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის შევარდნაძე ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო მოღვაწედ რჩება. გაზეთი დასძენს:

"ბატონი შევარდნაძე ღირსეულად გაუძღვა საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკას და მიაღწია ისტორიულ შეთანხმებებს, რასაც გერმანიის გაერთიანება და აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვისატონობის მშვიდობიანი დასასრული მოჰყვა".
XS
SM
MD
LG