Accessibility links

logo-print

მოახერხებს თუ არა საქართველოს პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბოს


საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს და

გადადგომიდან 72 საათის მანძილზე ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყების აუცილებლობას ის გარემოებაც ქმნის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება და ახალი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაა საჭირო. სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებაც მოუწევს მსჯელობა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის სხდომა 25 ნოემბრის 16 საათისთვის დაინიშნა. ლაპარაკია 1999 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს სესიაზე და არა 2 ნოემბერს არჩეული პარლამენტის სხდომის გახსნაზე. ამ უკანასკნელის ლეგიტიმურობის ხარისხი, საზოგადოებასთან ერთად, უცხოელ დიპლომატებშიც დიდ ეჭვს იწვევს.

24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბრიუს ჯორჯმა განაცხადა: 2 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა სათუოა, რადგან თავად კენჭისყრის პროცესი დიდი დარღვევებით წარიმართაო.

ამასთან ერთად, 2 ნოემბერს არჩეული ორგანო საკანონმდებლო ლეგიტიმაციასაც მოკლებულია. პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ლევან ბეჟაშვილის კომენტარი:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] "საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული პარლამენტი ვერ შეიკრიბა და არ იქნა ამ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნობილი."

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თინათინ ხიდაშელის აზრით, თუ ეს ასეა, კანონმდებლობა საპარლამენტო ორგანოსაგან არა მარტო საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც მოითხოვს.

[თინათინ ხიდაშელის ხმა]

მაგრამ საკითხავია, მოხერხდება თუ არა თავად პარლამენტართა შეკრება? ცნობილია, რომ 1999 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს წევრები განსაკუთრებული უდისციპლინობით გამოირჩეოდნენ. ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე 235 დეპუტატიდან 118-იც კი არ მიდიოდა პარლამენტში, რის გამოც სხდომის გასახსნელად საჭირო კვორუმი თვეების მანძილზე ვერ იკრიბებოდა. ახლა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ დეპუტატები უფრო მონდომებულები იქნებიან.

[გიგი წერეთლის ხმა] "ჩვენ გვაქვს კონსულტაციები თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან. ოფიციალურად ყველა გაფრთხილებული იქნება და, გარდა ამისა, გვაქვს საუბარი... ადამიანები მოდიან. ბევრი მათგანი, მე ვფიქრობ, რეალურად და კარგად ხედავს არსებულ ვითარებას და დარწმუნებული ვარ, შესაბამისად მოიქცევა კიდეც."

საპარლამენტო სხდომაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს აჭარის აღორძინების კავშირის ყოფილმა თუ ამჟამინდელმა წევრებმაც კი. ამის შესახებ ასლან აბაშიძის ძველმა თანამებრძოლმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა ჟურნალისტებს. პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას აპირებს ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის წარმომამდგენელთა ნაწილიც, რაც საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა განახლდება.
XS
SM
MD
LG