Accessibility links

logo-print

"გაერთიანებული დემოკრატები" ძირითად სახელმწიფო პოსტებს იკავებენ


საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც სულ რაღაც ერთი დღის განმავლობაში იყო ვაკანტური, ხუთშაბათს გამარჯვებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ დაიკავა, პარლამენტის ერთსულოვანი მხარდაჭერით.


შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრის სავარძლებიც "გაერთიანებული დემოკრატების" წევრებს - გია ბარამიძესა და ზურაბ ნოღაიდელს ერგოთ. "ეს იქნება მთავრობა, რომელმაც სახანძრო რაზმის რეჟიმში უნდა იმუშაოს და ჩააქროს სოციალური მღელვარების ყველა ის კერა, რაც ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისმა წაროშვა," განაცხადა ახალმა სახელმწიფო მინისტრმა. პირველ მღელვარების კერასთან შეტაკება გარდამავალ ხელისუფლებას 27 ნოემბერს უნივერსიტეტის წინ მოუხდა.

ექს-პარლამენტის სპიკერი ზურაბ ჟვანია, რომელსაც ბევრი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს უწინასწარმეტყველებდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სავარძელს, "ხავერდოვანმა რევოლუციამ" სულ რაღაც ოთხ დღეში მთავრობის პირველ პირად აქცია. პარლამენტის 27 ნოემბრის სხდომამ ზურაბ ჟვანია ერთსულოვნად დაამტკიცა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩააბარა იმ ქვეყნის მინისტრთა გუნდის მართვა, სადაც 200 მილიონი ლარით არის გარღვეული ბიუჯეტი, ცარიელია ხაზინა, ცოცავს ეროვნული ვალუტის კურსი და დაგროვებულია უამრავი ფეთქებადსაშიში სოციალური პრობლემა. ზურაბ ჟვანიამ თავის საპროგრამო სიტყვაში განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით მთავრობას, რომელიც ხუთშაბათსვე მისი თანაგუნდელი ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრებით დაკომპლექტდა, მოუწევს იმ ხანძრის ჩაქრობა, რომელიც აგიზგიზებულია ქვეყანაში. ამ პრობლემების მოგვარებისთვის ხელისუფლება არ აპირებს გადაუხვიოს დემოკრატიის და დაადგეს რეპრესიების გზას, რასაც ოპონენტები უსაყვედურებენ. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს დესტაბილიზაციას და უმკაცრესად აღკვეთს რევანშის ნებისმიერ მცდელობას.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "დღეს ჯერ კიდევ ვიკავებ თავს დავასახელო ამ ადამიანების სახელები და გვარები, თუმცა, თუ ისინი გონს არ მოეგებიან, შემდეგ არა პარლამენტში და არა ამ დარბაზში იქნება დასახელებული ამ ადამიანების ვინაობა. ნურავის ნუ შეექმნება ილუზია, რომ ჩვენი მცდელობა, რომ მშვიდობიანი სულისკვეთებით გავაგრძელოთ პროცესი, ნიშნავს უსუსურობას და ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევეგუებით ქვეყანაში ვითარების არევის მცდელობას."

თავის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ახალმა სახელმწიფო მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის მოწესრიგება და სანიმუშო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დაასახელა. ნიშანდობლივია, რომ მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანია პარლამენტის წევრებს მთავრობის სამოქმედო გეგმას აცნობდა, გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში იმყოფებოდა, რათა ჩაეცხრო ის მღელვარება, რაც რექტორ როინ მეტრეველის თანამდებობიდან გადადგომას მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა ხელშეუხებელია და ხელისუფლების მხრიდან უნივერსიტეტის მართვის საკითხებში ჩარევა ყოვლად დაუშვებელია.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ეს ავტონომია ნიშნავს, რომ მხოლოდ უნივერსიტეტი წყვეტს ვინ იყოს მათი რექტორი, ვინ იყოს მისი სამეცნიერო საბჭო. მხოლოდ სტუდენტებს აქვთ უფლება, განსაზღვრონ სასწავლო პროცესი. ერთადერთი, რაც მე შემიძლია დაგპირდეთ, არის ის, რომ განათლება საქართველოში სამ-ოთხჯერ მეტად იყოს დაფინანსებული."

ამ შეხვედრით მიხეილ სააკაშვილმა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, ფაქტობრივად, დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა მთელი ორი კვირის განმავლობაში, როდესაც "ხავერდოვანი რევოლუციის" ერთ-ერთ აქტიურ შემოქმედს სტუდენტებმა გამოსვლა მოკლე ხნით საპროტესტო შეძახილებით შეაწყვეტინეს.
XS
SM
MD
LG