Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონაწერს უცხოეთის პრესაში გამოქვეყნებული სტატიებიდან,




რომლებიც საქართველოში გასული კვირის ბოლოს მომხდარ, ეგრედ წოდებულ, "ხავერდის რევოლუციას" ეხება.
აი რას წერს ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შესახებ გაზეთ "დეილი ტელეგრაფის" მიმომხილველი სიმონ მონტეფიორე:

"საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკაში არნახული წარმატებების შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ ვერ შესძლო ეკონომიკური რეფორმების განხორციელება და კორუფციის აღკვეთა. სიღატაკითა და უმუშევრობით აღშფოთებულ ხალხს მოთმინების ფიალა აღევსო. ბოლოს შევარდნაძემ საბედისწერო ნაბიჯი გადადგა, როცა თავის გუნდს მწვანე შუქი მისცა საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად.

"უკანასკნელად, როცა მას შევხვდი", იგონებს "დეილი ტელეგრაფის" კორესპონდენტი, ბატონ შევარდნაძეს ვუთხარი, "ხალხი უკმაყოფილოა თქვენი მმართველობით, ვინაიდან კორუფციამ ქვეყანაში ეპიდემიური ხასიათი მიიღო, და ვკითხე: რატომ არ გადაგებით?" "მე მოჭადრაკე ვარ და მორიგ სვლას ველოდებიო", მომიგო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. და აი, დღეს, ჭადრაკის ქართველი .
გროსმაისტერი - დაშამათებულია.

გაზეთ "მოსკოუ ტაიმსის" აზრით, ბატონ შევარდნაძის ლიდერობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. გაზეთი წერს:

"მაგრამ მომდევნო წლებში საქართველოს პრეზიდენტი თანდათანობით დაკარგა ქვეყნის მართვის უნარი და ირგვლივ, უაღრესად კორუმპირებული ადამიანები შემოიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა მილიარნახევარი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს განვლილი ათწლეულის მანძილზე, საქართველომ ვერა და ვერ დააღწია თავი პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, ეკონომიკურ სტაგნაციასა და სიღატაკეს. 23 ნოემბერს, როცა იგი გადადგა, მთავობისსაწინააღმდეგო გამოსვლებში უკვე მთელი საქართველო მონაწილეობდა".

"ძნელია იმის დაჯერება, რომ ბატონი ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის კომუნიზმის დამხობასა და ცივი ომის დამთავრებაში, ესოდენ ოლმობელ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკოსად მოგვევლინებოდა დამოუკიდებელ საქართველოში" - წერს სარედაქჭიო სტატიაში თაილანდში გამომავალი გაზეთი "ნეიშენი".

გაზეთ "ინდეპენდენტის" მიმომხილველი იულიან პოპოვი თბილისში 1989 წლის გაზაფხულზე მომხდარ ტრაგედიას იხსენებს. იგი წერს:

"1989 წლის გაზაფხულზე, თბილისის ცენტრში მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილენი, სანთლებით ხელში, მღეროდნენ. საბჭოთა ჯარმა 22 მათგანი დახოცა, ათასობით სხვა- დაიჭრა. ბატონი შევარდნაძე მაშინ საკავშირო პოლიტბიუროს წევრი იყო, მაგრამ უარყო ამ სამხედრო აქციაში ყოველგვარი თანამონაწილეობა, აგრეთვე ისიც, რომ მისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ჯარი ძალას გამოიყენებდა მშვიდობიანი დემონსტრაიის წინააღმდეგ. ხოლო პოლიტბიუროს სხვა წევრებმა თქვეს, რომ შევარდნაძისათვის კარგად იყო ცნობილი, თუ რას აპირებდა ჯარი."

საყურადღებო კომენტარია გამოქვეყნებული გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში". ქართველელი ამაყობენ იმით, რომ ცვლილებები ხელისუფლების სათავეში სისხლისღვრის გარეშე განხორციელდაო", აღნიშნავს გერმანელი ჟურნალისტი მარკუს ვენერი სტატიაში სათაურით "გეოპოლიტიკური მეტოქეები". თუ ვინ არიან ეს მეტოქეები, შემდეგი ციტატიდან ჩანს:

"თბილისს კვლავაც დასავლეთისკენა აქვს აღებული გეზი, მაგრამ დიდია რუსეთის ზეგავლენა. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის გამოკვეთილი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უნდობლობა ისე აშკარად, როგორც საქართველოში. ორივე უჩივის ერთმანეთისაგან პროვოკაციებს, თითქოს ცივი ომი არასოდეს დამთავრებულა. მოსკოვი ბომბავს ობიექტებს საქართველოში. ამერიკის მზვერავი თვითმფრინავები კი რუსეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს დაფრინავენ, თან მაინცდამაინც მაშინ, როცა მოსკოვი "ობიექტურ, სამართლიან" არჩევნებს ატარებს მეზობელ ჩეჩნეთში... ამერიკის ინტერესები რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. საქართველო განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის, ვინაიდან ხელისუფლება სუსტია და ქვეყანაში ბევრია გაუკონტროლებელი რაიონი და სეპარატისტული რეგიონი, სადაც ორგანიზებული დამნაშავეობა ჰყვავის. საქართველოში ასპარეზი აქვს მიცემული ახალ საფრთხეებს: ტერორიზმს, ნარკოტიკების, იარაღის, ბირთვული მასალის კონტრაბანდას".
XS
SM
MD
LG