Accessibility links

logo-print

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ საქართველოს გახლეჩას მხარი არ დაუჭირა


პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, გარდამავალი ხელისუფლების სოლიდარობის ნიშნად, საქართველოში რამდენიმე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურა ჩავიდა.




რუსეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა რწმუნებული ნორბერტ ბაასი ხუთშაბათს, 27 ნოემბერს, ოთხდღიანი ვიზიტით ეწვია თბილისს. თბილისში იმყოფება ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ნატოს კომიტეტის პრეზიდენტი ბრიუს ჯექსონი, რომელმაც ჯერ კიდევ ოქტომბერში შემდგარი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ პოლიტბიუროს თაობის ლიდერები აქტიური პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ. უახლოესი ერთი კვირის ფარგლებში შედგება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის ვიზიტიც. ცნობილი დასავლელი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, გასაგები მიზეზების გამო, თბილისის ნაცვლად მოსკოვს მიაშურეს აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების ლიდერებმა. კონსულტაციები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 28 ივნისის დღის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. მოგვიანებით კი რუსეთის საგარეო უწყების განსაკუთრებულ საქმეთა ელჩმა ლევ მირონოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ავტონომიების პრობლემებზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.

ჯერ კიდევ 27 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კაბინეტებში მიმდინარე დახურულ კარს მიღმა საუბრების გასაიდუმლოებული დეტალებიდან, არაოფიციალურად, ერთი და ძირითადი გახმაურდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი ქართული ავტონომიების მიმართ ეგრეთ წოდებული "დროებითი პროტექტორატის" რეჟიმის ამოქმედებას გეგმავს. პროტექტორატის სუბიექტებად სახელდებიან საქართველოს ის ავტონომიები, რომლებიც თავს სახელმწიფო წარმონაქმნებად განიხილავენ და, საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან სამხედრო ზეწოლის შიშით, გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნას აცხადებენ, რასაკვირველია, რუსეთის ფედერაციის იმედით. რუსი ჟურნალისტები და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მოსკოვის დროებითი პროტექტორატის გამოცხადებით, რუსეთი საერთაშორისო სკანდალის ობიექტი გახდეს. თუმცა, ამავე დროს, აღიარებენ იმასაც, რომ, საერთაშორისო სამართლის ნორმები რომ არა, მოსკოვი საქართველოს ავტონომიების რუსეთთთან ასოცირების საკითხს აქამდეც დაუსვამდა წერტილს. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილება. სათათბირომ უარი თქვა განეხილა პალატის დადგენილების პროექტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღების შესახებ. ამ წინადადებას მხარი მხოლოდ 95 დეპუტატმა დაუჭირა მაშინ, როცა მინიმუმ 226 ხმა იყო საჭირო. პლენარული სხდომის დღის წესრიგში საკითხი შევიდა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ლიდერის ალექსეი მიტროფანოვის ინიციატივით.

28 ნოემბერსვე რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს სერგეი მირონოვს წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. პრეზიდენტმა ფედერაციის საბჭოში შეიტანა წინადადება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ვადის გაგრძელების თაობაზე.
28 ნოემბერსვე ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებები საქართველოს ავტონომიების პრობლემებზე შეჩერებულია. ნიშნავს თუ არა ეს იმასაც, რომ აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთის პირველმა პირებმა მოსკოვი უნდა დატოვონ, ჯერჯერობით უცნობია. მოლაპარაკებები კი, უდავოდ, ნაყოფიერი იყო თუნდაც იმით, რომ ავტონომიებმა რუსეთის თანადგომის გარანტიები უმაღლესი რანგის რუსი პოლიტიკოსებისაგან მიიღეს.
რუსეთი საქართველოზე ზეწოლის ბერკეტებს მომავალშიც აქტიურად აამოქმედებს. რაც შეეხება საქართველოს ავტონომიების ლიდერთა მოსკოვურ ვოიაჟებზე თბილისის გამოხმაურებას, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დროებითმა ხელისუფლებამ, ძირითადად, რუსეთ-აჭარას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ წარმოებული დიალოგი გააპროტესტა. ნინო ბურჯანაძის თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივება და გაუქმება სრულიად საქართველოსთან იქნებოდა უპრიანი და არა მხოლოდ აჭარასთან.
XS
SM
MD
LG