Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა ისევ აქტიურად ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. განსხვავებულ ვარაუდებთან


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის პრესა ისევ აქტიურად ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. განსხვავებულ ვარაუდებთან ერთად მასმედიაში საქართველოს ენერგომომარაგების პრობლემასაც დაეთმო ყურადღება.

გესაუბრებით ზოგიერთი პუბლიკაციის შესახებ.

24 ნოემბრის გაზეთ "კომერსანტის" თქმით,
საქართველოს პოლიტიკურ მინდორზე თავისი თამაშით გამოვიდა რუსეთიც, რომელსაც არ სურს სტრატეგიული თვალსაზრისით ესოდენ მნიშვნელოვანი რეგიონის დაკარგვა. გაზეთი წერს:

"ამჟამად უკვე ყოფილ პრეზიდენტ შევარდნაძისადმი გრილი დამოკიდებულების მიუხედავად, მოსკოვი მას სულ ბოლო დრომდე სტაბილურობის გარანტად და ნაკლებ ცოდვად მიიჩნევდა. მაგრამ თბილისში მოვლენების სწრაფმა განვითარებამ აიძულა რუსეთი, საჩქაროდ გადაესინჯა თავისი პოზიცია. ნათელი გახდა, რომ სანამ გვიან არ არის, აუცილებელია კავშირის დამყარება ოპოზიციასთან, რომელიც სულ უფრო იკრებს ძალებს.

სწორედ ამით აიხსნება რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების მეთაურის იგორ ივანოვის სასწრაფო ვიზიტი თბილისში და ამ დონის სახელმწიფო მოღვაწისთვის უპრეცედენტო გამოსვლა სხვა ქვეყნის ოპოზიციის მიტინგზე."

საქართველოსთვის მოვლენების არასასურველი გზით განვითარებას ვარაუდობს 25 ნოემბრის "ნეზავისიმაია გაზეტა", რომლის მიხედვით, "საქართველოში "ხავერდოვანი რევოლუციის" ერთ-ერთ შედეგად შეიძლება იქცეს ქვეყნის საბოლოო დაქუცმაცება ცალკეულ ტერიტორიულ წარმონაქმნებად". აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის გეოპოლიტიკური აკადემიის პრეზიდენტი, გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი მიიჩნევს, რომ "დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში აჭარამ თავის კოზირად, შესაძლოა, მის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზა გამოიყენოს."

"ნაზავისიმაია გაზეტას" წერილის დასასრულს კი ნათქვამია: "ქართული ოპოზიციის ლიდერებს ჯერჯერობით არ მიუპყრიათ ყურადღება ქვეყნის დაშლის შესაძლებლობისთვის და არანაირი გეგემა არ დაუსახავთ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში. ამასობაში კი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთი რეგიონის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოსალოდნელი გამოცხადება არსებითად გაართულებს სიტუაციას რეგიონში და ამ პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრის მცდელობისას ომებს გამოიწვევს. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს თბილისში ხელისუფლების მორიგ შეცვლას და არასტაბილურობის ხანგრძლივ პერსპექტივას ამიერკავკასიაში."

გაცილებით უფრო რეალურ თემაზე საუბრობს 24 ნოემბრის გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი", რომლის წერილი საქართველოს ენერგომომარაგების თემას ეძღვნება. "რაო ეესის" ენერგოჰოლდინგის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანდრეი ეგოროვის თქმით, "ის არ აპირებს მარჩიელობას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში საქართველოს ხელისუფლებას".
"ჩვენ აქ ბიზნესისთვის მოვედით და წასვლას არ ვაპირებთ", - განაცხადა ეგოროვმა.

"ვრემია ნოვოსტეი" წერს: "... პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ რუსეთის მონოპოლიების გეგმები არსებითად დაირღვევა. აშკარა ისაა, რომ როგორც "გაზპრომთან", ისე "რაოსთან" დადებული ხელშეკრულებები მთლიანად არ გაუქმდება. მაგრამ, სავარაუდოდ, ოპოზიციონერები მიაღწევენ იმას, რომ რუსეთის კომპანიებს საქართველოში კონკურენტები გამოუჩნდნენ. მაშასადამე, "რაოსა" და გაზპრომისთვის ქართული ბიზნესის პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია. ამავე დროს, კრიზისის დარეგულირებაში თავისი დამსახურებისთვის (აშკარაა, რომ მოსკოვს შეეძლო, მაგრამ არ მიუღია მონაწილეობა რევოლუციის ჩახშობაში) რუსეთს საქართველოს ახალი ხელისუფლების მეგობრული დამოკიდებულების იმედი უნდა ჰქონდეს".
XS
SM
MD
LG