Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეიტერის სააგენტოს კომენტარი შევარდნაძის გადადგომასთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომლებიც კასპიის ენერგორესურსებზე საკუთარი კონტროლის დაწესებას ეცილებიან ერთი მეორეს,

პრაგმატული გარიგება მოხდა იმის თაობაზე, რომ უმტკივნეულოდ მომხდარიყო მშფოთვარე საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, - ასეთ დასკვნას აკეთებს დიპლომატებისა და მიმომხილველთა ნათქვამზე დაყრდნობით რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტი ჯონ ბოილი. როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი აღნიშნავს, მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ საპროტესტო გამოსვლებით დასუსტებული შევარდნაძის მშვიდობიანი, უმტკივნეულო გადადგომა, თანაბრად მოემსახურებოდა როგორც რუსეთის, ასევე შეერთებული შტატების ინტერსებსაც.

რუსეთს ის აფრთხობდა, რომ ახალი კონფლიქტი მის სამხრეთ საზღვარზე კიდევ უფრო გააქტიურებდა ფედერალური ჯარის წინააღმდეგ მებრძოლ სეპარატისტებს ჩეჩნეთში. ხოლო შეერთებული შტატების შეშფოთება იმით იყო გამოწვეული, რომ გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა ამ რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობას.

და როცა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს, და შეიქმნა იმის რეალური საფრთხე, რომ საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა სამხედრო ძალა გამოეყენებინა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, სატელეფონო კონტაქტების შემდეგ ეგრედ წოდებული ტრანსატლანტიკური სტრატეგია იქნა შემუშავებული.

"უფრო მოქნილი პოლიტიკის წყალობით, რუსეთმა წერტილი დაუსვა არეულობას საქართველოში, როცა ოპოზიციისკენ გადაიხარა. თქმა არ უნდა, რომ ეს, შეერთებულ შტატებთან კომპრომისული შეთანხმების შედეგი იყო", - ამბობს მოსკოვის პოლიტიკურ ტექნოლოგიათა ინსტიტუტის დირექტორი იგორ ბუნინი.

ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც არ მოისურვა თავისი ვინაობის გამჟღავნება, განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ მოუხდენია ზეწოლა მოსკოვზე, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში უმტკივნეულოდ დამთავრებულიყო, თუმცა თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისი თავის რუს კოლეგას დაუკავშირდა ტელეფონით ხსენებულ კრიზისთან დაკავშირებით. ამის შემდეგ პუტინმა იგორ ივანოვი მიავლინა თბილისში შუამავლური მისიის შესასრულებლად. "მას შემდეგ, რაც ის თბილისში ჩავიდა, იგორ ივანოვს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ესაუბრა ტელეფონით. ვიდრე ივანოვი შევარდნაძეს შეხვდებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კოლინ პაუელი დაუკავშირდა", - თქვა დასავლელმა დიპლომატმა. მისივე თქმით, ვაშინგტონმა შეწყვიტა პირდაპირი კონტაქტები შევარდნაძესთან მის გადადგომამდე ორი დღით ადრე.

დამოუკიდებელი მოსკოველი მიმომხილველი ვიტალი ტრეტიაკოვი ასეთნაირად ხსნის მოსკოვის დაინტერესებას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებით: "თუ ხელისუფლება თბილისში კვლავაც სუსტი აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტის მეტი კერები შეიქმნება კავკასიის რეგიონში, და რუსეთი ასეა თუ ისე, იძულებული გახდება ჩაერიოს".

ხოლო გაზეთ "კომერსანტის" აზრით, თავისი პრაგმატული მიდგომით ხსენებული კრიზისისადმი, მოსკოვმა არაპირდაპირ საქართველოს მომავალ ხელისუფლებას განუცხადა: "შეერთებული შტატები შორსაა, მაშინ როცა რუსეთი აქვეა, და ამას ანგარიში უნდა გაეწიოსო".
XS
SM
MD
LG