Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტის რექტორმა "ხავერდოვანი რევოლუცია" თავიდან აიცილა


ორგანიზაცია "კმარამ", რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში იყო, მიზანში ამჯერად თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის რექტორი როინ მეტრეველი ამოიღო. კმარელები აცხადებენ, რომ როინ მეტრეველმა, რომლის 12 წლიანი რექტორობის დროსაც სახელმწიფო უნივერსიტეტში კორუფციამ და "ჩაწყობით" მიღებამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, თანამდებობა უნდა დატოვოს. თუმცა, დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრების, პროფესორებისა და სტუდენტთა ერთი ნაწილის მხარდაჭერით, სამშაბათს უნივერსიტეტის რექტორმა მოახერხა "ხავერდოვანი რევოლუციის" თავიდან აცილება.


იყო დრო, როდესაც როინ მეტრეველი და ედუარდ შევარდნაძე ერთად ლაშქრავდნენ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სიმაღლეებს, მაგრამ პოლიტიკურ ინტრიგებში უფრო დახელოვნებულმა ედუარდ შევარდნაძემ გზიდან ჩამოიცილა მეტოქე და საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელიც გახდა. თუმცა, თუ ქარიზმატული ედუარდ შევარდნაძე უკვე იძულებულია შეეგუოს პრეზიდენტყოფილის მდგომარეობას, აკადემიკოსი როინ მეტრეველი სულაც არ აპირებს მიბაძოს თავის ყოფილ მეტოქეს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია "კმარამ" შევარდნაძის გადაყენების მეორე დღიდანვე მიზანში სწორედ უნივერსიტეტის რექტორი ამოიღო. ამ მოძრაობის მხარდამჭერია აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი დიმიტრი ლომიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის სათავეში ახალი რექტორი უნდა მოვიდეს:

[დიმიტრი ლომიძის ხმა] "იმიტომ, რომ დიდი ხანია მაგას[მეტრეველს] ვადა გაუვიდა, როგორც რექტორს. მან თვითნებურად შეცვალა და ჩაასწორა წესდება, რაც ნიშნავს, რომ მას როცა უნდა, მაშინ წავა აქედან. მაგრამ ეს არ არის მართალი და უნდა გადადგეს ყველა ვარიანტში. რაც უნივერსიტეტში ხდება, უპირველს ყოვლისა, რექტორის ბრალია. უნივერსიტეტში უნდა მოვიდეს ნორმალური და პროგრესული პიროვნება."

თუმცა "კმარას" აქტივისტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს უნივერსიტეტის სტუდენტთა მეორე ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ როინ მეტრეველია სწორედ ის ნორმალური და პროგრესული პიროვნება, რომელიც უპირველეს უმაღლეს სასწავლებელს უნდა ხელმძღვანელობდეს. რექტორის პოზიციების დამცველმა სტუდენტებმა თავისი მხარდაჭერა საპასუხო მიტინგით, იმპროვიზებული კონცერტითა და უნივერსიტეტის ემბლემიანი თეთრი დროშების ფრიალით დაადასტურეს. ამ მიტინგში მონაწილეობდა ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ავალიანი, რომელიც ერთი კვირის წინ კმარელებთან ერთად მონაწილეობდა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებში. ახლა ზვიად ავალიანი ამბობს, რომ უნივერსიტეტი არ უნდა იქცეს დაპირისპირების არენად და რექტორის საკითხის გარკვევა ორივე მხარის აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

[ზვიად ავალიანის ხმა] "ამ ხალხსაც უნდა მოვუსმინოთ და იმ ხალხსაც უნდა მოვუსმინოთ, ერთიც ჩვენია და - მეორეც. და არ უნდა დავუშვათ ის, რომ მოხდეს რაღაც განხეთქილება და რახან "კმარა" მოითხოვდა პრეზიდენტის გადაყენებას და ჩვენ მხარში ვედექით, ამიტომ ჩვენ მხარში დავუდგებით მის ყველა მოთხოვნას."(სტილი დაცულია)

სტუდენტების პარალელურად, უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე როინ მეტრეველის დარჩენას მხარი დაუჭირა დიდმა სამეცნიერო საბჭომაც, რომლის მუშაობაში ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწე ღებულობდა მონაწილეობას. მათ შორის იყო ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე, პროფესორი ლევან ალექსიძე, რომელმაც, ექს-პრეზიდენტის პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად, 22 ნოემბერს დატოვა თანამდებოდა და მხარი დაუჭირა გაერთიანებულ ოპოზიციას. ლევან ალექსიძე აცხადებს, რომ ულტიმატუმის გზით უნივერსიტეტის რექტორის გადაყენება და სასწავლებლის პოლიტიზების მცდელობა მხოლოდ დამატებით სიძნელეებს შეუქმნის გარდამავალ ხელისუფლებას, რომელსაც პრობლემები ისედაც თავსაყრელი აქვს. თუმცა ფარ-ხმლის დაყრას არ ფიქრობენ "კმარას" წარმომადგენლები, რომლებიც აპირებენ განაგრძონ საპროტესტო გამოსვლები, უნივერსიტეტის რექტორის გადაყენების მოთხოვნით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG