Accessibility links

logo-print

მაჰმადიანები რამადანის დამთავრებას ზეიმობენ


ანდრო ეული, პრაღა დამთავრდა მაჰმადიანთა წმიდა თვე რამადანი, რაც სამდღიანი დღესასწაულით, აიდით აღინიშნება

ესაა მშვიდობისა და პატიების დღესასწაული. მოჰამედ წინასწარმეტყველის მოძღვრების თანახმად, ამ დღესასწაულის დროს, მეჩეთში ლოცვასა და ნაცნობ-მეგობრებთან სტუმრობის პარალელურად, თვითეული მაჰმადიანი ვალდებულია ახალ, ან უკიდურეს შემთხვევაში, სუფთა ტანსაცმელში იყოს გამოწყობილი.


აიდის სამდღიანი ზეიმის პირველი დღე, აიდ ალ-ფიტრი, ერთთვიანი მარხვის, რამადანის დასასრულს აღნიშნავს. რამადანის დროს მაჰმადიანები დღისით მარხულობენ, და მხოლოდ ღამე იღებენ საკვებს. ისლამური კანონი მოუწოდებს მაჰმადიანებს აიდის დღესასწაულის დროს მოინახულონ მეგობრები და მტრებიც, სცადონ ურთიერთობათა გაუმჯობესება, და მიუტევონ სხვებს ყველა წყენა. აიდის დღესასწაული მაშინ იწყება, როცა ცაზე ახალი მთვარე გამოჩნდება. ამდენად, სხვადასხვა რეგიონები და ქვეყნები სხვადასხვა დღეს იწყებენ აიდის დღესასწაულს. ზოგიერთმა მაჰმადიანმა, მაგალითად ლიბიასა და ერაყში მცხოვრებმა სუნიტებმა, ორშაბათს აღნიშნეს აიდ ალ-ფიტრი, მაშინ როცა საუდის არაბეთსა და ავღანეთში ეს მეორე დღეს, 25 ნოემბერს მოხდა. ნაწილმა ოთხშაბათს დაიწყო სამდღიანი ზეიმი, კიდევ სხვებისთვის ეს 27 ნოემბერს მოხდება.

აი როგორ ხსნის ამ სამდღიანი რელიგიური დღესასწაულის მნიშვნელობას ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის თანამშრომელი აბდულ მალიქზადა [აბდულ მალიქზადას ხმა]: "ჩვენთან ავღანეთში, ეს დღესასწაული სამ დღეს გრძელდება, და უწინარესად იმიტომ, რომ ერთ დღეში შეულებლია მოინახულო ყველა ნათესავი, მეგობარი, მეზობელი და მიულოცო მათ დღესასწაული. ამიტომაც გრძელდება ეს რამდენიმე დღეს, ვინაიდან თუ სახლში ეწვევით ნათესავებს, მშობლებს, მეზობლებს, მაშინ მათგან საპასუხო სტუმრობასაც უნდა მოელოდეთ".

ზოგიერთ სახელმწიფოში, მაგალითად ავღანეთში, აიდი რელიგიურ დღესასწაულად რჩება. შედარებით სეკულარულ ქვეყნებში, როგორიც მაგალითად ტაჯიკეთია, ამ დღესასწაულმა უფრო საერთო, სახალხო ზეიმის ხასიათი მიიღო.

საუდის არაბეთსა და თურქეთში ახლახან მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა ჩრდილი მიაყენა წელს მაჰმადიანთა ტრადიციულ დღესასწაულს.
XS
SM
MD
LG