Accessibility links

ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ


ევროკავშირი დაუყოვნებლივ, 24 ნოემბერსვე გამოეხმაურა

საქართველოში ვითარების შეცვლას, გამოხატა კმაყოფილება მოვლენათა მშვიდობიანი განვითარების გამო და გამოთქვა იმედი, რომ მომავალშიც ყველაფერი ძალადობის გარეშე ჩაივლის. 24 ნოემბერსვე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში - ელჩი ჰაიკი ტალვიტიე თბილისს გაემგზავრა. ფინელ დიპლომატს სამშობლოში დაბრუნებისთანავე დავუკავშირდი და შევეცადე მასთან საუბარში დამედგინა თუ კონკრეტულად რა როლის შესრულებას აპირებს ევროკავშირი საქართველოში უახლოეს მომავალში.

ჰაიკი ტალვიტიე თბილისში ყოფნისას არ შეხვედრია არც ედუარდ შევარდნაძეს და არც მიხეილ სააკაშვილს, რისი მიზეზიც მან ასე ამიხსნა:

[ტალვიტიეს ხმა]
"მე არ შევხვედრივარ შევარდნაძეს, რადგან ის თბილისის ჩემს ჩასვლამდე გადადგა. მე ასევე არ შევხვედრივარ ბატონ სააკაშვილს, რადგან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატად გამოცხადების შემდეგ ის ძალიან დაკავებული იყო მედიასთან ურთიერთობით".

ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი შეხვდა ნინო ბურჯანაძესა და ბევრ სხვა პოლიტიკოსს. ტალვიტიეს აზრით, უმთავრეს ამოცანას დღეს ვითარების კონსტიტუციის ჩარჩოებში წარმართვა წარმოადგენს. საუბრისას მან გულწრფელად აღნიშნა, რომ დღეს ძალიან ძნელია იმის გარკვევა თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს ეკუთვნის პოლიტიკოსი - სახელისუფლებოს, თუ ოპოზიციურს:

[ტალვიტიეს ხმა]
"ახლა ძალიან ძნელია იმის თქმა ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ - ოპოზიციაში. მე შევხვდი ბევრი პარტიის წარმომადგენელს. დე იურე საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ დე ფაქტო ისინი აღიარებენ, რომ ნინო ბურჯანაძე არის დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ასე რომ, ბურჯანაძეს ზურგს საკმაოდ მძლავრი კანონიერი საფუძველი უმაგრებს იმისათვის, რომ მან ყურადღება გაამახვილოს გადაუდებელი ფუნქციების შესრულებაზე. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზება მოხდეს 45 დღეში. ამავე დროს დიდ ყურადღებას იმსახურებს ქვეყანაში არსებული ვითარება, ფინანსური მდგომარეობა".

ამის შემდეგ ჩვენი საუბარი შეეხო ევროკავშირის პოზიციას საქართველოში შექმნილი ვითარების მიმართ:

[ტალვიტიეს ხმა]
"ჩვენ მივულოცეთ ბურჯანაძეს პრეზიდენტის მოვალების შემსრულებლის პოსტზე დანიშვნა. ჩვენ ვუთხარით მასაც და პოლიტიკური პარტიების ლიდერებსაც საქართველოში, რომ კონსტიტუცია არის მთავარი დოკუმენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ყველა მოქმედება მომავალში. ჩვენ გამოვხატეთ კმაყოფილება იმის გამო, რომ ხელისუფლების გადაცემა მოხდა მშვიდობიანი გზით. და აქ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს ხალხის, ოპოზიციის ლიდერების, მთავრობისა და პრეზიდენტ შევარდნაძის მიმართ, რომელმაც ასევე შეუწყო ხელი იმას, რომ ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით მომხდარიყო".

ოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი არ გამორიცხავს საქართველოსთვის, ე.წ. "კრიზისის დაძლევის ღონისძიებებში" ფინანსური დახმარების გაწევას. ფინელმა დიპლომატმა განმიმარტა, რომ ჯერჯერობით საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისგან ასეთი თხოვნა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან საჭიროა, რომ ისინი ჯერ თავად გაერკვნენ ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, მოახდინონ ზუსტი დაანგარიშება იმისა, თუ რომელი სფეროებია ყველაზე დიდი პრობლემების წინაშე და ამის შემდეგ მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც შემდეგ საკუთარ როლს განსაზღვრავენ.

ბოლო არჩევნების შემდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთგვარი დისკვალიფიკაცია მოხდა. დადის ხმები, რომ მომავალი არჩევნების ორგანიზებას ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ჩაუდგება სათავეში. ამის თაობაზე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა მითხრა:

[ტალვიტიეს ხმა]
"მე ვფიქრობ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა თავადვე მიხედონ საქართველოს საქმეს. საერთაშორისო საზოგადოებრიობას შეუძლია დახმარება გაუწიოს მას, მაგრამ ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და შიდა საორგანიზაციო საკითხები. მიმაჩნია, რომ 45 დღე არ არის დიდი დრო სამართლიანი, ღია და დემოკრატიული არჩევნების მოსამზადებლად. ამისათვის უნდა მომზადდეს ტექნიკური გზები ამის უზრუნველსაყოფად და მე ვიცი, რომ ქვეყნის ახალი ლიდერები ახლა სწორედ ამ საკითხებს და კონსტიტუციით დადგენილ ვადაში არჩევნების ორგანიზების შესაძლებლობას განიხილავენ".

ელჩი ტალვიტიე ამჯერად არ შეხვედრია არც ერთი სეპარატისტული რეგიონის ლიდერს. მან საქართველოში, თბილისში მხოლოდ ერთი სამუშაო დღე დაჰყო. ნოემბერში ტალვიტიე ცხინვალში იმყოფებოდა. მომავალი წლის იანვრის ბოლოს კი ის სოხუმში აპირებს ჩასვლას. მან განმიცხადა, რომ ევროკავშირი რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების პოლიტიკურ მოგვარებაში გადამწყვეტ როლს არ ასრულებს.
XS
SM
MD
LG