Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა როგორ აშუქებენ უცხოელი კორესპონდენტები გასული კვირის ბოლოს მომხდარი, ეგრედ წოდებული "ხავერდოვანი რევოლუციის" ფონზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

როგორც გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი" აღნიშნავს, რაოდენ ცუდიც არ უნდა ყოფილიყო ედუარდ შევარდნაძის მმართველობა საქართველოში და დაგვიანებული მისი გადადგომა, შევარდნაძემ ღირსეულად დათმო პრეზიდენტის სავარძელი, და შეინარჩუნა ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის სტატუსი, რაც მას ცივი ომის დამთავრებაში შეტანილმა წვლილმა მოუტანა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში დასძენს:

"ბრძნულად მოიქცა ოპოზიცია, როცა ხელშეუხებლობა აღუთქვა ბატონ შევარდნაძეს, რითაც დაანახა მსოფლიოს, რომ საქართველოში არა აჯანყება, არამედ ხელისუფლების ლეგიტიმური, ან ყოველ შემთხვევაში აუცილებელი შეცვლა მოხდა."

ხოლო საიტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ საქართველოში მომხდარი "ხავერდოვანი რევოლუცია" ნამდვილად არ ეხატება გულზე მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და მის ადმინისტრაციას. სტატიაში ვკითხულობთ:

"22 ნოემბერს, როცა პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ხალხი თბილისში ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდა, ილჰამ ალიევი ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს და დახმარება შესთავაზა. ალიევის შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, გასაგებია, ვინაიდან ყოველივე ამან შესაძლოა სტიმული მისცეს პოლიტიკურ ოპოზიციას აზერბაიჯანში. მთავრობის თავშეკავებული რეაქციისაგან განსხვავებით, ოპოზიციის ლიდერები ბაქოში მიესალმნენ შევარდნაძის გადაგომას. პარტია მუსავათის ლიდერმა იზა გამბარმა, თბილისში მიმდინარე მოვლენებს უწოდა "დემოკრატიის მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაც შემობრუნების წერტილი უნდა გახდეს ამიერკავკასიაში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად". იზა გამბარმა და აზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა ეთიბარ მამედოვმა გაპუმართლებელი უწოდეს მხარდაჭერას, რაც ალიევის ადმინისტრაციამ შევარდნაძეს გამოუთქვა."

ხოლო მოსკოვში გამომავალი გაზეთის "კომერსანტის" აზრით, რუსეთმა ორი მარცხი განიცადა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში: ესენია ცვლილება საქართველოს ხელისუფლებაში და რუსეთის სამშვიდობო გეგმის ჩაშლა მოლდავეთში. გაზეთი წერს:

"რუსეთი წლების მანძილზე ახდენდა ზეწოლას თავისთვის არც თუ სასურველ პრეზიდენტ შევარდნაძეზე, მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ მას შემდეგ გადადგა, რაც ეს, შეერთებულმა შტატებმაც მოისურვა. ხოლო მოლდავეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა, რომელსაც რუსეთი თავის კაცად მიიჩნევდა, არ მოისურვა, მოსკოვისთვის გადაეცა მშვიდობისმყოფელის დაფნის გვირგვინი... მოსკოვი უთუოდ უკმაყოფილოა: ვიღაცას დასავლეთში რუსეთისთვის არ ემეტება სამშვიდობო ძალისხმევაში წარმატება".

26 ნოემბერს უცხოეთის რამდენიმე გაზეთი უძღვნის სტატიებს საქართველოში "ვარდების რევოლუცს" ლიდერებს. მაგალითად, "ლოს ანჯელეს ტაიმსის" სტატიაში სათაურით "საუცხოო კომბინაცია რევოლუციის მოსაწყობად", ვკითხულობთ:

"დემონსტრაციებზე, რომლებიც არჩევნების გაყალბებას მოჰყვა, სააკაშვილი ემოციურობით გამოირჩეოდა, მაშინ როცა ბურჯანაძე სიმშვიდეს ინარჩუნებდა. სააკაშვილი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა, ბურჯანაძე კი საკმარისად მიიჩნევდა არჩევნების განმეორებით, დარღვევების გარეშე ჩატარებას. ეს იყო უცნაური წყვილი - რომ იტყვიან, თავაზიანი პოლიციელი და უხეში პოლიციელი. ბოლოს სააკაშვილი დემონსტრანტებთან ერთად პარლამენტის შენობაში შეიჭრა, აღჭურვილი ერთადერთი ვარდით... ბურჯანაძემ კი დემონსტრანტებს ორგანიზებული მოქმედებისა და სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა. მომდევნო დღეს შევარდნაძე გადადგა და ქვეყნის ლიდერი დროებით ბურჯანაძე გახდა. მიხეილ სააკაშვილმა და ნინო ბურჯანაძემ ერთად - ათიათასობით დემონსტრანტის დახმარებით - გადააყენეს პრეზიდენტი".

გაზეთ "ფრანკფურტერ რუნდშაუში" მიხეილ სააკაშვილზეა გამახვილებული ყურადღება. სტატიაში, რომლის ავტორია ამჟამად თბილისში მყოფი ჟურნალისტი ფლორიან ჰასელი, ვკითხულობთ:

"ბედის ირონიით, ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლების სათავიდან მაინცდამაინც მიხელ სააკაშვილმა გააგდო - ერთმა უნიჭიერებსმა მის მიერ გამოზრდილი ახალგაზრდა პოლიტიკოსებიდან. შევარდნაძე მრავალი წლის მანძილზე ახერხებდა თავისი მეტოქეების ერთმანეთთან დაპირისპირებას. მაგრამ სულ 35 წლის სააკაშვილმა ხანდაზმულ პრეზიდენატს დაუმტკიცა, რომ იმაზე უფრო მეტი ისწავლა შევარდნაძისაგან, ვიდრე ამ უკანასკნელისათვის იქნებოდა სასურველი. სააკაშვილმა ბრწყინვლედ ორგანიზებული პოლიტიკური კამპანიით შეძლო, საკმარისი რაოდენობის ქართველები გაეყვანა ქუჩებში და შევარდნაძე გადაეყენებინა".
XS
SM
MD
LG