Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 იანვარს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების თარიღი ცნობილია: 4 იანვარს, ნაახალწლევს, ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. 25 ნოემბერს შეკრებილმა 1999-2003 წლების

მოწვევის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას. სხდომას "რეკორდული" რაოდენობის პარლამენტარი - 158 დეპუტატი დაესწრო.

პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე კვორუმის პრობლემა არ დამდგარა: თითქმის ყველა ფრაქციის წარმომადგენელი მაინც დაესწრო სხდომას, რომელსაც უნდა დაედგინა საქართველოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს საკითხი ადვილად გადაწყდა: პარლამენტარებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი არჩევნების 4 იანვარს დანიშვნას. ყოფილი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში განვითარებული ბობოქარი მოვლენების მიუხედავად, საქართველოში "ლეგიტიმურობის" პრობლემა არ დამდგარა. ასე ფიქრობს გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი ზურაბ ჟვანია:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ჩვენს ქვეყანაში, მართლაც, მოხდა ვარდების, ხავერდოვანი, მაგრამ მაინც რევოლუცია. და მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დაპირისპირების და ვნებათაღელვის მიუხედავად, ჩვენ ყველანი საერთო ძალისხმევით ვახერხებთ იმას, რომ დავრჩეთ აბსოლუტურად კანონიერები, ჩვენი კონსტიტუციური სამართლის და სხვა ძირითადი სამართლებრივი ნორმების ჩარჩოებში, და არ მოხდეს არანაირი სამართლებრივი და კონსტიტუციური წყვეტა."
ერთადერთი პარლამენტარი, რომელმაც იმის გარკვევა სცადა, თუ რა მოხდა სამი დღის წინ იმავე დარბაზში, სადაც პარლამენტარები შეიკრიბნენ, ადა მარშანია გახლდათ. მისი კითხვები უპასუხოდ დარჩა:
[ადა მარშანიას ხმა] " ბატონებს ჟვანიას, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და მიხეილ სააკაშვილს მინდა ვკითხო: რატომ ცდილობენ ისინი, ძველი თუ ახალი პარლამენტის შემადგენლობის მეშვეობით, დაიკანონონ დღევანდელი მდგომარეობა."(სტილი დაცულია)
საქართველოს პარლამენტის სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა - ერთ საათში. კანონმდებლები კვლავ შეიკრიბებიან ხუთშაბათს, რათა ცვლილებები შეიტანონ საარჩევნო კოდექსში. რამდენიმე დღეში კი უკვე პრეზიდენტობის კანდიდატთა დასახელების ვადა დადგება. როდის ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები ან რა ბედი ელით 2 ნოემბერს არჩეულ მაჟორიტარ პარლამენტარებს, - მაჟორიტარული არჩევნების შედეგი ჯერჯერობით არ გაუქმებულა, - ბურუსითაა მოცული.
XS
SM
MD
LG