Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოუტანს ხორვატიას 23 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები?


ანდრო ეული, პრაღა როცა 23 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა გაიმარჯვა,

ბევრს აღეძრა იმის შიში, რომ ქვეყანაში ნაციონალიზმის აღზევებაა მოსალოდნელი. ხოლო ხსენებული პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ამგვარი შიში უსაფუძვლოა, და რომ ხორვატიის დემოკრატიული კავშირი რადიკალურად შეცვლილია დღეს.

ის, რომ ხორვატიის დემოკრატიული კავშირი დღეს რადიკალურადაა მართლაცდა შეცვლილი, ამ ორი დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა დაადასტურა. ყოფილი პრეზიდენტის ფრანიო ტუჯმანის მიერ დაარსებულმა ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია 23 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში.

ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხორვატიის ახალ მთავრობას, რომელშიც დემოკრატიული კავშირი იქნება უმრავლესობით წარმოდგენილი, შეაფასებენ მისი მოღვაწეობის, და არა სიტყვიერი დაპირებების მიხედვით.
"ჩვენთვის მთავარი იქნება ახალი მთავრობის კონკრეტული ნამოქმედარი, და არა პროგრამები და განცხადებები" -
განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა დიეგო დე ოხედამ.

ხორვატიის დემოკრატიულ კავშირს, წლების მანძილზე, მისი დამაარსებელი, ყოფილი პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი ხელმძღვანელობდა. ამ პარტიის ლიდერობით მოიპოვა ხორვატიამ 1991 წელს დამოუკიდებლობა, მაგრამ არსებითად შეილახა პარტიის ავტორიტეტი მონაწილეობისთვის იმ სისხლისღვრაში, იუგოსლავიის ფედერაციის დაშლის შემდეგ რომ მოხდა ბალკანეთში.

ხორვატიის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ივო სანადერმა როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე მის შემდეგაც არაერთგზის განაცხადა, რომ პარტიამ ზურგი შეაქცია თავის ნაციონალისტურ წარსულს და დღეს, გერმანიის ქრიტიანულ-დემოკრატიული კავშირის მსგავსად, თანამედროვე, ტრადიციული კონსერვატიული პარტიაა.
[ივო სანადერის ხმა]: "ჩვენი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკაში, რაღა თქმა უნდა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, აგრეთვე ჩვენს მეზობლებთან ყველა საკამათო საკითხის მოგვარება იქნება. ჩვენი სურვილია ამასთანავე, რომ ევროპამ კონკრეტული პოზიცია დაიკავოს ჩვენი აღმოსავლელი მეზობლების მიმართ და ანგარიში გაუწიოს მათს ნება-სურვილს".

მაგრამ ცალკეულ პოლიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ
ხორვატიის დემოკრატიული კავშირი მართლაცდა გარდაიქმნა. როგორც ზაგრებელი პოლიტიკური მიმომხილველი ტომისლავ იაკიჩი აღნიშნავს, ხსენებულ პარტიაში ნამდვილად მოხდა გარდაქმნები, თუმცა ეს, პირველ რიგში, პარტიის ხელმძღვანელობას ეხება და არა რიგით წევრებს.

ხოლო ლონდონში დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის ცნობის თანახმად, არჩევნებამდე, ხორვატიის დემოკრატიულ კავშირს ფაქტობრივად ორი კამპანია ჰქონდა გაჩაღებული: პირველი, ხელმძღვანელობის დონეზე, პარტიის ახალ იმჯზე აკეთებდა აქცენტს. რაც შეეხება ადგილობრივ დონეს, უმეტესწილად პროვინციებში, პარტიას სულ სხვა კამპანია ჰქონდა გაჩაღებული, და ხშირად, ტრადიციული ნაციონალისტური ლოზუნგებით გამოდიოდა.

ხორვატიის დემოკრატიული კავშირის ლიდერმა ივო სანადერმა განაცხადა, რომ ყოველმხრივ ითანამშრომლებს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალთან, თუმცა 23 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, იმავე სანადერმა თქვა: "ვისურვებდი, რომ ჰააგის ტრიბუნალმა სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ ხორვატიელთა მხოლოდ ზოგიერთი, "პოლიტიზირებული" საქმე გაარჩიოსო".
XS
SM
MD
LG